Facebook Twitter

საქმე №ას-886-826-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „G-“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ის“ უფლებამონაცვლე შპს „ტ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „G-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“ (უფლებამონაცვლე შპს „ტ-ა“, შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მიუღებელი შემოსავლის _ 29 246 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 15 ივლისს სამაკლერო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ ნ. გ-ის წინაშე იკისრა სამი ერთეული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება. 2013 წლის 5 აპრილს ნ. გ-ემ ერთი ერთეული უძრავი ქონებიდან გამომდინარე მოთხოვნა და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება დაუთმო მ. ს-ეს, ხოლო 2013 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე _ 2 ერთეული უძრავი ქონების მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება _ მოსარჩელეს. 2013 წლის 19 დეკემბერს მოპასუხეს, მ. ს-ესა და მოსარჩელეს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება და კიდევ ერთხელ დაზუსტდა, რომ მოპასუხეს ეკისრებოდა ბინების გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოყვანამდე. იმის გამო, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დადგენილ ვადაში ვერ გადასცა მოსარჩელეს შეთანხმებული მდგომაროებით ნივთი, მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, ვერ შეძლო ხელშეკრულების საგნის გაქირავება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და ძირითადად სადავო გახადა სარემონტო სამუშაოების შესრულების ვადა, კერძოდ, აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ ყოფილა ამ სამუშაოების შესრულების ვადა, კორპუსი წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს და 2013 წლის 19 დეკემბერს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. მართალია, 2014 წლის 9 ივნისს მოპასუხეს ჩაბარდა გაფრთხილების ხელწერილი, თუმცა იგი ხელმოწერილი იყო არაუფლებამოსილი პირის _ მ. ს-ის მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის წერილს, რომელიც მოპასუხის კანცელარიაში რეგისტრირებულია 2014 წლის 9 ივნისს, მასში მოთხოვნილია ვალდებულების შესრულება, თუმცა, ამ დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. მ.ს-ეს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა სამუშაოების მწარმოებელთან და 2014 წლის 9 ივლისისათვის ბინა იყო ე.წ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, კომპანია ელოდა მხოლოდ მოსარჩელის მითითებას ფერების შერჩევასთან დაკავშირებით. სარჩელზე დართული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მ.ს-ემ მოსარჩელეს დაუთმო მხოლოდ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნას, იგი არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში ასახული ფასები, როგორც დასკვნიდან დგინდება, საიტებზე მოძიებულ ფასს წარმოადგენს, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქირავნობის საბაზრო ფასი. ექსპერტს არ გაუთვალისწინებია ბინის გაქირავების სეზონიც: მიუღებელი შემოსავალი შეეხება 2014 წლის აგვისტოდან ივნისის პერიოდს, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები, რომ ქ.ბათუმში ტურისტული სეზონი დასრულებულია და ამ პერიოდში ბინის გაქირავება რთულია. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების წინაპირობებიც არ არსებობს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2011 წლის 15 ივლისს მოპასუხესა და ნ. გ-ეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მენარდეს უნდა აეშენებინა და ნ. გ-ისათვის გადაეცა ქ.ბათუმში, ზ–ისა და კ-ის ქუჩების კვეთაში მდებარე სახლში სამი ბინა: #13, #14 და #15;

1.2.2. ხელშეკრულების 5.5 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ბინები უნდა გაერემონტებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

1.2.3. 2013 წლის 18 დეკემბერს ნ. გ-ემ #13 და #15 ბინების მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს, ხოლო #14 ბინის მოთხოვნის უფლება 2013 წლის 5 აპრილს _ მ. ს-ეს, რომელმაც, თავის მხრივ, 2015 წლის 1 სექტემბერს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა უფლება აპელანტს გადასცა;

1.2.4. 2014 წლის 9 ივლისს აპელანტმა და მ. ს-ემ მოწინააღმდეგე მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრეს 1 თვის ვადა;

1.2.5. სახლი და მასში არსებული ბინებიც მოპასუხემ სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატარა 2014 წლის 10 სექტემბერს, თუმცა რემონტი სამივე ბინაში საბოლოოდ 2015 წლის ივნისში დაასრულა;

1.2.6. მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება და ამ ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით მას მხოლოდ ექსპერტის დასკვნა აქვს წარდგენილი, რომელიც მხოლოდ ნივთიდან სავარაუდო შემოსავლის მიღების საკითხს შეეხება. აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ან უკვე დადებული ჰქონდა, ან აპირებდა გარიგების დადებას სადავო ქონების ქირავნობის თაობაზე ან ქონება, თავისი ფუნქციური დანიშნულებით, გათვალისწინებული იყო შემოსავლის მისაღებად, ან აპელანტს იგი სწორედ ამ მიზნისათვის ესაჭიროებოდა. საქმის მასალებით არ მტკიცდება არც ის, რომ აპელანტის საქმიანობის საგანი ბინების გაქირავება და ამ გზით შემოსავლის მიღება ოდესმე მაინც იყო. ნიშანდობლივია, რომ მას სადავო ქონება არც 2015 წლის ივნისის _ რემონტის დასრულების შემდეგ გაუქირავებია. მეტიც, როგორც აღინიშნა, #14 ბინიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება აპელანტმა მიიღო 2015 წლის 1 სექტემბერს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ. მანამდე კი, ეს უფლება ფიზიკურ პირს ეკუთვნოდა. ამის შესაბამისად, 2015 წლის 1 ივნისამდე ამ ბინის გაქირავებით შემოსავალი შეეძლო მიეღო არა აპელანტს, არამედ _ მ. ს-ეს. მ------ ს------ის მიერ ქონების გაქირავების სურვილსა და შესაძლებლობაზე კი, აპელანტს არც მიუთითებია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების თაობაზე. ამ მხრივ, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების მოთხოვნები და არასწორად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა დადებული ხელშეკრულება (ან მოწვევა ოფერტზე) ბინების შესაძლო გაქირავებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამგვარი ხელშეკრულება ვერც იარსებებდა, რადგანაც ბინები იყო მნიშვნელოვანი ნივთობრივი ნაკლის მქონე _ საცხოვრებლად უვარგისი და მათი გაქირავება სწორედ ნაკლის გამოსწორებაზე იყო დამოკიდებული;

1.4.2. სარჩელი აკმაყოფილებდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა მოთხოვნას: მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება; წარდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე; არსებობს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ ზიანს შორის; მოპასუხე იურიდიული პირია, რომელიც თავად აქირავებს უძრავ ქონებას იმავე სახლში, სადაც მდებარეობს სადავო ბინები. ეს გარემოება დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა, ამასთანავე, მოსარჩელე იურიდიული პირია, რომლის იურიდიული მისამართიც ქ.თბილისია, შესაბამისად, მოპასუხისათვის სავარაუდო იყო, რომ მოსარჩელე, რომლის საქმიანობის საგანიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციებია, გააქირავებდა საცხოვრებელ სახლს.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო (სკ-ის 394-ე მუხლი) მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; ამტკიცებს თუ არა დაზარალებული (კრედიტორი) ზიანის მიყენების ფაქტს და ამ ზიანის მიყენება/ოდენობა სავარაუდო იყო თუ არა ვალდებული პირისათვის (მოპასუხე). ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, განიმარტოს ის ფაქტი, რომ კასატორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.2.-1.2.4. პუნქტები), იგი მხოლოდ იმ გარემოებას შეედავა, რომ მოპასუხისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო ზიანის მიყენების ფაქტი და ამ თვალსაზრისით მიუთითა ზოგადად მოწმის ჩვენებაზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა დაკითხული, ასევე, აღნიშნა, რომ მოსარჩელის სამეწარმეო საქმიანობა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციებია და იგი მდებარეობს ქ.თბილისში. საკასაციო პალატა მითითებულ შედავებას დასაბუთებულ პრეტენზიად არ განიხილავს მისი ზოგადი ხასიათიადან გამომდინარე (მხარე არ უთითებს კონკრეტული მოწმის ჩვენებას, ასევე, კონკრეტულ მტკიცებულებას, რომლის არასწორად შეფასებამ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენა განაპირობა). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე და 412-ე მუხლები წარმოადგენენ და მოხმობილი ნორმების საფუძველზე, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლების გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

1.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები, არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი კვლევის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.

1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის (მიუღებელი შემოსავალი) ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა მის მიერ 24.07.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 463,30 ლარის 70% _ 1 024,31 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „G-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „G-ს“ (ს/კ #4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.07.2017წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 463,30 ლარის 70% _ 1 024,31 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი