Facebook Twitter

საქმე №ას-681-681-2018 30 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – განჩინების აღსრულების დროებით შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. კ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ნ-სა (შემდგომში - „მოპასუხე“) და სსიპ „ს-ის“ (შემდგომში - „ნ.“) მიმართ და მოითხოვა 1990 წლის სექტემბრის თვის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღის დადება მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ ქალაქ ზუგდიდში, კ-ში მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: №4- (შემდგომში - „სადავო ნივთი).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და დადგინდა სადავო ნივთზე ყადაღის მოხსნა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

9. 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სადავო ნივთის მიმართ დადგენილი უზრუნველყოფის - ყადაღის დადების, გაუქმების ნაწილში.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ დარჩა განუხილველი. მოსარჩელეს განემარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსათვის უნდა მიემართა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის თანახმად, განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას მოითხოვენ. ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლის განსჯადობას. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.

12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მოსარჩელემ საქმის წარმოების განახლების შესახებ და კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, შესაბამისად, წარდგენილი განცხადების უზრუნველსაყოფად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებითაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა ხსენებული განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ მისი განცხადების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისთვის განსახილველად დაბრუნება.

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. მოსარჩელე განჩინების აღსრულების დროებით შეჩერებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც რეგლამენტირებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების დროებით შეჩერების საკითხი, რისი გათვალისწინებითაც მისი განცხადების განმხილველი განსჯადი სასამართლო არის არა ზუგდიდის რაიონული სასამართლო, არამედ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო;

14.2. 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე სადავო ნივთზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სააღსრულებო ფურცლის ამოწერა და სააღსრულებო ფურცლის ამოწერის დროებით შეჩერებაც სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებაა.

15. კერძო საჩივრის ავტორმა თავისი მსჯელობის გასამყარებლად მიუთითა 2018 წლის 26 იანვრის №ას-1514-1434-2017 და 2015 წლის 14 აგვისტოს №ას-678-644-2015 განჩინებებზე.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და დადგინდა სადავო ნივთზე ყადაღის მოხსნა. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინების საფუძველზე შევიდა კანონიერ ძალაში.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების, სადავო ნივთის მიმართ დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ დარჩა განუხილველი. მოსარჩელეს განემარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა.

21. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის განცხადების განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ მისი განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსახილველია, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. სუსგ №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი იმგვარი გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომელიც საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს. ამასთან, შესაძლოა, ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე მასში ექცეოდეს ისეთი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რომლითაც გარკვეული მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი დგება მოდავე მხარის მიმართ. აღნიშნული მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა იმ განჩინების აღსრულების შეჩერება, რომლითაც მხოლოდ ცალკეული საპროცესო მოქმედება შესრულდა და რომელსაც დავის გადაწყვეტისას რაიმე მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიუღია, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დადგინდა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა. მისი გაუქმება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით განსაზღვრული: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის, თანმდევ შედეგს წარმოადგენს.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება წარმოადგენს ცალკეულ საპროცესო მოქმედებას, რომელიც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თანმდევი შედეგია და, გამომდინარე აქედან, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვერ განიხილება იმგვარი მატერიალურ-სამართლებივი შედეგის მატარებელ გადაწყვეტილებად, რომლის აღსრულების დროებით შეჩერებასაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი ითვალისწინებს.

29. შესაბამისად, რამდენადაც საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა არ არის გათვალისწინებული, იგი ვერ გაიზიარებს ვერც სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინების აღსრულების დროებით შეჩერების შესახებ განცხადებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა.

30. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ნორმის არასწორ განმარტებას არსებითად არასწორი განჩინების გამოტანა არ მოჰყოლია შედეგად და მოსარჩელის განცხადება მართებულად დარჩა განუხილველი.

31. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ განჩინებებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი) აღნიშნავს, რომ ხსენებულ განჩინებებში მხარეები განსახილველი შემთხვევისაგან განსხვავებით პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული არსებითი გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერებას მოითხოვენ. შესაბამისად, ეს განჩინებები წინამდებარე დავასთან მიმართებით კერძოს საჩივრის ავტორის პოზიციის დასასაბუთებლად არ გამოდგება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე