საქმე №ა-4600-შ-120-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ჭ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ს.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილებით თ. ჭ–სა და ი. ს-ს მიენიჭათ 2007 წლის 1 ნოემბერს საქართველოში, ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის უფლება.
2. თ. ჭ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა განქორწინების თაობაზე საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ თ. ჭ–ი საქართველოს მოქალაქეა.
4. საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეების გასაჩივრების განყოფილების მიერ გაცემული მოწმობიდან დგინდება, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თ. ჭ–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილების დამოწმებული ქართული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თ. ჭ–სა და ი. ს-ს შორის 2007 წლის 1 ნოემბერს საქართველოში, ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
6. ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის - თ. ჭ–ის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა მის ბიძას ზ. თ-ეს 2018 წლის 26 ოქტომბერს.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტი შუამდგომლობის ავტორისთვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2018 წლის 5 ნოემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. ჭ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 26 ოქტომბერს. ამასთან, მას განემარტა, რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა, თუმცა, მას ხარვეზის გამოსწორების ვადის განმავლობაში ანუ 2018 წლის 5 ნოემბრის დღის ბოლომდე ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მოცემული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
15. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ჭ–ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლითა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჭ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის ერთწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 3 ივლისის №2924/2017 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური