საქმე №ას-716-669-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ხ-ემ (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 600 აშშ დოლარისა და 750 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ტ. ხ-ესა (შემდგომში _ გამსესხებელი) და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მოვალეს გადასცა 600 აშშ დოლარი და 750 ლარი. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2015 წლის თებერვლის ბოლოს, თუმცა აღნიშნული ვალდებულება მას არ შეუსრულებია. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების მქონე პირს მას და გამსესხებელს შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან ვალდებულება შეასრულა მესამე პირის (ე. ხ-ე) ანგარიშზე ჩარიცხვით, შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა. რაც შეეხება ვალის აღიარებას, იგი მოპასუხემ დაწერა გამსესხებლის ფსიქოლოგიური იძულების შედეგად, კერძოდ, გამსესხებელმა ისარგებლა მსესხებლის ოჯახში შექმნილი მდგომარეობით: მოპასუხის რძალს გარდაეცვალა მამა, დაკრძალვის მეორე დღეს გამსესხებელი მუქარით მივიდა მოვალესთან სახლში და აიძულა არარსებული ვალის წერილობით აღიარება. მსესხებელმა იძულება მიიჩნია რეალურად, რადგანაც მის დედას მცირე დროით ადრე გადატანილი ჰქონდა იშემიური ინსულტი და არსებულ მდგომარეობაში არსებობდა მისი ჯანმრთელობის კვლავ გაუარესების საფრთხე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 600 აშშ დოლარისა და 750 ლარის გადახდა, ასევე, განაწილდა პროცესის ხარჯები.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება, ვალდებულების შესრულების დადასტურებულად მიჩნევა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 12 ნოემბერს მოპასუხემ შეადგინა ხელწერილი, რომლის თანახმადაც მას აქვს აღებული 600 აშშ დოლარი და 750 ლარი და იღებს ვალდებულებას, აღნიშნული თანხა დააბრუნოს 3 თვის განმავლობაში _ 2015 წლის თებერვლის ბოლოს;
1.2.2. 2015 წლის 10 ოქტომბერს გამსესხებელმა მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს;
1.2.3. მოპასუხის განმარტებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მან შეასრულა გამსესხებლის მიერ მითითებული მესამე პირის სასარგებლოდ. მესამე პირის საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ ფულადი გზავნილები მსესხებლის მიერ განხორციელებულია 2012-2013 წლებში, თუმცა, იგი არ ადასტურებდა 2014 წლის 12 ნოემბრის ხელწერილში მითითებული ვალდებულების შესრულებას (რადგან ხელწერილით აღიარებული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მომდევნო სამი თვის განმავლობაში, 2015 წლის თებერვლის ბოლოს), ამასთან, გადარიცხული თანხების ოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა 2014 წლის 12 ნოემბრის ხელწერილში მითითებული თანხებისაგან.
1.2.4. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ვალის აღიარების ხელწერილის იძულებით დაწერის ფაქტი, კერძოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გამსესხებელმა ისარგებლა მოპასუხის ოჯახში არსებული მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით, მუქარით მიუვარდა სახლში და აიძულა დაეწერა ხელწერილი არარსებული ვალის არსებობის თაობაზე. გარდა ამისა, მოვალეს კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული ხელწერილი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლომ დაარღვია კანონი, რითაც ხელი შეუწყო მოსარჩელეს უსაფუძლო გამდიდრებაში. მოსარჩელემ ისარგებლა მსესხებლის ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობით და შესრულებული ვალდებულების კვლავ შესრულების მიღწევის მიზნით, ფსიქიკური ზემოქმედებითა და ოჯახში არსებული ტრაგედიის გამოყენებით დააწერინა მოპასუხეს, ასევე, მისი ოჯახის წევრებს ვალის აღიარების ხელწერილი;
1.4.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს კასატორის ოჯახის ყველა წევრის მიმართ აქვს შეტანილი სარჩელი სასამართლოში და ყველა მათგანისაგან სათითაოდ ითხოვს შესრულებული ვალდებულების განმეორებით შესრულებას. ამ მხრივ სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
1.4.3. სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელწერილში არ არის მითითებული, თუ ვის მიმართ აღიარებს ვალდებულებას მოვალე.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), სააპელაციო სასამართლოს შეფასებები საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას ემყარება. პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთა წრეს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა. ამ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები კი შემდეგია: სამოქალაქო კოდექსის 373-ე, 623-ე მუხლები (მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი). მითითებულ ნორმათა დისპოზიციის, ასევე, მტკიცების ტვირთის პროცესუალურ-სამართლებრივი განაწილების წესის (სსსკ-ის 102-ე მუხლი) გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრებოდა სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტის (სესხის ხელშეკრულების დადების სადავოობისას მტკიცების ტვირთის, ასევე, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით იხ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი), ხოლო, მოპასუხეს _ მესამე პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის დამტკიცება (იხ. სუსგ №ას-951-989-2011, 10 ნოემბერი, 2011 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვალის აღიარების ხელწერილის წარდგენის გზით დაადასტურა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის ფაქტი (ასევე იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი), რომლის წინააღმდეგაც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია, რომ ხელწერილში არ არის მითითებული ადრესატი. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე, როგორც სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით, მოპასუხე თავად არ უარყოფს ხელწერილის გამსესხებლის მიმართ შედგენას, შესაბამისად, იგი, როგორც სესხის რეალურად დადების ფაქტის მტკიცების მიზნით საკმარისი მტკიცებულებაა. რაც შეეხება მხარის შედავებას, მესამე პირის სასარგებლოდ შესრულებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომელიც საბანკო ამონაწერის ყოველმხრივ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი) ემყარება. იძულების ფაქტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე, როგორც ფაქტის მიმთითებელი მხარე, ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელთა კვლევა სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 85-ე-87-ე მუხლებით განსაზღვრული იძულების შემადგენლობა. შეცილების ფაქტთან მიმართებით კი, პალატა არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ იგი ვალის არსებობის ხელწერილის ბათილად ცნობის გზით უნდა განხორციელებულიყო, არამედ, კანონით დადგენილ ვადაში (სკ-ის 89-ე მუხლი) შეცილება კასატორს უნდა განეხორციელებინა უფლებამოსილი კრედიტორის წინაშე და შესაგებელში ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობაზე მითითება საპროცესო თავდაცვის საკმარის საშუალებად შეიძლებოდა ყოფილიყო მიჩნეული (იხ. სუსგ №ას-367-348-2015, 15 მაისი, 2017 წელი). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილება საქმეში არ მოიპოვება, თუმცა, არსებობის შემთხვევაშიც კი, იგი არ არის გამოტანილი ამავე მხარეებს შორის, რაც გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციულობას გამორიცხავს (სსსკ-ის 106-ე მუხლი).
1.6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
1.7. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობა:
2.1. კასატორმა იშუამდგომლა ახალი მტკიცებულებების: წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გზავნილისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქმისათვის დართვის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ვალდებულების არარსებობას.
2.2. საკასაციო პალატა, უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალური ფარგლების დამდგენი ნორმაა და მისი დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
2.3. ზემოხსენებულის მიუხედავად, პალატა დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით არ დგინდება იგი შესულია თუ არა კანონიერ ძალაში, ამასთანავე, მოდავე მხარეებს წარმოადგენენ თ. ხ-ე და ვ. დ-ე, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები წინამდებარე დავის ფარგლებში სავალდებულო ძალის მატარებელი არაა (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც, თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ).
2.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 10.07.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ლ. დ-ეს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გზავნილი და 25.11.2016წ. #2/385-15 გადაწყვეტილება 6 (ექვსი) ფურცლად.
4. კასატორ ლ. დ-ეს (პ/#0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 10.07.2017წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი