საქმე №ას-1404-2018 15 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ-ი“
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ფ.“, შპს „ო.“ (კრედიტორები)
მოვალე – შპს „ჯ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ფ-მა“ და შპს „ო-მ“ (შემდგომში „კრედიტორები“) განცხადებით მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის საფუძვლით მოვალე შპს „ჯ-ის“ (შემდგომში „მოვალე“) მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით შპს „ფ-ისა“ და შპს „ო-ს“ განცხადება მოვალე შპს „ჯ-ის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში; მოვალე შპს „ჯ-ის“ მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს შპს „ჯ-მა“, შპს „ჯ-ის“ პარტნიორებმა დ. ა-ემ და ლ. ა-ემ და სს „თ-მა“ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „ჯ-ის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ჯ-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს „ჯ-ის“ გადახდისუუნარობის საქმის შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი სპეციალური საპროცესო ნორმები. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. ამავე კანონის მე-9 და მე-10 მუხლების თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას გამოიტანს 14 დღის ვადაში. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ჯ-ის“, შპს „ჯ-ის“ პარტნიორების დ. ა-ის და ლ. ა-ის და სს „თ-ის“ კერძო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო განჩინება, ამასთან, ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების გამოტანიდან 5 დღის ვადაში.
ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის კანონიერებაზე უნდა ემსჯელა იმ სასამართლოს (მოცემულ შემთხვევაში, საააპელაციო სასამართლოს), რომელმაც მიიღო აღნიშნული განჩინება და პირდაპირი წესით არ უნდა გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს აღნიშნული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საქართველოს უზენაესი სასამართლო არ მიიჩნევს გამართლებულად კერძო საჩივრის განხილვის მიზნით საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინების კანონიერებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. გამომდინარე აქედან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2018 წლის 3 სექტემბერს მიღებული განჩინება წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის განჩინებაც არ საჩივრდება და რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 374-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბერის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ჯ-ს“ (ს/კ: 4-) დაუბრუნდეს რ. ც-ის მიერ 2018 წლის 4 სექტემბერს №6- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური