Facebook Twitter

საქმე №ას-1317-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ლ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ქ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ქ–ას სარჩელი მ.ლ–ას მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხე ნ.ქ–ას უკანონო მფლობელობიდან ნ.ქ–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომელიც მდებარეობს ქ. ხობში, ..... ბინა #59-ში, (ს/კ ...........) მ.ლ–ას მის შვილებთან ერთად გამოსახლებას, უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემას, მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფის აკრძალვასა და აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, დანარჩენ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უძრავი ქონებიდან (ს/კ ......) მ.ლ–ას გამოსახლების ნაწილში. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება უძრავი ქონებიდან (ს/კ ......) მ.ლ–ას შვილების გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

4. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 11 სექტემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდაოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ ფაქტობრივად შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მან გადაიხადა უძრავი ქონების ღირებულება, ჩაატარა რემონტი და გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავსუფლებაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2018 წლის 1 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.

7. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 1 ოქტომბერს კასატორს სატელეფონო შეტყობინებით ეცობა.

8.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 2 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 8 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

8.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

8.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ლ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა