საქმე № ას-1479-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს "თ." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ.ო–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს “თ–ის” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, პ.ო–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხისათვის 1 304,59 ლარის დაკისრებას, არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება - ტ. 2, ს.ფ. 24-25).
3. 2017 წლის 7 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში შევიდა ცვლილება და ნორმის ახალი რედაქცია შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“.
4.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ზემოაღნიშნულ ცვლილებაზე დაყრდნობით, 2018 წლის 25 ივნისს მიიღო განჩინება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება), რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა.
5. მოსარჩელე კერძო საჩივრით მოითხოვს 2018 წლის 25 ივნისის განჩინების გაუქმებას. მომჩივანი “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე უთითებს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ის აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზეც, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უთხრა უარი, რითაც უხეშად დაირღვა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, „კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.“ ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, „საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“
8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სასამართლოს მიერ წარმოებაში(განსახილველად) მიღებული სააპელაციო საჩივრის მოგვიანებით დაუშვებლად ცნობის კანონიერების საკითხი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მსჯელობას “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსა და მასთან კავშირში საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე და დამატებით მიუთითებს სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად: “სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.” იმავე პრინციპს განამტკიცებს სსსკ-ის გარდამავალი დებულებების 435-ე მუხლიც.
9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 1304,59 ლარის დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად და ჩაატარა საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს (საქმის განასახილველად მიღებისას), ანუ 2018 წლის 15 თებერვალს, სავსებით სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი წესით; ამასთან, მისი შემდგომი მოქმედება, კანონში მოგვიანებით შესული ცვლილების საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება, უკანონოა. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ დავაზე, რომელიც წარმოებაში მიღების ეტაპზე დასაშვები იყო, არ შეიძლება, განუხილველად იქნეს დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, კანონში შესული ცვლილებების გამო, ამ ღირებულების ქონებრივი დავა დაუშვებელი გახდა. სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში. ამ მუხლით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედებისა თუ გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
10. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით, იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების განხორციელებისას მოქმედებდა.
11. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ, ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 365-ე მუხლში 2018 წლის 7 მარტს შესულ ცვლილებაზე, რომლითაც ქონებრივსამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა განისაზღვრა იმ შემთხვევებისთვის, როცა დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა კრიტერიუმი და განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული ცვლილების შეტანამდე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განსახილველად მიეღო სააპელაციო საჩივარი ქონებრივ სამართლებრივ დავაში, რადგანაც დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1 000 ლარს. სააპელაციო საჩივარი, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველად იქნა მიღებული 2017 წლის 15 თებერვალს, ანუ იმ პერიოდში, როცა კანონის ახალი ნორმა ჯერ ამოქმედებული არ იყო. მას შემდეგ, რაც ცვლილება შევიდა აღნიშნულ ნორმაში, საქმის განხილვის ეტაპზე სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. მოცემული სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე არსებული საპროცესო ნორმებით და არა შეცვლილი მუხლით, რომელიც აუარესებს აპელანტის მდგომარეობას, რაც საპროცესო ნორმის უკუქცევითი ძალის არქონის პრინციპს ეწინააღმდეგება (შდრ.საქმე#ას-614-614-2018, 31.05.2018, ასევე საქმე#ას-1171-1100-2012, 3.12.2012).
12. ამასთან, ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული დათქმა - ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო, საკასაციო სასამართლომ შეაფასა კონკრეტული პირისათვის მიღებული ფაქტობრივ-სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რადგან საკითხი უკავშირდება “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას მხარის მიერ კანონით დადგენილი გასაჩივრების უფლების გამოყენებას, საპროცესო ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ შეიზღუდოს პირის გასაჩივრების უფლება დაუშვებელია.
13. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალნათელი მაგალითია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი.
15. ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებას, როგორც კანონსაწინააღმდეგოს, საკასაციო სასამართლო აუქმებს და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი