Facebook Twitter

№ას-1683-2018 22 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ზ.კ–ძე, ნ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ც.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება; საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ხ.ც–ის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეების - ზ.კ–ძისა და ნ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა ..., მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ .....) გამოთხოვას, ამ უძრავი ქონებიდან მოპასუხეების გამოსახლებასა და გამოთავისუფლებულ მგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარებას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ზ.კ–ძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტმა ზ.კ–ძემ და მოპასუხე ნ.კ–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) გადაუხდელობის გამო და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს ამავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ.

6. 2018 წლის 13 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ.კ–ძემ, რომელმაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორებს ამავე დღეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2018 წლის 9 ნოემბერს და დასრულდა ამავე წლის 13 ნოემბერს. ზ.კ–ძემ ხარვეზი, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გასვლამდე, შეავსო.

10. სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან აკმაყოფილებს სსსკ-ის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესაძლებლობას მისი წარმოებაში მიღების შემდეგ. აღნიშნული ნორმა, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე, 399-ე მუხლების საფუძველზე ასევე გამოიყენება საკასაციო საჩივრის განხილვისას, განმარტავს, რომ, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს საკასაციო საჩივარი განუხილველი.

12. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან ის არ წარმოადგენს საკასაციო გასაჩივრების სუბიექტს. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

13. მოცემულ შემთხვევაში კასატორ ნ.კ–ძეს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ნ.კ–ძის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ვინაიდან ნ.კ–ძემ არ გამოიყენა სსსკ-ის 364-ე მუხლით განსაზღვრული უფლება მან დაკარგა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. წარმოებაში იქნეს მიღებული ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი საკასაციო საჩივარზე;

4. სამოქალაქო საქმეთა პალატის კოლეგიური შემადგენლობა, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა