Facebook Twitter

საქმე №ას-1267-1187-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ც. მ-ი, ბ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ე. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. მ-ისა და ბ. ბ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ტყიბულის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #3-, შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ქონების მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 25 იანვარს საჯარო აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება და საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა ამავე წლის 29 იანვარს. საკუთრების რეგისტრაციიდან მოყოლებული მესაკუთრემ არაერთხელ მიმართა ქონების ყოფილ მესაკუთრეებს _ მოპასუხეებს მფლობელობის შეწყვეტისა და ქონების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა _ უშედეგოდ. 2016 წლის 23 სექტემბერს მოსარჩელემ მფლობელებს წერილობითი გაფრთხილებაც გაუგზავნა, რასაც ასევე არ მოჰყოლია შედეგი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ც.მ---მა შვილის ქორწილისათვის მოსარჩელისაგან ისესხა 3 000 აშშ დოლარი 2012 წლის 15 ნოემბერს. ქორწილის წინა დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მისი შვილი და რძალი მოყვნენ ავტოავარიაში და მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მოპასუხის ოჯახი აღმოჩნდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, შვილის მკურნალობისათვის გაყიდა ყველაფერი რაც გააჩნდა. მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, მსესხებელმა მოსარჩელეს გადაუხადა 900 აშშ დოლარი და დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 2 100 აშშ დოლარს. გამსესხებელმა, რომელიც მოპასუხის ოჯახის ახლობელია, იცოდა მათი მძიმე მდგომარეობა, თუმცა, არ ისურვა მოლაპარაკება დავალიანების ნაწილ-ნაწილ გადახდაზე. ც.მ---მა (რომელიც ამავდროულად მეორე მოპასუხის დროებითი მხარდამჭერია) საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ტყიბულის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 3-) მესაკუთრეა მოსარჩელე;

1.2.2. სადავო ქონებას ფლობენ მოპასუხეები;

1.2.3. მესაკუთრემ მფლობელებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი და მოსთხოვა, 5 დღის ვადაში დაეცალათ სახლი და დაეტოვებინათ მისი კუთვნილი უძრავი ქონება;

1.2.4. ბ. ბ-ის დროებით მხრდამჭერად დაინიშნა დედა _ ც. მ-ი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლითა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საცხოვრებელი სახლის ღირებულება, რომლის შესახებაც მიმდინარეობს დავა, და თავდაპირველად კასატორების საკუთრება იყო, შეადგენს 17 000 აშშ დოლარს. ამჟამინდელმა მესაკუთრემ ქონება 2 100 აშშ დოლარის ვალის სანაცვლოდ უკანონოდ მიითვისა, შესაბამისად, შეუძლებელია მსჯელობა იმ პირის კანონიერი უფლებების დაცვაზე, რომელმაც საკუთრების უფლება მოიპოვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირი და არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი შედავებული არ არის კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად, რადგანაც ქონების აუქციონზე განკარგვის შედეგად მათ დაკარგეს ნივთთან სამართლებრივი კავშირი, რის გამოც უკანონოდ ფლობენ მას. რაც შეეხება საკუთრების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით გამოთქმულ საკასაციო შედავებებს, პალატა უარყოფს მათ მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, ასევე, უფლების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით შეგებებული სარჩელი არ არის აღძრული, უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის წესით საქმის მომზადების ეტაზე მოპასუხემ/მისმა დროებითმა მხარდამჭერმა ცნო სარჩელი (სსსკ-ის 3.2. და 208.3. მუხლები).

1.5.2. საკასაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს მოსარჩელეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ვრცელდება რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ, რომლის უფლებებსაც თავად ლახავენ კასატორები ქონების უკანონო ფლობით.

1.5.3. კასატორთა მითითება საერთაშორისო სამართლის ნორმებზე მოთხოვნის წარმატებას ვერ განაპირობებს, რადგანაც გაურკვეველია, რა სურთ მხარეებს ამ ნორმათა დებულებებზე დაყრდნობით, ფაქტობრივ პრეტენზიას კი, საერთაშორისო სამართლის ზემოხსენებული დანაწესებით გარანტირებული უფლებების დარღვევის თაობაზე საკასაციო საჩივარი არ შეიცავს და იგი არც საქმის მასალებით არ დგინდება.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის სსიპ „ქუთაისის ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ ბ. ბ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა #IV-100/ა).

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებული მტკიცებულების საქმისათვის დართვის საფუძველი, შესაბამისად, მის წარმომდგენს უნდა დაუბრუნდეს იგი 1 (ერთი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. მ-ისა და ბ. ბ-ის (მხარდამჭერი ც.მ-ი) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული ცნობა ბ. ბ-ის განმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტცია ფორმა #IV-100/ა. ს.ფ. 153).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი