საქმე №ას-961-896-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. და მ. ფ–ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ნ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. და მ. ფ–ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, პირველი აპელანტები, კასატორები, მსესხებლები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ნ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ და მოითხოვეს ნოტარიუს ლ. გ–ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს გაცემულ #150567646 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და გ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 0.3%-დან შემცირდეს 0.1%-მდე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან _ 2014 წლის 14 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში _ 2015 წლის 14 იანვრამდე და განისაზღვროს 566.4 აშშ დოლარით; მ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 0.3%-დან შემცირდეს 0.1%-მდე. პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან _ 2014 წლის 14 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში _ 2015 წლის 14 იანვრამდე და განისაზღვროს 566.4 აშშ დოლარით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 14 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ. ფ–მა მოპასუხისაგან ერთი თვის ვადით ისესხა 18 000 აშშ დოლარი, 2.5% სარგებლის გადახდის პირობით. ანალოგიური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მ. ფ–მა, ერთი თვის ვადით, ისესხა 18 000 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო განისაზღვრა გრაფიკით შესატანი თანხის 2%-ით და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მიუღებელი სარგებლისა და დარჩენილი ძირითადი თანხის ჯამის _ 0.3 %-ით. სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მოსარჩელეებმა სესხის გადახდა ვერ შეძლეს, რის გამოც 2015 წლის 2 ივნისს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა _ 18 000 აშშ დოლარი, სარგებელი _ 443,84აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 6 886,65აშშ დოლარი. მოთხოვილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ამასთან, მოპასუხე ვალდებული იყო, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების დარღვევისთანავე დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ხელშეკრულება, რადგანაც ცხადი იყო, რომ მსესხებლები თანხას ვერ იხდიდნენ. მსესხებლებისაგან მეტი სარგებლის მიღების მიზნით მან გააჭიანურა სააღსრულებო ფურცლის აღება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების შესრულების წესი, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია რომ არასწორად იქნა სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული თანხები დაუსაბუთებელია. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კრედიტორი ცდილობდა, მხარესთან ვალდებულების შესრულება მოეხდინა ალტერნატიული გზით და თავიდან აერიდებინა ქონების რეალიზაცია. როდესაც მოთხოვნის დაკმაყოფილება სხვა გზით შეუძლებელი გახდა, მხოლოდ მაშინ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის აღება და მისი იძულებით აღსრულება. სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და შეესაბამება მხარეთა მოთხოვნებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა ნოტარიუს ლ. გ–ის მიერ 2015 წლის 2 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ პირგასამტეხლოს სახით გ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 0.3%-დან შემცირდა 0.1%-მდე. გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 6 586,65 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 195,2 აშშ დოლარით. ასევე შემცირდა პირგასამტეხლოს თაობაზე გ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, კერძოდ, იგი 0.3%-დან შემცირდა 0.1%-მდე და გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 6 586,65 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 2 195,2 აშშ დოლარით, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა პროცესის ხარჯები.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოვალეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „ნ-სა“ და მ. ფ–ს შორის დაიდო #1.. საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა მსესხებელს ერთი თვით საკუთრებაში გადასცა 18 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით კრედიტის გამოყოფაზე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო _ 18 000 აშშ დოლარის 2.5%. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა გადასახდელი თანხის 2%-ს. ამასთან, ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაერიცხებოდა მიუღებელი სარგებლისა და დარჩენილი ძირითადი თანხის ჯამის შესაბამისად 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე;
1.2.2. 2014 წლის 14 ნოემბერს მოპასუხესა და გ. ფ–ს შორის დაიდო #111413966 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა მოსარჩელეს ერთი თვის ვადით საკუთრებაში გადასცა თანხა 18 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით კრედიტის გამოყოფაზე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო _ 18 000 აშშ დოლარის 2.5%. მხარეები ასევე, შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა გადასახდელი თანხის 2%-ს. ამასთან, ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაერიცხებოდა მიუღებელი სარგებლისა და დარჩენილი ძირი თანხის ჯამს 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე;
1.2.3. მოსარჩელეებთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლების კუთვნილი უძრავი ქონება;
1.2.4. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მიემართა ნოტარიუსისათვის და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისათვის მოეთხოვა სააღსრულებო ფურცელი;
1.2.5. მსესხებლებმა არ შეასრულეს საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც, 2015 წლის 2 ივნისს, კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ნოტარიუსს;
1.2.6. 2015 წლის 2 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით მოვალე გ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა _ 18 000 დოლარი, მიუღებელი სარგებელი _ 443,84 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 6 586,65 აშშ დოლარი; მ. ფ–ის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა კი: სესხის ძირი თანხით _ 18 000 დოლარით, მიუღებელი სარგებლით _ 443,84 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოთი _ 6 586,65 აშშ დოლარით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, გაუქმებულიყო სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ თითოეული მოვალისათვის სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს სახით 2 195,20 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. აღნიშნული მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების პირობების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რადგანაც 2014 წლის 14 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებების 3.5 პუნქტის მიხედვით, მისი მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ თვეს. „ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი პირნათლად ასრულებს შუალედურ ვალდებულებებს (იხდის სარგებელს და ჯარიმის შემთხვევაში - დარიცხულ ჯარიმას), კრედიტორი იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულება გაგრძელდეს იმავე ვადით და იმავე პირობებით“. იმავე ხელშეკრულებების 4.10 პუნქტის მიხედვით: „გამსესხებელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. სესხის მოთხოვნა მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გადახდისუუნარობა გამსესხებლისათვის თავიდანვე იყო ცნობილი, ისინი ვერანაირ თანხას ვერ გადაიხდიდნენ, რადგან მათ მოპასუხისაგან აღებული სესხით გადაფარეს ძველი პრობლემური ვალდებულება, რომელზედაც სასამართლო დავაც კი ჰქონდათ გამსესხებელთან. საყურადღებოა ის გარემოება, რომ გამსესხებელმა მოსარჩელეებთან დადო მხოლოდ ერთთვიანი ხელშეკრულებები და მათ უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მსესხებლების ათჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება.
1.4.2. მოპასუხე, მსესხებლების ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებების 4.10 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო აღარ გაეგრძელებინა სესხის ხელშეკრულებები და მიემართა ნოტარიუსისათვის იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, თუმცა მან ეს განზრახ არ გააკეთა, რადგან უფრო მეტი სარგებელი მიეღო მოსარჩელეებისაგან მათი უძრავი ქონების გაყიდვით, რაც სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ვადის ამოწურვისთანავე ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენდა მხარის უფლებას, არ გამომდინარეობს ხელშეკრულებებისა და კანონის მოთხოვნებიდან, რადგან ხელშეკრულებების მოქმედების ვადის 6 თვემდე გაგრძელებამ, რაც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხელყო და ზიანი მიაყენა მოვალეთა სამართლებრივ სიკეთეს.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების ზემოხსენებულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:
1.5.1. კასატორთა პრეტენზია, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, უკავშირდება გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების გაგრძელების ფაქტს, რასაც მოვალეები მიიჩნევენ არამართლზომიერად და ამ გზით სურთ, კრედიტორის ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებად წარმოაჩინონ, სწორედ ამას უკავშირებს მხარე პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ხელშეკრულების ვადის გასვლას (მას სურს პირგასამტეხლო განისაზღვროს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ერთთვიანი პერიოდით იხ. სარჩელი). საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა ამ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილის მიმართ ვრცელდება ზოგადი ნაწილის ყველა ის დებულება, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის პრიორიტეტი ენიჭება ზოგადი ნაწილის დებულებებს იმ შემთხვევაშიც, თუ კერძო ნაწილი ურთიერთობის დისპოზიციურ მოწესრიგებას ადგენს. დისპოზიციურ დებულებათა რიცხვს ეკუთვნის სწორედ სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლი, რომელშიც საუბარია გამსესხებლის უფლებაზე, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გამო, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხი მხარეებმა ხელშეკრულების არსებით პირობად აქციეს, ანუ ეს დებულება, სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლინებაა. ხელშეკრულების ამ პირობის ნამდვილობა სადავოდ არ გამხდარა წინამდებარე დავის ფარგლებში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მას უფლების (და არა ვალდებულების) რანგში განიხილავს. რაც შეეხება უფლების ბოროტად გამოყენების საკითხს, საკასაციო პალატის შეფასებით, მისი დადგომისათვის სავალდებულოა სახეზე იყოს კრედიტორის იმგვარი ქმედება, რომელიც სხვა პირისათვის მხოლოდ ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად (სსსკ-ის 115-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის მხარე საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის სამეწარმეო საქმიანობის საგანს სარგებლიანი სესხის გაცემა და ამ გზით შემოსავლის მიღება წარმოადგენს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მას საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას არ დაურღვევია კეთილსინდისიერების სტანდარტი. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. იპოთეკის, როგორც სანივთო გარიგების მიმართ ასევე მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა სანივთო რეგულაციათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ არ ხდიან იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობას, რაც ასევე თავისუფალი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა და მათ ამ გზით შეეძლოთ სანივთო გარიგების დადებისას განესაზღვრათ უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლები. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა: ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს თვით იპოთეკის ნორმატიული ბუნებიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანამდევი მოთხოვნები, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურება, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს იპოთეკიდან, თუ მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა და იპოთეკის შინაარსი ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების მიქცევას სხვა ხარჯებზე, როგორიცაა აღსრულებისა და სასამართლო ხარჯები, ამაზე პასუხს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში ხარჯები, ხოლო შემდეგ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. მოცემული ნორმის ანალიზიდან ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები იფარება სასამართლო და სააღსრულებო ხარჯების დაფარვის შემდეგ, ხოლო თუ მხარეებმა გარიგებაში მიუთითეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, მოთხოვნა იფარება მხოლოდ ამ ოდენობის გათვალისწინებით (იხ. სუსგ №ას-285-269-2011, 3 ოქტომბერი, 2011 წელი). რაც შეეხება პირგასამტეხლოს შესაბამისობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი 0,3%-დან შეამცირა 0,1%-მდე, რაც საკასაციო პალატის დასკვნით, გონივრულია და შეესაბამება, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მოთხოვნებს, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორ განმარტებას, შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგაროვან პრაქტიკას (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გ-- ფ-----–---–ის მიერ 10.07.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 526 ლარის 70% _ 368,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და მ. ფ–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს გ. ფ–სა (პ/#3-) და მ. ფ–ს (პ/#3-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ გ. ფ-ის მიერ 10.07.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 526 ლარის 70% _ 368,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი