საქმე №ას-930-870-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ-ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ჩ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) მიმართ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #277 ხელშეკრულების (შემდგომოში _ სადავო ხელშეკრულება) 3.1. პუნქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მომსახურების ღირებულების _ 8 130,13 ლარის, პირგასამტეხლოს _ 2 287,98 ლარისა და მიყენებული ზიანის _ 139,56 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #277 ხელშეკრულება, რომლის ობიექტს უმწეოთა კვების მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება _ 79 897 ლარით. 2016 წლის 31 მაისს მენარდემ მოპასუხეს წარუდგინა მაისის მომსახურების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და სასაქონლო ზედნადები და მოითხოვა 6 767,23 ლარის გადახდა, თუმცა, ნაცვლად მოთხოვნილისა, ანგარიშზე ჩაერიცხა მხოლოდ 1 705,68 ლარი, რაც მოპასუხემ იმით ახსნა, რომ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მომსახურების გაწევა შესაძლებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებულ ფასად დღგ-ის გათვალისწინებით, ამიტომ მოახდინა დღგ-ის სახით უკვე გადახდილი თანხის დაკავება. ანალოგიურად განახორციელა ანგარიშწორება შემკვეთმა 2016 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში. მოსარჩელის განმარტებით, იგი არ იყო საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დღგ-ის გადამხდელი, რაც ამ თანხის მოპასუხის მიერ დაკავებას არამართლზომიერს ხდის ისევე, როგორც ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დღგ-ზე მითითებას. იმისათვის, რომ საფრთხე არ შექმნოდა მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულებას, ასევე, მომსახურე პერსონალისათვის გადაეხადა ხელფასი, იძულებული გახდა, ბანკიდან აეღო სესხი, რის შედეგადაც წარმოეშვა დამატებითი ხარჯები.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. შესაგებლის თანახმად, როდესაც შემკვეთისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე არ იყო დღგ-ის გადამხდელი, ანგარიშწორებისას დღგ-ის სახით უკვე გადახდილი თანხა დაუკავა, ხოლო შემდეგ გადახდა ხორციელებოდა დღგ-ის თანხის გამოკლებით, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, ჯამურ ღირებულებაში გათვალისწინებული იყო დღგ-ის თანხა. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შესაძლებელი იყო ხელშეკრულებაში მითითებულ თანხად _ 79 897 ლარად დღგ-ის გათვალისწინებით. არასწორია პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ვინაიდან, ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული თანხის გადახდის კონკრეტული დრო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2015 წლის 30 დეკემბრის #277 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების ღირებულების _ 8 125,13 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 230,41 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 9 დეკემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, რომლის ობიექტიც იყო სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება, კერძოდ, უმწეოთა უფასო კვების მომსახურების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 134 742 ლარით დღგ-ის გათვალისწინებით. შემსყიდველის მიერ მითითებულ იქნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20% ან მეტით დაბალი იქნებოდა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან მოითხოვდა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით ექპერტიზის დასკვნის წარდგენას, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნებისთვის;
1.2.2. 2015 წლის 9 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ იქნა მომსახურების 79 897 ლარად გაწევა. მენარდის დაკვეთით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით კი დადასტურებულ იქნა ტენდერით გამოცხადებული მომსახურების დღგ-ს ჩათვლით 79 897 ლარად შესრულების შესაძლებლობა. საბოლოოდ, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე და 2015 წლის 30 დეკემბერს ამ უკანასკნელს და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #227 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც, დღგ-ის გათვალისწინებით, 79 897 ლარის ღირებულების უმწეოთა უფასო კვების მომსახურების შესყიდვა წარმოადგენდა. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა - 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო უნაღდოდ, ეტაპობრივად, ეროვნულ ვალუტაში, გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის/სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ხელშეკრულების 10.5 პუნქტით ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევისთვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,5%-ის ოდენობით;
1.2.3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ტენდერის მიმდინარეობის ფორმატი/პროგრამა არ იძლეოდა პრეტენდენტის მიერ იმგვარი მითითების შესაძლებლობას, რომ მის მიერ შეთავაზებული თანხა არ ითვალისწინებდა დღგ-ს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი, შეცდომაში შეიყვანა კასატორი და მასთან ხელშეკრულება გაფორმდა, როგორც დღგ-ის გადამხდელთან, ხოლო, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი გახდა, რომ მენარდე დღგ-ის გადამხდელი არ იყო, მოითხოვა შესაბამისი ცნობის წარდგენა, თუმცა, მან ამჯერადაც არასწორი ინფორმაცია წარუდგინა მხარეს, რომლის თანახმადაც დღგ-ის გადამხდელს წარმოადგენდა კომპანიის დირექტორი. აღნიშნულით მან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზნით სცადა იმ თანხის მიღება, რომელიც არ ეკუთვნის. გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ, რომ სატენდერო წინადადება დღგ-ის გადამხდელის მითითებას არ შეიცავდა, რადგანაც ტენდერში წარდგენილი დოკუმენტაციით მოსარჩელეს გაფასებული აქვს დღგ-ის თანხა, ამ შემთხვევაში სასამართლოს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ღირებულების გაანგარიშების შესახებ სარჩელზე დართული ცნობა საერთოდ არ უნდა განეხილა, რადგანაც იგი არ არის ხელშეკრულების დანართი. სააპელაციო პალატაში მოპასუხემ წარადგინა ხელშეკრულების #3 დანართი, რომელიც ბენეფიციართა სიაა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იმ საფუძვლით არ ყოფილა, რომ ბენეფიციართა რაოდენობა სადავო არ გამხდარა. სწორედ ეს დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულების #3 დანართს და არა სარჩელზე დართული ე.წ შავი მასალა, რაც ასევე ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. სააპელაციო სასამართლომ ამ მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე უარი განაცხადა, თუმცა, მიღებული განჩინებით იგი უბიძგებს აპელანტს სახსრების არასწორი ხარჯვისაკენ. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მართალია, ამ დასკვნის წარდგენა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზანს ემსახურებოდა, თუმცა, ამ დასკვნის გაცემის მიზნით, მენარდემ ექსპერტს შეკითხვა დღგ-ის თანხის გათვალისწინებით დაუსვა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საზღაურის გადახდის წინაპირობები, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დასახელებული ნორმა ნარდობის სინალაგმატურ ვალდებულებაში ითვალისწინებს საზღაურზე შეთანხმების შესაძლებლობას. როგორც წესი, ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიან გარიგებათა რიგს მიეკუთვნება და კანონი საზღაურის განსაზღვრის ნაწილში რაიმე შეზღუდვას არ ადგენს (იხ. სკ-ის 629.1 და 630-ე მუხლები), თუმცა, ნარდობის მარეგულირებელ ნორმათა თავისებურების გათვალისწინებით, მასზე სრულად ვრცელდება, როგორც წინასახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი, ისე _ სამართლებრივი ძალის მქონე ნების გამოვლენის მარეგულირებელი ნორმები (სკ-ის 327-ე მუხლი). ბუნებრივია, სასყიდლიანი ხელშეკრულების არსებით პირობას მათ შორის ფასი წარმოადგენს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სატენდერო წინადადების თავისებურების გათვალისწინებით თავად მენარდის მიერ იქნა შეთავაზებული და მას დაეთანხმა მოპასუხე, ხოლო ის ფაქტი (მით უფრო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ პირობის გათვალისწინებით, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაზე მითითებას სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა), მენარდე იყო თუ არა დღგ-ის გადამხდელი, მოპასუხეს უნდა დაედგინა ხელშეკრულების დადებამდე, მით უფრო, რომ იგი, როგორც ხელშემკვრელი მხარე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელშეკრულების არსებითი პირობების განმარტებაზე, ასევე ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას სადავო ხელშეკრულების #3 დანართის საქმისათვის დართვასთან დაკავშირებით და უპირველესად, განმარტავს, რომ ამ მტკიცებულების მიღებაზე სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად განაცხადა უარი. საოქმო განჩინება ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია კასატორს. რაც შეეხება საკასაციო პალატის მიერ ამ მტკიცებულების საქმისათვის დართვის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღებას კრძალავს საპროცესო კანონმდებლობა, ხოლო სასამართლოს მსჯელობის საგნად განიხილება მხოლოდ ქვემდგომი სასამართლების გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში დაფიქსირებული მხარეთა პოზიციების, ასევე, უკვე საქმისათვის დართული დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების შეფასების სისწორე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამოდინარე, საკასაციო პალატა წარმოდგენილ მტკიცებულებას უბრუნებს კასატორს.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული #277 ხელშეკრულების დანართი #3 6 (ექვსი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი