საქმე №ას-1255-2018 5 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ე. (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – მ. მ–ი, მ. მ-ე, ჟ. ჩ., ნ. ბ., გ. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბ. ე-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ–ის, მ. მ-ის, ჟ. ჩ-ს, ნ. ბ-ს, გ. ბ-ის და ი. ნ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანამესაკუთრედ ცნობის და სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის თაობაზე.
მოპასუხეებმა მ. მ–მა, მ. მ-ემ, ჟ. ჩ-მ, ნ. ბ-მ და გ. ბ-ემ სარჩელი არ ცნეს, ხოლო ი. ნ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
სარჩელი აღძრა ასევე სასამართლოში ი. ნ-ემ მ. მ-ის, ჟ. ჩ-ს, მ. მ–ის, გ. ბ-ის და ნ. ბ-ს მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობის და მხარეებს შორის სესხის და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარების თაობაზე.
მოპასუხეებმა მ. მ-ემ, ჟ. ჩ-მ, მ. მ–მა, გ. ბ-ემ და ნ. ბ-მ სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმე ბ. ე-ს სარჩელის გამო და სამოქალაქო საქმე ი. ნ-ის სარჩელის გამო გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ე-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დაკმაყოფილდა ი. ნ-ის სარჩელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა ი. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ნ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ი. ნ-ეს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 2208,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა ხარვეზი შეავსო ნაწილობრივ და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა მომართა უზენაეს სასამართლოს განცხადებით და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება კიდევ 5 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ი. ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 2208,33 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება კიდევ 5 დღით იმ საფუძვლით, რომ კასატორი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არის იძულებით გადაადგილებული პირი და ყავს ორი მცირეწლოვანი და ერთი არასრულწლოვანი შვილი და ვერ შეძლო დადგენილ ვადაში მოეძია საჭირო თანხა ხარვეზის შესავსებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა ობიექტური გარემოებების არსებობისას. კასატორმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, უნდა დაადასტუროს თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია შეავსოს ხარვეზი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ისე, რომ მას არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის კასატორის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იმსჯელა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი და კასატორს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ, თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად და დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.
ამრიგად, სასამართლო თვლის, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური