Facebook Twitter

№ას-747-747-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – დ.ქ., ა.ქ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.ც–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ც–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ქ–ისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ა.ქ–ის (შემდეგში -მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ქალაქ თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს. აპელანტები სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების გადაცემიდან 7 დღის ვადაში, საარსებო შემწეობის მიღების თაობაზე ცნობის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გასათავისუფლებლად აუცილებელი იყო ორი პირობის ერთდროულად არსებობა, კერძოდ, მხარე უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდეს საარსებო შემწეობას.

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლების მიხედვით, მეორე მოპასუხეს პირადად ჩაჰბარდა 2018 წლის 29 მარტს, რომელიც იმავდროულად პირველი მოპასუხის მეუღლეა და ამ უკანასკნელის სახელზე გაგზავნილი განჩინებაც მანვე ჩაიბარა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 30 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 5 აპრილს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სსსკ-ის 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ისინი გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის დასტურადაც სააპელაციო საჩივარს ერთვოდა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადაში არ გამოასწორეს ხარვეზი, კერძოდ, არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი.

12. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და აღნიშნავენ, რომ მათთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება არასწორია, რამდენადაც კანონით გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო, რომ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები და მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი 42190 ქულას შეადგენს.

13. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის სავალდებულო გათავისუფლებას ერთდროულად ორი კანონი ითვალისწინებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტი (სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე). ამასთან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი სამოქალაქო საპროცესო კოდექსისაგან ნაწილობრივ განსხვავებულ წესს ადგენს, კერძოდ, მითითებული კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად არ ითხოვს საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენას. ამდენად, ეს ორი კანონი განსხვავებულად აწესრიგებს სადავო საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული კანონები თანაბარი იურიდიული ძალის მქონე აქტებია, მათ შორის უპირატესობა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად (თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში ,უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს), უფრო გვიან გამოცემულ აქტს, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონს უნდა მიენიჭოს.

14. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად კი, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა მერყეობს 57001 ქულასა და 100 001 ქულას შორის. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დგინდება, რომ აპელანტების ოჯახს მიენიჭა კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობაზე – 57001 ქულაზე ნაკლები – 42190 ქულა (იხ. ამონაწერი ტ.1. ს.ფ. 181). აქედან გამომდინარე, არსებობდა მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზი დაედგინა აპელანტებისათვის, ვინაიდან ამ უკანასკნელებმა იმთავითვე სააპელაციო საჩივარში მიუთითეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან მათი გათავისუფლების წინაპირობის არსებობაზე და შესაბამისი მტკიცებულებაც წარადგინეს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომელიც არასწორად დადგინდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ მათი სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტები წარმოადგენენ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს, რომლებსაც მითითებული კანონი ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად მოსთხოვა აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო, მისი გადაუხდელობის გამო, არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

16. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ქ–ისა და ა.ქ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე.გასიტაშვილი