საქმე №ას-492-492-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.კ.
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ.გ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ა.გ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა:
1.1 მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან პირველი მოპასუხის კუთვნილი 1/6 ნაწილისა და თბილისის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 ნაწილიდან 29.04 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ;
1.2 მოსარჩელეს დაეკისრა 660 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა პირველი მოპასუხის სასარგებლოდ (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ.242-248).
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
3.1 მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან პირველი მოპასუხის კუთვნილი 1/6 ნაწილისა და თბილისის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ს.გ–ის სახელზე რეგისტრირებული 1/6 ნაწილიდან 29.04 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, პირველი მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის ღირებულების - 6 600 აშშ დოლარის 25%-ის - 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის სანაცვლოდ 9იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.2, ს.ფ.39-53).
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინება- ტ.2, ს.ფ.82-87).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივლისს განცხადებით (იხ. ტ.3, ს.ფ. 1-2) მიმართა პირველმა მოპასუხემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის [მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას] და, ამავე კოდექსის 424-427-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის 2012 წლის 18 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ დასაბუთებით, რომ 2012 წლის 21 ივნისს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან განცხადების საფუძველზე გამოითხოვა ს.გ–ის პასპორტის ანკეტის ასლი, რომელზეც ს.გ–ის ხელმოწერა შესრულებულია 1979 წელს და აშკარად განსხვავდება 1978 წელს შედგენილ ხელწერილზე არსებული მისი ხელმოწერისაგან, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართი გაიყიდა მოსარჩელის სახელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილია გარემოება, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს (იხ. ტ.3, - ს.ფ. 68).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული ზემოხსენებული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.3, ს.ფ.67-70).
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა (პირველმა მოპასუხემ), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა (იხ. ტ.3, ს.ფ.79-81).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
10. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულმა მოსარჩელემ, 2017 წლის 2 აგვისტოს, განცხადებით (იხ. ტ.3, ს.ფ.112-113) მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (იხ. წინამდებარე განჩინების 3-3.1 პუნქტები) აღსრულების მიზნით, 2013 წლის 16 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (იხ. ტ.3, ს.ფ.129) მითითებული მოვალის გ.გ–ის (პირველი მოპასუხის) უფლებამონაცვლედ ი.კ–ის (შემდეგში: კერძო საჩივრის ავტორი) დადგენა, იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე სადავო ნივთი გასხვისდა და იგი კერძო საჩივრის ავტორმა შეიძინა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელემ მოითხოვა, უფლებამონაცვლედ დასადგენ პირს აეკრძალოს სადავო ქონებაზე უფლების შემდგომი ცვლილება-რეგისტრაციის განხორციელება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძო საჩივრის ავტორს (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) აეკრძალა სადავო ქონებიდან მის სახელზე რეგისტრირებულ წილზე უფლების შემდგომი ცვლილება-რეგისტრაციის განხორციელება (გარდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებისა) და დადგინდა წინამდებარე განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება - იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.3, ს.ფ.144-147.
12. სააპელაციო სასამართლოს 03.08.2017 წლის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა კერძო საჩივრის ავტორმა, მისი გაუქმება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ მან შეიძინა სადავო უძრავი ქონება და გახდა მესაკუთრე; არ იცნობს პირველი მოპასუხის ქალიშვილს, არ ჰყავს მეუღლე, არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს პირველ მოპასუხესთან და გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მოითხოვა მოსარჩელემ, რომ საჩივრის ავტორი დადგენილიყო პირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ (იხ. საჩივარი - ტ.3, ს.ფ.153-154).
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს (სსსკ-ის 197 1მუხლი; იხ. განჩინება - ტ.3, ს.ფ.173-176).
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის პირველი ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოსა და 16 ოქტომბრის განჩინებები (იხ. ტ.3, ს.ფ. 180-185).
15. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებული კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომლითაც მან საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ პირველი მოპასუხე გარდაიცვალა, არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებით, ხოლო ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებასა და ამავე საქმეზე, 2013 წლის 16 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირველი მოპასუხის, როგორც მოვალის, უფლებამონაცვლედ კერძო საჩივრის ავტორის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებასა, საქმე # 2ბ/829-12 და ამავე საქმეზე, 2013 წლის 16 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის - პირველი მოპასუხის - უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა განსახილველი დავის კერძო საჩივრის ავტორი (იხ. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება - ტ. 3, ს.ფ.209-216; 219-221; 222-224).
16. მოვალის უფლებამონაცვლედ დადგენილმა პირმა 2018 წლის 10 აპრილს კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებების გაუქმება და საქმის განხილვა. კერძო საჩივრის წარმომადგენლის მითითებით, საქმის განხილვის დროს დროს გიცვალა პირველი მოპასუხე, რის გამოც საქმე უნდა შეჩერდეს, და აღნიშნულ დავაში უფლებამონაცვლედ უნდა ჩაერთოს თვითონ კერძო საჩივრის ავტორი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 18 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცველობას ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს.
21. წინამდებარე შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე დასტურდება, რომ პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრის ავტორზე გაასხვისა ის უძრავი ნივთი, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წარმოშობილი აქვს კანონით გათვალისწინებული უფლებები, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. ამასთან, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით კერძო საჩივრის ავტორია დადგენილი პირველი მოპასუხის, როგორც მოვალის, უფლებამონაცვლედ, შესაბამისად, მას, როგორც მოვალეს, სააღსრულებო წარმოების ეტაპზე აქვს შესაძლებლობა საკუთარი სამართლებრივი პოზიცია წარადგინოს მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, თუკი საამისო წინაპირობები არსებობს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე