15 ნოემბერი, 2018 წელი,
№ას-1644-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ–ის“ დირექტორი გ.ნ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ც.ჩ–ძე, დ.ჯ–ი, ნ.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს „ბ–ის“(დირექტორი - გ.ნ–ძე) და გ.ნ–ძის სასარჩელო მოთხოვნები, რომლებითაც ისინი მოითოვდნენ 2009 წლის 7 ივლისის უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის (ჩანაწერის), ბაღდათში ...... მდებარე სასტუმროს 561.57 კვ.მ. ნაწილში, მათ შორის პირველი სართულის სასარგებლო ფართი 195.26 კვ.მ., მე-2 სართულის სასარგებლო ფართი 172.27 კვ.მ., მე-3 სართულის სასარგებლო ფართი 194.04 კვ.მ., ხოლო 77.7 კვ.მ. ფართის მხარეებისათვის საერთო სარგებლობაში დატოვების შესახებ, ბათილობას არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, შპს „ბ–ის“ და გ.ნ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ–ის“ დირექტორმა გ.ნ–ძემ იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადების შეტანისას მან დაუშვა ტექნიკური შეცდომა და ნაცვლად სარჩელის გამოხმობისა მიუთითა, რომ იხმობდა სააპელაციო საჩივარს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის (25 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორს 2018 წლის 1 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
7. კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორს ამავე წლის 1 ნოემბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 2 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 5 ნოემბერს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორმა 2018 წლის 8 ნოემბერს, ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ–ის“ დირექტორის გ.ნ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ბ–ის“ (ს/კ .....) დირექტორს გ.ნ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 დაუბრუნდეს გ.ნ–ძის (პ/ნ ....) მიერ 2018 წლის 5 ნოემბერს N18467953 საგადახდო დავალების მიხედვით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა