საქმე №ას-938-2018 8 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი – სს „ს.კ.თ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრების ოქმის რეგისტრაციაზე მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ოქმის რეგისტრაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.თ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანია) 1995 წლის 28 სექტემბერს დაფუძნდა და მისი იურიდიული მისამართია ქალაქი თბილისი, ..... კომპანიის დირექტორი იყო - ი.ყ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დირექტორი), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - კ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო კომპანიის აქციების 51,5667%-ს ფლობდა გ.ს–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან აქციონერი).
2. 2015 წლის 18 მაისს სსიპ „ს.ს.მ–ის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორის განცხადება საწარმოს აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ. კრება მოწვეულ იქნა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე - 2015 წლის 25 სექტემბერს, 13:00 საათზე. დღის წესრიგი ორი საკითხით განისაზღვრა: 1. 2014 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგებისა და წლიური ბალანსის განხილვა-დამტკიცება, სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად; 2) ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული და სხვა საორგანიზაციო საკითხები.
3. 2015 წლის 23 სექტემბერს სსიპ ს.ს.მ–ეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და დირექტორის 2015 წლის 25 სექტემბერს მოწვეული აქციონერთა საერთო კრების გადადების შესახებ განცხადება. კრების გადადების მიზეზი მოსარჩელის საკუთრებაში კომპანიის აქციების ½-ზე მეტის გადასვლა და მის მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების განუხორციელებლობა გახდა, რასაც წესდების მე-8 მუხლი ითვალისწინებდა (კომპანიის წესდების 8.3 პუნქტის საფუძველზე კი, მოსარჩელეს (აქციონერს) არ აქვს უფლება, გამოიყენოს ხმის უფლება, რომელიც მან მოიპოვა აქციების (ხმათა საერთო რაოდენობის) ½-ზე მეტის შეძენის საფუძველზე). წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში დასახელებულ დღეს კომპანიაში გამოცხადებულ მოსარჩელეს, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ დამატებით განემარტა, რომ მის მიმართ აქციონერთა პრეტენზიების გამო, კრება გადაიდო, რაზეც შედგა ოქმი (იხ. ტ.1. ს.ფ. 81-84).
4. საზოგადოების აქციონერები: მოსარჩელე (51,5667%), ვ.ძ. (2,1 %), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანიის 2,1 % წილის მფლობელი აქციონერი) და მ.ძ. (5,09333%), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანიის 5,09333% წილის მფლობელი აქციონერი) საზოგადოების იურიდიულ მისამართზე მაინც შეიკრიბნენ კრების ჩატარების მიზნით. მათ მიერ 2015 წლის 25 სექტემბერის თარიღით შედგენილი, ერთ შემთხვევაში, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ და, მეორე შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული აქციონერთა საერთო კრების ოქმები შეიცავს კრების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გარემოებებს, კერძოდ:
4.1. საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული აქციონერთა კრების ოქმის თანახმად, კრება მოწვეული იყო შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ....., მე-4 სართულზე. საზოგადოების შენობაში შეკრებილი გარკვეული ჯგუფის მიერ კრების ჩატარებაში ხელის შეშლის გამო, კრება გადაიტანეს სხვაგან რომლის მისამართია - ქალაქი თბილისი, ....
4.2. სანოტარო წესით დამოწმებული აქციონერთა კრების ოქმის მიხედვით კი, კრების ჩატარების ადგილია - ქალაქ თბილისი, ..... ამ ოქმების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს ძველი წევრები და ზოგიერთი აქციონერი, რომლებიც პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ კრებას, დამთავრებულ კრებაზე შეცვივდნენ და სხდომის მდივანს ხელით ნაწერი, მისი ხელმოწერით შედგენილი, კომპანიის დასრულებული კრების ოქმის დაბეჭდვის საშუალება არ მისცეს. მითითებული კრების ოქმებით დადგენილია, რომ ზემოთ ხსენებულმა სამმა აქციონერმა გადაწყვეტილება მიიღეს ისეთ საკითხებზეც, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული დღის წესრიგით გათვალისწინებული არ ყოფილა, კერძოდ, მათ დღის წესრიგს დაამატეს საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გაწვევა და ახლის არჩევა. ამასთან, სწორედ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის მიზნით იქნა წარდგენილი სადავო კრების ოქმები მარეგისტრირებელ ორგანოში.
5. აქციონერთა კრების ოქმის პარალელურად 2015 წლის 25 სექტემბერს შედგა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც წევრები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის მოქმედება იყო უკანონო და დაადგინეს, თითოეული აქციონერისათვის წერილობით ეცნობებინათ შექმნილი ვითარების შესახებ, რადგან კანონით დადგენილი წესით განხილულიყო და გადაწყვეტილიყო მოსარჩელის მიერ შედგენილი ოქმის ბათილობის საკითხი, ასევე, გადაწყდა დაუყოვნებლივ ეცნობებინათ საჯარო რეესტრისათვის, რათა კანონისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით შექმნილი ოქმის საფუძველზე ცვლილება არ დარეგისტრირებულიყო.
6. 2015 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელემ წარუდგინა განცხადება კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (მოთხოვნილი იყო ცვლილებების რეგისტრაცია საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში). სარეგისტრაციოდ წარდგენილ იქნა 2015 წლის 25 სექტემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ დამოწმებული საზოგადოების აქციონერთა კრების ოქმი (იხილეთ კრების ოქმის ტ. 1, ს.ფ. 204-206).
7. მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 25 სექტემბრის #B15192706/4 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადებაზე, კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა საზოგადოების წესდებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და დამოწმებული ცვლილებების სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენა („საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), (ტ. 1, ს.ფ. 212-214). მოსარჩელის განცხადების გამო აღნიშნულ მოთხოვნაზე 2015 წლის 23 ოქტომბერს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
8. 2015 წლის 26 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით (კვლავ მოთხოვნილი იყო ცვლილებების რეგისტრაცია საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში), კერძოდ, სარეგისტრაციო წარდგენილ იქნა საზოგადოების აქციონერთა იმავე თარიღისა (25.09.2015 წელი) და იმავე დღის წესრიგით ჩატარებული, ამჯერად ნოტარიუსის მიერ დამოწმებული კრების ოქმი (იხილეთ ტ. 1, 12-18).
9. მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 27 ოქტომბრის #B15192706/4 გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადებაზე კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დაევალა საზოგადოების წესდებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და დამოწმებული ცვლილებების სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენა. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მეორე საფუძვლად სააგენტომ განმცხადებელს მიუთითა მოსარჩელის წილზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მათთან წარდგენილი განცხადებაზე (ტ. 1, ს.ფ. 108-111).
10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ნოემბრის #102015331993/4 გადაწყვეტილებით, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მოსარჩელის წილზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
11. 2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა მოსარჩელის წარმომადგენლის საჩივარი, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ამავე სააგენტოს 27.10.2015 წლის #B15211457/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სარეგისტრაციო წარმოების განახლების მოთხოვნით.
12. მოპასუხის 2015 წლის 15 დეკემბრის #299925 გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული საჩივარი უარყოფილ იქნა. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილმა პირმა მიიჩნია, რომ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის 2015 წლის 27 ოქტომბრის #B15211457/5 სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და საჩივრის უარყოფის შესახებ 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სარეგისტრაციო წარმოების განახლებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2015 წლის 25 სექტემბრის ოქმის რეგისტრაციის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ კრება დაინიშნა და ჩატარდა კომპანიის იურიდიულ მისამართზე, მაგრამ რამდენიმე აქციონერის დესტრუქციული ქმედების შედეგად ოქმის მომზადება მითითებულ მისამართზე შეუძლებელი გახდა, რის გამოც ოქმი დაიბეჭდა ალ. .... ამის შესახებ ინფორმირებული იყო ყველა აქციონერი, რომელიც გამოცხადდა კომპანიის იურიდიულ მისამართზე. მოსარჩელის მითითებით, წესდების 8.3. მუხლი მხოლოდ იმ შეზღუდვას უწესებდა, რომ სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე არ შეეძლო, მისი კონტროლის ქვეშ არსებული 50%-ზე მეტი ხმის საერთო კრებაზე გამოყენება, თუმცა ასეთი რამ არ გამოკვეთილა.
14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
15. მესამე პირის - კომპანიის, წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მოპასუხის პოზიციას და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი კრების ოქმი არ არის კომპანიის აქციონერთა საერთო კრების ოქმი. სს-ის აქციონერთა კრების მოწვევა და ჩატარება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომპანიის წესდებით რეგულირდება. სადავო კრების ოქმი კი, შედგენილია კანონისა და წესდების მოთხოვნათა დარღვევით.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 512 და 54.2 მუხლები, კომპანიის წესდების 4.3 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105.2 მუხლები გამოიყენა.
17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
17.1. აპელანტის მტკიცებით, გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2015 წლის №15192706/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე, მაშინ, როცა დაზუსტებული სარჩელით მის მიერ მოთხოვნილი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.10.2015 წლის №B15211457/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მასში არ არის მითითება, რითაც ცნობილი გახდებოდა, თუ რატომ იქნა უარყოფილი სარჩელი. სამოტივაციო ნაწილში ყოველგვარი განმარტების გარეშე მოყვანილია ნორმები ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონიდან, მაგრამ კონკრეტულად რომელი მოქმედება ჩათვალა სასამართლომ არასწორად, რომელი ნორმის საფუძველზე და როგორ შეაფასა საქმის გარემოებები, გაურკვეველია.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, მართალია, 2015 წლის 25 სექტემბერს კომპანიის აქციონერთა საერთო კრება მოწვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული წესით და უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ (სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი), მაგრამ, 2015 წლის 23 სექტემბერს სსიპ „ს.ს.მ–ეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა აქციონერთა საერთო კრების გადადების შესახებ კომპანიის სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და დირექტორის განცხადება. მიუხედავად აღნიშნულისა, საზოგადოების აქციონერები: მოსარჩელე (51,5667%) და კომპანიის 2,1 %-იანი და 5,09333%-იანი წილის მფლობელი აქციონერები საზოგადოების იურიდიულ მისამართზე მაინც შეიკრიბნენ კრების ჩატარების მიზნით. ამასთან, მათ მიერ 2015 წლის 25 სექტემბერის თარიღით შედგენილი, ერთ შემთხვევაში, საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ და, მეორე შემთხვევაში, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული აქციონერთა საერთო კრების ოქმები შეიცავდა კრების ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა გარემოებებს. პალატამ მიიჩნია, რომ ვლინდებოდა სააქციო საზოგადოების სამი აქციონერის მხრიდან უფლების არამართლზომიერად გამოყენების გზით (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) აქციონერთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევისა და კრებაში საზოგადოების სხვა აქციონერების მონაწილეობის მიუღებლობის ფაქტი, რაც მრავალმხრივი გარიგების ბათილობის საფუძველი იყო (სკ-ის 54-ე მუხლი).
18.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში, 2015 წლის 25 სექტემბერის ოქმის თანახმად ცვლილებების რეგისტრაციის საფუძველი.
18.3. აპელანტის იმ პრეტენზიასთან მიმართებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.09.2015 წლის №15192706/4 გადაწყვეტილების ბათილობაზე უარი უთხრა, ის კი დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა არა ამ გადაწყვეტილების, არამედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.10.2015 წლის №B15211457/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ დაშვებული უსწორობა, ვერ გახდებოდა საქმეზე გამოტანილი არსებითად სწორი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
19. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 18) და დამატებით განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს ხელშეწყობით სამეთვალყურეო საბჭომ მიიტაცა ძალაუფლება, ყველანაირად ცდილობენ თავის გადარჩენას, რომ არ გაათავისუფლონ, არ შეისწავლონ მათი საქმიანობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ იმ ქმედებებისთვის, რამაც კომპანია გააკოტრა. აქციონერთა კრება დღემდე არ დანიშნულა და ჩატარებულა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის თქმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.2 (საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება) 52.2 (სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, წესდებით განსაზღვრული ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები) მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი დაზღვეული წერილით ეგზავნებათ. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით) და 54.4. (საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება) კომპანიის წესდების 4.3 პუნქტის (სააქციო საზოგადოების საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორის მიერ, კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი, ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნიდან 20 დღის შემდეგ. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დღის წესრიგი და დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია გადაწყვეტილების მისაღებად. კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა დაერთოს იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება. საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი ეგზავნებათ დაზღვეული წერილით. 1%-ზე ნაკლების აქციების მფლობელებს ასევე ეგზავნებათ შეტყობინება საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ) და 4.5. პუნქტის (საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – დირექტორი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება. რიგგარეშე საერთო კრებას ხელმძღვანელობს დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) წინაპირობების არ არსებობამ განაპირობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სადავო კრების ოქმი ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების წესდებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს საზოგადოების მიერ კრების მოწვევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურული წესების უხეში დარღვევის გამო.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა სს-ის სამი აქციონერის მხრიდან უფლების არამართლზომიერად გამოყენების გზით აქციონერთა საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევასა და კრებაში საზოგადოების სხვა აქციონერების მონაწილეობის მიუღებლობის ფაქტი, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, აქციონერთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (იხ. სუსგ №ას-863-813-2015, 2015 წლის 17 დეკემბერი). შესაბამისად, აქციონერთა კრების ოქმზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების თაობაზე და თვლის, რომ არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის საფუძველი.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას-1101-1037-2015 27.09.2016წ).
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
29. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ს–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს დ.ს–ძის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 17.07.2018 წ.) 70% – 210 (ორასათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი