Facebook Twitter

საქმე №ა-1997-შ-48-2018 5 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით (განაჩენით) გ. ა-ის სარჩელი გ. ნ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 540 000 სრ დრამის, როგორც ვალდებულების თანხისა და 3000 სრ დრამის, როგორც წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, გადახდა; გ. ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული და 1 540 000 სრ დრამის მიმართ დაანგარიშებული პროცენტების გადახდა 2012 წლის 17 მარტიდან დაწყებული ვალდებულების ფაქტიური შესრულების დღემდე.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2018 წლის 30 აპრილის №3069 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა გ. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

3. სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებიდან ირკვევა, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (განაჩენი) კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

4. სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებიდან (განაჩენიდან) ირკვევა, რომ მხარეები სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუმცა სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

5. სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გ. ნ–ს სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების მიზნით საფოსტო გზავნილის მეშვეობით გაეგზავნა სასამართლო უწყება, თუმცა კონვერტი უკან დაბრუნდა სასამართლოში, უკანასკნელის მხრიდან ზემოაღნიშნული საბუთების მიღების გარეშე. გარდა ამისა, აღნიშნული ცნობის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის გ. ნ–ის ინფორმირების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალსა და 1 სექტემბერს საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოს მისცა სასამართლო დავალება, რომლებზე საპასუხოდ საქართველოს უფლებამოსილმა სასამართლომ აცნობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საბუთები არ გადაეცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

7. ზემოაღნიშნული განჩინება და შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად 2018 წლის 21 მაისს ჩაბარდა გ. ნ–ის მეუღლეს ი. ყ-ეს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ მას მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო, თუ ის აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით (განაჩენით) გ. ა-ის სარჩელი გ. ნ–ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ-- ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 540 000 სრ დრამის, როგორც ვალდებულების თანხისა და 3000 სრ დრამის, როგორც წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, გადახდა; გ. ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული და 1 540 000 სრ დრამის მიმართ დაანგარიშებული პროცენტების გადახდა 2012 წლის 17 მარტიდან დაწყებული ვალდებულების ფაქტიური შესრულების დღემდე; სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (განაჩენი) კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მოწინააღმდეგე მხარის გ. ნ–ის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია.

15. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე მხარის სათანადო წესით ინფორმირებულობის საკითხს, რაც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შუამდგომლობაზე თანდართული სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობას, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს გ. ნ–ს სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინების მიზნით საფოსტო გზავნილის მეშვეობით გაეგზავნა სასამართლო უწყება, თუმცა კონვერტი უკან დაბრუნდა სასამართლოში, უკანასკნელის მხრიდან ზემოაღნიშნული საბუთების მიღების გარეშე. გარდა ამისა, მოწინააღმდეგე მხარის გ. ნ–ის ინფორმირების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის სასამართლომ 2016 წლის 29 თებერვალსა და 1 სექტემბერს საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოს მისცა სასამართლო დავალება, რომლებზე საპასუხოდ საქართველოს უფლებამოსილმა სასამართლომ აცნობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გ. ნ–ს საბუთები არ გადაეცა, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (განაჩენის) თანახმად, მხარეები სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი, თუმცა არ გამოცხადდნენ. სასამართლომ იხელმძღვანელა სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქმე განიხილა მხარეთა დაუსწრებლად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სომხეთის რესპუბლიკის სასამართლომ საკუთარი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რაც ქმნის პრეზუმფციას, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. ნ–ი სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო პროცესის თაობაზე.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველი შუამდგომლობა და თანდართული მასალები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს გ. ნ–ს, თუმცა, აღნიშნულ შუამდგომლობაზე მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არც სომხეთის რესპუბლიკაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადო წესით ინფორმირებულობის საკითხზე არ გამოუთქვამს პრეტენზია. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რასაც შეეძლო გაექარწყლებინა მხარის სათანადო წესით ინფორმირებულობის პრეზუმფცია.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე გ. ნ–ი სომხეთის რესპუბლიკაში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სათანადოდ იყო ინფორმირებული. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.

20. შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (განაჩენი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის კენტრონ და ნორქ-მარაშ ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება (განაჩენი), რომლითაც გ. ა-ის სარჩელი გ. ნ–ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 540 000 სრ დრამის, როგორც ვალდებულების თანხისა და 3000 სრ დრამის, როგორც წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის, გადახდა; გ. ნ–ს გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული და 1 540 000 სრ დრამის მიმართ დაანგარიშებული პროცენტების გადახდა 2012 წლის 17 მარტიდან დაწყებული ვალდებულების ფაქტიური შესრულების დღემდე;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე