Facebook Twitter

31 ოქტომბერი, 2018 წელი,

№ას-305-290-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – სს „ს.ბ.“

წარმომადგენელი - რ.თ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ც.ს., დ.ს.

წარმომადგენელი - ზ.ბ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ც.ს–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი, პირველი მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და სს „ს.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორის 2006 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (N507048), რომლითაც ბანკმა მოსარჩელეს მიკროკრედიტის ხაზი გაუხსნა. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხემ და დ.ს–მა (მესაკუთრე, მეორე მოსარჩელე) იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული გარდაბნის რაიონის, სოფელ .... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი .....).

2. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო მიკროკრედიტის ხელშეკრულებები: 2007 წლის 20 სექტემბრის (N507048-297526) ხელშეკრულება - 18 თვის ვადით, 2008 წლის 31 იანვრის (N507048- 436523) ხელშეკრულება - 12 თვის ვადით და 2008 წლის 13 მაისის (N507048-536229) ხელშეკრულება - 18 თვის ვადით.

3. 2012 წლის 21 ნოემბერს, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საფასური - 8000 აშშ დოლარი მყიდველმა პირველი მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა, რაც მოპასუხემ იმავე დღეს ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწერა და მსესხებლის ვალის დასაფარად მიმართა.

5. 2014 წლის 4 მარტს მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს 8000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მათი მტკიცებით, მოპასუხემ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა თვითნებურად, მოსარჩელესთან შეთანხმებისა და მითითების გარეშე, თავისი შეხედულებისამებრ, ვალის დასაფარად განკარგა, რომელიც იმ დროისათვის უკვე ხანდაზმული იყო. ამით ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გაიყიდა და ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - ნასყიდობის საფასური მიემართა მოსარჩელის ვალის დასაფარავად. შეთანხმების შესაბამისად, ბანკმა ვალის გასტუმრების შემდეგ იპოთეკით დატვირთული ქონება გაათავისუფლა. მოთხოვნა ხანდაზმულიც რომ ყოფილიყო, მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, რის გამოც მას არა აქვს გადახდილის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ-ის) 144.2 მუხლიდან გამომდინარე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 8 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 145-ე, 316-ე, 317-ე, 477-ე, 976-ე, 979-ე, 991-ე მუხლები და დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრას იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა.

8.1. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს ეკისრებოდა იმ ფაქტის დადასტურების ტვირთი, რომ მას სრული უფლება ჰქონდა გაყიდული უძრავი ქონების შედეგად პირველი მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, ვალის დასაფარავად მიემართა. მოპასუხემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარმოადგინა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მან ვერც ანგარიშის მფლობელის მხრიდან ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის თანხმობის ან მითითების მიცემის ფაქტი დაადასტურა. სასამართლომ დაასკვნა, რომ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მიემართა ვალის დასაფარავად, მისი თანხმობისა და მითითების გარეშე.

8.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ ბანკის მოთხოვნა სესხის დაბრუნების თაობაზე ხანდაზმული იყო. 2007 წლის 20 სექტემბრის მიკროკრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 18 თვის ვადით, მისი დანართიდან დგინდება, რომ, გრაფიკის თანახმად, უკანასკნელად თანხა უნდა გადახდილიყო 2009 წლის 30 იანვარს. 2008 წლის 13 მაისის მიკროკრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 18 თვის ვადით, მისი დანართიდან დგინდება, რომ სესხი, გრაფიკის თანახმად, 2009 წლის 13 ნოემბერს უნდა გადახდილიყო. 2008 წლის 31 იანვრის მიკროკრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა 12 თვის ვადით, გრაფიკის თანახმად, გადახდა 2009 წლის 20 მარტს უნდა დასრულებულიყო. ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ მოთხოვნა წარმოეშვა, სულ მცირე, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების უკანასკნელ ვადაში და, სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა ხანდაზმული იყო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ჩამოწერის დროისათვის.

8.3 სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომელიც, სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით, ამტკიცებდა, რომ, რადგან ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არ ჰქონდა შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სასამართლოს განმარტებით, ნორმა გულისხმობს ვალდებული პირის მხრიდან მოვალეობის ნებაყოფლობით შესრულებას. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვალდებულების ანგარიშში თანხა ჩაირიცხა მისი თანხმობის გარეშე, ე.ი, ნების საწინააღმდეგოდ.

8.4 გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ ანგარიშიდან ფულადი სახსრები ჩამოწერა მისი მფლობელის ნებართვის გარეშე, ამასთან, თანხა მიმართა იმ ვალდებულების შესრულების ანგარიშში, რომელთან დაკავშირებითაც მას მოთხოვნის უფელება აღარ ჰქონდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე და ის უფლებამოსილ პირს უნდა დაჰბრუნებოდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბანკმა ანგარიშზე დარიცხული თანხა მსესხებლის თანხმობისა და მითითების გარეშე მიმართა ამ უკანასკნელის ვალის დასაფარად. ასეთი თანხმობა მოვალეს, 2006 წლის 11 დეკემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.9 პუნქტის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდა გაცხადებული.

9.2. სასამართლომ ისე მიიჩნია იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულება ხანდაზმულად, რომ არ გაითვალისწინა იმავე საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

9.3. სასამართლომ მიუთითა, რომ 13.05.2008 წლის მიკროკრედიტის ხელშეკრულება 18 თვით გაფორმდა, მაშინ, როდესაც მისი დანართიდან დგინდება, რომ გრაფიკის შესაბამისად სესხი 2009 წლის 13 ნოემბერს უნდა გადახდილიყო, სარჩელი კი შეტანილია 2012 წლის 13 ივლისს. ამდენად, ბანკის მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.

9.4. იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკის მოთხოვნა ხანდაზმული იქნებოდა, აპელანტის მოსაზრებით, ეს არ ართმევდა ბანკს უფლებას, მსესხებლისაგან თანხა მიეღო და ვალდებულების დასაფარავად მიემართა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს 7591.08 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

10.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესულ 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მსესხებელსა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისრათ 1908.92 აშშ დოლარის გადახდა ბანკის სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატის მსჯელობისა და შეფასების საგანი იყო 2007 წლის 20 სექტემბრის, 2008 წლის 31 იანვრისა და 2008 წლის 13 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის საკითხიც, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებული მოთხოვნები არ იყო ხანდაზმული. ამდენად, ის რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები ხანდაზმული არ იყო, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციულად დადგენილ გარემოებად მიიჩნია. 10.2. პალატის მითითებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდებოდა, რომ 2007 წლის 20 სექტემბრის, 2008 წლის 31 იანვრისა და 2008 წლის 13 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე, შესრულებული ვალდებულების გათვალისწინებით, 408.92 აშშ დოლარი იყო. ამდენად, პრეიუდიციულად დადგენილი გარემოება ის იყო, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მსესხებლის დავალიანება 2011 წლის 21 ნოემბრის მონაცემებით, 408.92 აშშ დოლარს შეადგენდა (აქედან, სესხის თანხა - 108.92 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი).

10.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბანკს 2012 წლის 21 ნოემბერს მსესხებლის ანგარიშიდან, ამ უკანასკნელის ვალდებულების დასაფარავად, უაქცეპტოდ, მხოლოდ 408.92 აშშ დოლარის ჩამოწერის საფუძველი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 7591.08 აშშ დოლარი (8000 აშშ $-408.92 აშშ $) ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამოწერა, რაც სსკ-ის 991-ე მუხლით წესრიგდებოდა და მიღებული თანხა დაბრუნებას ექვემდებარებოდა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიაზე მითითებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ მსესხებლის დავალიანება, იპოთეკური სესხიდან გამომდინარე, 408.92 აშშ დოლარი იყო. ეს თანხა დარჩენილია 8 000 აშშ დოლარის დაფარვის შემდეგ და არა დავალიანების დაფარვამდე. შესაბამისად, ბანკს სრული უფლება ჰქონდა, მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან იპოთეკური სესხი დაეფარა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან (წინამდებარე გადაწყვეტილების 1-5 პუნქტები) გამომდინარე, მოთხოვნის, მოპასუხისათვის 8 000 აშშ დოლარის დაკისრების, სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 861-ე მუხლი (საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია, ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია, მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში).

15. მოთხოვნა დაკმაყოფილებადი იქნებოდა, თუ მოსარჩელე დაამტკიცებდა:

ა) მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საბანკო მომსახურების (ანგარიშის გახსნის) შესახებ შეთანხმების არსებობასა და ბანკის მიერ მოსარჩელისათვის ანგარიშის გახსნას;

ბ) მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან 8000 აშშ დოლარის მოსარჩელის თანხმობის გარეშე ჩამოწერას;

16. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ პირველი მოსარჩელისათვის ანგარიშის გახსნა სადავო არაა. ამასთან, დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საფასური - 8000 აშშ დოლარი მყიდველმა პირველი მოსარჩელის ანგარიშზე ჩარიცხა, რაც მოპასუხემ იმავე დღეს ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწერა და მსესხებლის ვალის დასაფარად მიმართა. მოსარჩელის მოსაზრებით, ბანკს ამის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან თანხის ჩამოწერის მომენტში სესხის დაბრუნების მოთხოვნა ხანდაზმული იყო. ამდენად, მოსარჩელის თავდაპირველი განმარტებით, მართალია, მსესხებელს ბანკის წინაშე დავალიანება ეკისრა, თუმცა ეს მოთხოვნა ხანდაზმული იყო, რის გამოც ბანკს არ ჰქონდა უფლება, თანხა ანგარიშის მფლობელის თანხმობის გარეშე ჩამოეწერა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-4).

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ, დადგინდა, რომ სადავო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ ხანდაზმული არ იყო, რის გამოც, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მითითებული გარემოება დამტკიცებულად მიიჩნევა. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ბანკის მოთხოვნა ხანდაზმულიც რომ ყოფილიყო, ბანკს მაინც ექნებოდა თანხის მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოწერის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: მსესხებელმა, თავისი ვალდებულების შესასრულებლად, თანხის უაქცეპტოდ ჩამოწერაზე თანხმობა თავიდანვე ხელშეკრულებაში განაცხადა. 11.12.2006 წლის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, „კლიენტი თანახმაა, ხოლო ბანკი უფლებამოსილია, ანგარიშსწორების ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს კლიენტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი (პირგასამტეხლო, პროცენტი, ძირითადი თანხა) დათქმული ვადის მომდევნო დღეს“. ამდენად, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი უფლებამოსილი იყო, მსესხებლის ვალდებულების დასაფარად დამატებითი ნებართვის გარეშე ჩამოეწერა თანხა ამ უკანასკნელის ანგარიშიდან. ცხადია, კლიენტის ეს თანხმობა გულისხმობს, მათ შორის, ხანდაზმული მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო თანხის ჩამოწერასაც. თუ მსესხებელს არ სურს ხანდაზმული მოთხოვნის შესრულება, იგი ბანკში გახსნილ ანგარიშზე თანხას არ შეიტანს, ხოლო, თუ შეიტანს, ივარაუდება, რომ ნებაყოფლობით ასრულებს იმ მომენტში ბანკის წინაშე არსებულ ყველა ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხის თავის საბანკო ანგარიშზე განთავსებით, მოსარჩელემ ნებაყოფლობით შეასრულა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება. ეს მოთხოვნა ხანდაზმულიც რომ იყოს, მოსარჩელე შესრულებულს უკან ვეღარ დაიბრუნებს, ვინაიდან საკითხის ასეთი მოწესრიგებაა მოცემული სსკ-ის 144.2 მუხლში (თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება, მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო).

18. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნდა, ამიტომ ბანკი არ იყო უფლებამოსილი, სადავო თანხა ანგარიშის მფლობელის თანხმობის გარეშე ჩამოეწერა. საკასაციო პალატა მოსარჩელის ვერც ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ გაითვალისწინა მსესხებლის მიერ სადავო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულებული ვალდებულებები და სწორედ ამის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ მას მხოლოდ 108.92 აშშ დოლარიღა ჰქონდა გდასახდელი. გადაწყვეტილების გამოტანის დროს, 2013 წლის 5 ნოემბერს, ბანკს უკვე ჩამოწერილი ჰქონდა 8 000 აშშ დოლარი მსესხებლის დავალიანების დასაფარად, რაც, სხვა შესრულებებთან ერთად, სასამართლომ გამოაკლო მსესხებლის მთლიან ვალდებულებას (16 492.32 აშშ დოლარს) და დარჩენილი თანხა დააკისრა მოვალეს ბანკის სასარგებლოდ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, „ბანკს უნდა აუნაზღაურდეს მსესხებლის მიერ 2007 წლის 20 სექტემბერს, 2008 წლის 31 იანვარსა და ამავე წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული დავალიანება, რაც, შესრულებული ვალდებულების მხედველობაში მიღებით (16 383.40 აშშ დოლარი), შეადგენს 108.92 აშშ დოლარს“. ამდენად, ამ გადაწყვეტილების თანახმად, სწორედ 8 000 აშშ დოლარის გამოკლების შემდეგ დარჩა მსესხებელს ვალი 108.92 აშშ დოლარი. ეს დასკვნა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის განხილვისას მოპასუხე (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე) თავის შესაგებელს იმაზე აფუძნებდა, რომ მან ბანკის წინაშე ვალდებულება შეასრულა, უფრო მეტიც, 8000 აშშ დოლარი ზედმეტად ჰქონდა გადახდილი. მითითებულ საქმეში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოხსენებული არგუმენტი და ვალდებულების შესრულებული ნაწილის (მათ შორის 8000 აშშ დოლარის) გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს დარჩენილი თანხის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სწორედ 2013 წლის 21 ნოემბერს, 8000 აშშ დოლარის ჩამოწერის შემდეგ, გასცა ბანკმა იპოთეკის შეწყვეტის შესახებ ცნობა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 50), რაც, ცხადია, მოსარჩელის ინტერესში შედიოდა და მანვე მოითხოვა. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2012 წლის 21 ნოემბერს, როდესაც მის ანგარიშზე სადავო თანხა ჩაირიცხა, ბანკის წინაშე დავალიანება არ გააჩნდა. ამ გარემოების დამტკიცების ტვირთი, სსსკ-ის 102.1 დ 103.1 მუხლების საფუძველზე, პირველ მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ დაძლია.

19. რაც შეეხება მეორე მოსარჩელეს, ის ანგარიშის მფლობელი არ ყოფილა, შესაბამისად, ვერც ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას ვერ მოითხოვს, რამდენადაც სსკ-ის 861-ე მუხლი ამგვარი მოთხოვნის უფლებას მხოლოდ ანგარიშის მფლობელს ანიჭებს. ამდენად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მეორე მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობისათვის ნორმით გათვალისწინებულ წინაპირობებს არ შეიცავს, რის გამოც მისი სარჩელი დაუსაბუთებელია.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

22. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე 567.42 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 860.60 ლარი აქვს გადახდილი. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1428 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ც.ს–ისა და დ.ს–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ც.ს–ს, სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 1428 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი