Facebook Twitter

ბს-1130-708(კს-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 10 თებერვალს ლ. ბ-ის, ნ. მ-ის, ფ. ბ-ის, ი. გ-ისა და ა. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და მესამე პირების – ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, ქ. ს-ის, მ. ჭ-ისა და ბ. ვარდოსანიძის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1994წ. 25 იანვარს ქ. თბილისში, ... ქ. ¹91-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 83/662 ნაწილი პრივატიზებული იყო ქ. ს-ის მიერ, რომელმაც აღნიშნული ბინა იმავეწ. 7 დეკემბერს გაასხვისა ზ. ფ-ეზე. 2000წ. 10 აგვისტოს კი, ზემოთ მითითებული ბინა ზ. ფ-ისგან კვლავ ქ. ს-ემ შეიძინა. 2000წ. 17 აგვისტოს ქ. სიხარულიძესა და მოსარჩელეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული სახლი. 2001წ. 15 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ დააკამყოფილა მ. ჭ-ისა და ბ. ვ-ის სარჩელი და დაადგინა, რომ შეტანილი ყოფილიყო ცვლილება 1994წ. 25 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში: მ. ჭ-ე, ბ. ვ-ე და ქ. ს-ე ცნობილ იქნენ თანამესაკუთრეებად ... ქ. ¹91-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაზე, თითოეული 1/3-ზე.

ქ. ს-ის მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის იძულებითი რეალიზაცია აუქციონზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული ბინა უნდა ირიცხებოდეს მხოლოდ ქ. ს-ეზე, ხოლო სახლის თანამესაკუთრეებად მ. ჭ-ისა და ბ. ვ-ის აღიარება ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მით უფრო, რომ ამ სამსახურს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰქონდა უძრავი ქონების, მათ შორის, შენობა-ნაგებობების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გადაცემის, შეზღუდვის ან შეწყვეტის რეგისტრაციის უფლება, ვინაიდან ეს ფუნქცია მინიჭებული ჰქონდა მიწის მართვის დეპარტამენტს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის, ნ. მ-ის ფ. ბ-ის, ი. გ-ისა და ა. კ-ის წარმომადგენლის ვ. ც-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ვ. ც-ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი მარწმუნებლების სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში, 2005წ. 2 ივნისის სასამართლო სხდომაზე, აპელანტების წარმომადგენელმა – ვ. ც-ემ უარი თქვა სარჩელზე, იმ მოტივით, რომ აღარ არსებობდა სარჩელის საფუძველი, ვინაიდან საქმის განხილვის პროცესში მათი მიმართვის პასუხად ტექბიუროდანაც და საჯარო რეესტრიდანაც ეცნობათ, რომ სადავო ბინა აღრიცხული იყო მხოლოდ ქ. სიხარულიძის სახელზე.

მესამე პირმა _ ქ. ს-ემ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენ. და ასევე მესამე პირები: მ. ჭ-ე და ბ. ვ-ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა: სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება და ლ. ბ-ის, ნ. მ-ის, ფ. ბ-ის, ი. გ-ისა და ა. კ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

აღნიშნულ განჩინებზე კერძო საჩივარი შეიტანა მესამე პირების: მ. ჭ-ისა და ბ. ვ-ის წარმომადგენელმა ნ. ბ-მა.

კერძო საჩივარში კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეს, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე, ოღონდ მან ეს უნდა გააკეთოს კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას კი ასეთი წესის დაცვა იმაში მდგომარეობს, რომ მხარე ვალდებულია, გაითვალისწინოს სახელმწიფოს, საზოგადოების და მესამე პირის ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლომ უარი უნდა უთხრას მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და დავა არსებითად განიხილოს.

მოცემულ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმა, ეწინააღმდეგება მისი მარწმუნებლების _ მესამე პირების ინტერესებს. ამასთან, მისი განმარტებით, სასამართლოს აგრეთვე უნდა გამოეკვლია ის საკითხი, Yთუ სასამართლო დავის დროს რატომ განხორციელდა ცვლილებები საჯარო რეესტრში (ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004წ. 19 აპრილის წერილი) და რამდენად კანონიერი იყო იგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ისა და ბ. ვ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

მე-3 პირების წარმომადგენ. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, მოსარჩელეებისათვის უარი ეთქვა საქმის წარმოებით შეწყვეტაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულით ილახებოდა სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მე-3 პირების ინტერესები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მსჯელობა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად კი, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში აღიარებული დისპოზიციურობის პრინციპი _ მხარეებმა განსაზღვრონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, აღიარებული და დაცულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც. რაც შეეხება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის საფუძველზე დადგენილ ერთგვარ შეზღუდვას, რაზედაც კერძო საჩივრის ავტორი აფუძნებს თავის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამავე მუხლის შესაბამისად _ მითითებული შეზღუდვა ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს და დაუშვებელია ამ ნორმების ფიზიკური პირების მიმართ გამოყენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო, მოსარჩელის მხრიდან სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში, სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, შეეწყვიტა საქმის წარმოება, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ადგილი არა აქვს კანონის დარღვევას.

აქვე საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოება შეწყდა მხოლოდ იმ დავაზე, რომელიც წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს არსებითი განხილვის საგანს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ-ისა და ბ. ვ-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.