საქმე №ას-1499-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ო.ქ.ბ. (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "თ.ლ." (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს "თ.ლ–ის" სარჩელი მოპასუხეების - შპს "გ.ლ–ის", დირექტორი ი.ც. და ო.ქ.ბ–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეებისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად 96 486 აშშ დოლარის დაკისრებასა და სს "თ.ლ–სა" და ო.ქ.ბ–ს შორის 2014 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების ბათილობას ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - შპს "გ.ლ–სა" და ო.ქ.ბ–ს მოსარჩელე სს "თ.ლ–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 31 042 აშშ დოლარის გადახდა.
ო.ქ.ბ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ო.ქ.ბ–მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გაადწყვეტილება. ო.ქ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გაუგებრობით იყო გამოწვეული და აპელანტს გააჩნია აღნიშნული დავის მიმართ იურიდიული ინტერესი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით, ო.ქ.ბ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. აღნიშნული განჩინება 2018 წლის 24 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის განჩინების, 2017 წლის 26 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და განსაზღვრა ცალკეული გარემოებები, რამაც განაპირობა უკანონო განჩინებისა და გადაწყვეტილების მიღება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. მას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 1 552.1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
8. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2018 წლის 22 ოქტომბერს ჩაჰბარდა.
9. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 22 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.ქ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა