12 ნოემბერი, 2018 წელი,
№ას-1447-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ა. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ა.(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.ა–ის სარჩელი ს.ა–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა 2013 წლის 12 მარტის #130232227 ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს გარდაბანში, ..... (ს/კ ......) მესაკუთრედ ცნობას, არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ს.ა–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს გარდაბანში, ...... (ს/კ .......), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის ხ.კ–ის შუამდგომლობა სასამართლო ხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ.ა–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უკანონოა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 25 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
6. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ამავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დდგენილ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარე კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს ამავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა. სსსკ-ის მე-60-ე 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 10 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 12 ოქტომბერს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა