Facebook Twitter

საქმე №ას-507-507-2018 13 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შპს „გ. ჰ.“, შპს „K...“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. ჰ.“ და შპს „K.. ...“ (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები დამსაქმებლები) მიმართ და მოითხოვა შპს „გ. ჰ.“ მის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა 12 000 ლარის ოდენობით, ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი თანხის 0,07% _ 13 178,1 ლარის ოდენობით, ხოლო, შპს „კ. K.-სათვის“ 24 000 ლარის, ასევე, ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი თანხის 0,07%-ის, სულ _ 26356,2 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივად არ წარმოშობილა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;

3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სახელით წარდგენილი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, ძალაში დარჩა ზემოხსენებული გადაწყვეტილება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეთა სახელით კერძო საჩივარი შეიტანა კ. ჯ-იამ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „გ. ჰ.“ და შპს „K.-ს“ სახელით კობა ჯანაშიას მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლი განსაზღვრავს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხს და ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია საკითხთა წრე, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ამა თუ იმ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება, რაც შეეხება ნორმის მე-2 ნაწილს, იგი არეგულირებს კერძო საჩივრის სუბიექტებს: კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება. გარდა სუბიექტუნარიანობისა, კანონმდებლობა აწესებს დამატებით შეზღუდვებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე და 396-ე მუხლების (2) მუხლების თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ კერძო საჩივარს უნდა ერთვოდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ უკანასკნელ საკითხთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, ყურადღერება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს/საჩივრის ავტორს წარმოადგენენ იურიდიული პირები _ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც წარმომადგენლის მეშვეობით ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას (სსსკ-ის 93.1 მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს) და საპროცესო სამართლის მიზნებისათვის დადგენილია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიული პირის სახელით უნდა გასცეს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა (იხ. სსსკ-ის 96-ე მუხლი), თავის მხრივ, უფლებამოსილ პირად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გვევლინებიან დირექტორები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში.

1.2. საქმის მასალების თანახმად:

1.2.1. შპს „K.-ს“ რეგისტრირებულ დირექტორს წარმოადგენდა ვალენტინა ხვიჩია და სწორედ ეს უკანასკნელი იყო საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, ხოლო, შპს „გ. ჰ.“ დამფუძნებელი პარტინორები და დირექტორები იყვნენ გულნარ ნიაზოვა და ვალენტინა ხვიჩია;

1.2.2. შპს „გ. ჰ.“ წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელთა საერთო კრება, რომელიც მათ შორის წყვეტს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის საკითხს, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ დანიშნული დირექტორი, შპს „K.-ს“ სადამფუძნებლო დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება;

1.2.3. საქმეში წარმოდგენილი, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული, ისე _ საზოგადოების ბეჭდით დამოწმებული მინდობილობები, როგორც ერთი, ისე _ მეორე მოპასუხის სახელით გაცემულია ვ. ხ-იას მიერ. არც ერთ მინდობილობაში სასამართლო გადაწყცეტილების გასაჩივრების უფლება მარწმუნებელს რწმუნებულისათვის არ მიუნიჭებია (გარდა ი.ბესელიას სახელზე გაცემული მინდობილობისა, რომლის მოქმედების ვადაც 2014 წელს ამოიწურა, დამატებით იხ. სსსკ-ის 98.2 მუხლი);

1.2.4. გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ვ. ხ-ია გარდაიცვალა 2016 წლის 27 ოქტომბერს, რამაც, მოპასუხეთა ყოფილი წარმომადგენლის მტკიცებით, განაპირობა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა და, საბოლოოდ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე;

1.2.5. საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოპასუხისათვის ჩაბარება არაერთხელ სცადა ფოსტის, ასევე, შსს-ს დახმარებით, თუმცა, უშედეგოდ, გარდა ამისა, სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, სსიპ სქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ასევე, ნოტარიუსმა ლ. კ-მა დაადასტურეს, რომ ვ. ხ-იას სამკვიდრო მიიღო ნ. ხ-იამ, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურმა აცნობა სასამართლოს, რომ 2016 წლის 27 ოქტომბრიდან მოპასუხეების მიერ საგადასახადო ორგანოებში დეკლარაციების წარდგენა და გადასახადების გადახდა არ ფიქსირდება, ასევე უფლებამოსილი პირების რეესტრში არ ფიქსირდება ორგანიზაციათა წარმომადგენელი. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების მიღების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ვ. ხ-იას სამკვიდროს მიღების თხოვნით ნოტარიუს მიმართა ნ. ხ-იამ;

1.2.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი წარდგენილ იქნა ნ. ხ-იას მიერ, ამასთან, საქმეში მოიპოვება ნ. ხ-იას მიერ კ. ჯ-იასა და ი. ბ-იას სახელზე გაცემული მინდობილობები;

1.2.7. საზოგადოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნ. ხ-იას, ასევე, ნ. ხ-იასა და გ. ნ-ას მიერ საზოგადებათა დამფუძნებელი პარტნიორების კრების მოწვევა და დირექტორის გამწესების შესახებ კორპორატიული აქტის გამოცემა არც საქმის მასალებით და არც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით არ დგინდება;

1.2.8. დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების თაობაზე ი.ბ-იასა და კ.ჯ-იას მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს ქვემდგომმა სასამართლომ ისე დაუდგინა ხარვეზი და საბოლოოდ დატოვა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, რომ საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი არ შეუმოწმებია, თუმცა, კერძო საჩივრის დაუშვებლობის გამო (რაზეც ქვემოთ იმსჯელებს პალატა), ამ საკითხს საკასაციო პალატა აღარ შეამოწმებს.

1.3. დადგენილი გარემოებების სამართლის ნორმებთან სუბსუმირების მიზნით, პალატა მოიშველიებს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილს (იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან) და განმარტავს, რომ მართალია რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მეწარმე სუბიექტებს არსებობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა, ვიდრე არ იქნება გავლილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლითა და საზოგადოების წესდებით დადგენილი პროცედურები დირექტორთა დანიშვნის შესახებ, ნ. ხ-იას მხრიდან ვ. ხ-იას, როგორც ფიზიკური პირის, სამკვიდროს მიღებით ის ავტომატურად ვერ გახდება საზოგადოებათა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლე, თავის მხრივ, უნდა განიმარტოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საზოგადოების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძველია (ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეაჩერა საქმის წარმოება იმ პირობებში, როდესაც გარდაცვლილი იყო შპს-ის დირექტორი და- ზემოხსენებული პროცედურის გაუვლელობის გამო ამ იურიდიული პირის მიმართ დაწყებული იყო იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა, რადგანაც საზოგადოების პარტნიორებმა საქმის განხილვის შეჩერების ვადაში ვერ უზრუნველყვეს შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და დირექტორის დანიშვნა, სამოქალაქო საროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, იხ. სუსგ №ას-239-231-2012, 8 სექტემბერი, 2017 წელი).

1.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც ნ. ხ-ია და არც მის მიერ გაცემული რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი პირები არ არიან უფლებამოსილნი წარმოადგინონ მოპასუხეები სასამართლოში, რის გამოც სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც კერძო საჩივარი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და, მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა მასში საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც ვლინდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). ვინაიდან კერძო საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის ანალოგიით, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 372-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ. ჰ.“ და შპს „K. კ.-ს“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი