Facebook Twitter

საქმე №ას-984-916-2017 10 ნოემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – რ. ხ–ი, დ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ვ. ხ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჯ-ის, რ. და ვ. ხ–ების (შემდგომში _ მოპასუხეები, მფლობელები, აპელანტები, დ.ჯ-ი და რ.ხ–ი ტექსტში ასევე წოდებული, როგორც კასატორები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი, ქ.თბილისში, ც-------–ის ქ#48-50-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #0-) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 22 იანვარს მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა სადავო უძრავი ქონება და მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სადავო ნივთს დღემდე ფლობენ მისი წინა მესაკუთრეები _ მოპასუხეები, რომლებსაც არ გააჩნიათ ქონების ფლობის უფლება, ხოლო მესაკუთრე ვერ სარგებლობს კუთვნილი უძრავი ნივთით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ქონება, მოსარჩელის მიერ მის შესყიდვამდე, ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი გ. ხ–ის სახელზე, რომელთანაც მოსარჩელემ, ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, მოტყუებით გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება. ამ ფაქტს ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა _ 5%. მოტყუების ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებაზე გ.ხ–ს ხელი არ აქვს მოწერილი. ამდენად, მოსარჩელეს არ გააჩნია უფლება, მოითხოვოს ქონების გამოთხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ.ჯ-მა და რ.ხ–მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრში, შესაბამისად, საკუთრების თაობაზე რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. მოპასუხეები ამ ჩანაწერს, ასევე, მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტს დადგენილი წესით არ შედავებიან;

1.2.2. აპელანტები უძრავი ქონების ფლობის ფაქტს სადავოდ არ ხდიან, თუმცა ვერ ადასტურებენ იმას, რომ წარმოადგენენ საცხოვრებელი სახლის მართლზომიერ მფლობელებს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. პალატამ ყურადღება არ გაამახვილა კასატორების მხრიდან ქონების ფლობის მართლზომიერებაზე, რამდენადაც დღევანდელი მესაკუთრისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ქონების შეძენისას მასში ცხოვრობდნენ მოპასუხეები, გარდა ამისა, პალატამ ყურადღება არც იმ საკითხზე გაამახვილა, რომ ამ მისამართზე მდებარეობს ორი სახლი.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურეს მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტი კი, შედავებული არ არის კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორთა უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. ასეთად მოპასუხეთა მფლობელობას ვერც ის გარემოება აქცევს, რომ ნივთის შეძენისას მოსარჩელემ იცოდა, რომ მას მოპასუხეები ფლობდნენ. რაც შეეხება კასატორთა შედავებას, რომ ქონება არ არის გამიჯნული, პალატა მას ვერ გაიზიარებს და საქმეში არსებულ საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელეს ინდივიდუალურ საკუთრებაში აქვს კონკრეტული საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი.

1.5.2. საკასაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება აღრიცხული აქვს მოსარჩელეს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, ისე _ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის დაცვითი ფუნქცია ვრცელდება რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ, რომლის უფლებებსაც თავად ლახავენ კასატორები ქონების უკანონო ფლობით.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ დ. ჯ-ის მიერ 09.10.2017წ. #14341992) საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ხ–ისა და დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: რ. ხ–სა (პ/#0-) და დ. ჯ-ს (პ/#0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ დ. ჯ-ის მიერ 09.10.2017წ. #14341992) საგადახდო დავალებით სახლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი