Facebook Twitter

26 ოქტომბერი, 2018 წელი,

საქმე № ას-1331-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. კ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ბ. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან არასრულწლოვანის მამა) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

1.1. მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ე. კ-ესთან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვანი ან შვილი) ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის ოთხშაბათი - 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა დღე, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედის - მ. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, არასრულწლოვანის დედა) ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით არასრულწლოვანის დედის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, რასაც საფუძვლად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა დაედო.

2.1. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის დადგენილი 30-დღიანი ვადა გავიდა 27 ივნისს. გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში მომზადდა, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება მეორე მხარეს (მოსარჩელეს) გაეგზავნა დადგენილ ვადაში - 2018 წლის 21 ივნისს. ამრიგად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში ტექსტში სსსკ-ის, 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2018 წლის 28 ივნისიდან, გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის გასვლის მეორე დღიდან და ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ 2018 წლის 12 ივლისს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი, იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება - ტ. 1, ს. ფ. 183). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა დაარღვია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

2.2. სსსკ-ის მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლოს მიერ მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

2.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურსამართლებრივ საფუძველს.

2.4. სსსკ-ის 374.1-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზეც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

3. მოპასუხემ ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება. მან სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა, რომლის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.“

3.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, კანონმდებელი გადაწყვეტილების დასაბუთებას გარკვეულ სამართლებრივ შედეგებს უკავშირებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებითაც ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება სწორედ იმას გულისხმობს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება, დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და, როგორც აღნიშნავს, ის სისტემატურად უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს დასაბუთებული განჩინების ჩასაბარებლად, მაგრამ მას აღნიშნული არ ჩაჰბარებია და არც მისი მომზადების შესახებ არ მიუღია ინფორმაცია. მან მხოლოდ 2018 წლის 3 ივლისს შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან - 4 ივლისიდან დაიწყო მისთვის განჩინების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა და ეს ვადა დასრულდებოდა ამავე წლის 17 ივლისს, ხოლო სადავო განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში, 2018 წლის 12 ივლისს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, "კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით." ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, "საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას."

6. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის მსჯელობას სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია: „ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით“. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობის მართლზომიერება სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

7. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები (მშობლები) ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ბავშვი იმყოფება დედასთან. მამა მოითხოვს შვილთან ურთიერთობის უფლებას და ამ უფლების რეალიზაციის მიზნით, რეგულარული ურთიერთობისათვის დროის გასაზღვრას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კატეგორიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება სასამართლოს მოვალეობაა და მასზე არ ვრცელდება სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი. მითითებული ნორმის მეორე ნაწილისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქ/პუნქტის მიხედვით, სასამართლოს არა მარტო მოსარჩელისათვის, არამედ მოპასუხისთვისაც უნდა გაეგზავნა და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამგვარი მიდგომით სასამართლომ უგულებელყო არსობრივად ერთნაირის თანაბრად მოპყრობის პრინციპი, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ერთი მხარისათვის ჩაბარება და მეორესთვის ჩაუბარებლობა, მით უფრო, როცა სასამართლოს კანონით აკისრია ამის ვალდებულება, კანონის დარღვევაა, რადგანაც განსახილველი საქმე, რომელიც მამის მოთხოვნიდან გამომდინარე, უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან, საკასაციო სასამართლო აფასებს კონკრეტული პირისათვის დამდგარი ფაქტობრივი სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რადგან საკითხი უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელ ნაწილს - მხარის მიერ კანონით დადგენილი გასაჩივრების უფლების გამოყენებას. ასეთ ვითარებაში, საპროცესო ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ შეიზღუდოს პირის გასაჩივრების უფლება, დაუშვებელია, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმებ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).

8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ იქამდე, სანამ მას არ ჩაჰბარდებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ის ვერ შეძლებდა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენას. მას გადაწყვეტილების ასლი 2018 წლის 3 ივლისს ჩაჰბარდა და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 4 ივლისიდან. მომჩივანმა საჩივარი დროულად (12 ივლისს) წარადგინა. სასამართლოს მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობამ, მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობამ ხელყო მოპასუხის გასაჩივრების უფლება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ საფუძვლით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება. ზემოაღნიშულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) განმარტავს: „საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (შდრ. სუსგები # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.2016წ;).

10. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი