Facebook Twitter

საქმე №ას-1033-2018 30 oqtomberi, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ბ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ვ.ჭ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.ჭ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, დაევალა სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა: სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და სახელმწიფო ბაჟის 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

5. აპელანტმა, 2018 წლის 12 თებერვალს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, მას საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით.

7. აპელანტის წარმომადგენელმა, 2018 წლის 27 თებერვალს, კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დამატებით - 5 დღით გაგრძელება მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, ხარვეზის შევსების მიზნით, მხარეს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

9. აპელანტის წარმომადგენელმა, 2018 წლის 16 აპრილს, კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა იმავე წლის 24 აპრილის ჩათვლით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, ხარვეზის შევსების მიზნით, მხარეს საპროცესო ვადაკვლავ 5 დღით გაუგრძელდა.

11. აპელანტის წარმომადგენელმა, 2018 წლის 22 მაისს, შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მისი მარწმუნებლის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის გადავადება.

12. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისს განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლოს შეფასებით, აპელანტს სამჯერ გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა, მხარეს ხარვეზი სრულად (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში) არ გამოუსწორებია. ამასთან, აპელანტმა მეოთხედ წარდგენილ განცხადებაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოტივად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მიუთითა, თუმცა, კონკრეტული მტკიცებულება არ წარუდგენია.

13. სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 18 დეკემბრიდან დასაშვებობის ეტაპზეა, განმარტა, რომ მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, ან სათანადო მტკიცებულებების წარდგენისათვის, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც არ განუხორციელებია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მხარის შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე პროცესის გაჭიანურების მცდელობად მიიჩნია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

14. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადავადება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის ალეტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსახვებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისიწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია უწყება კანონით დადგენილი წესით ადრესატისათვის ჩაბარებულად, რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ.

19. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, მისივე არაერთი შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არაერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა, ამის მიუხედავად, აპელანტს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და არც რაიმე სარწმუნოდ დადასტურებული შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოსათვის არც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ან მტკიცებულება წარუდგენია.

20. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

21. სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

22. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო არ არის მხარის სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, კანონიერია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

23. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა, უფლებებთან ერთად, მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა, შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას, ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ # ას- 194-194-2018, 18.05.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ-ებს: # ას-1187-1107-2017, 22.01.2018წ; #ას-1208-1128-2017, 09.03.2018წ.).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე