№ ას-970-935-2016 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. რ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. გ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მ. რ–ისათვის ს. გ-ის სასარგებლოდ 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში
II საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ს. გ-ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. რ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მყიდველი“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „პირველი კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. გ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „გამყიდველი“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „მეორე კასატორი“ ან „შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 2-.., გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა;
1.2. 2012 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის დადებული ბეს შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. 2012 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 2-...;
2.2. მოსარჩელემ გამყიდველის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება სრულად შეასრულა. ასევე, მოპასუხემ გამოხატა ნება და ხელი მოაწერა ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. თუმცა, მოსარჩელე ვერ სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რადგან მოპასუხე ცხოვრობს იქ და განკარგავს ქონებას, როგორც საკუთარს;
2.3. 2012 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ბეს გადახდის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბეს სახით მოსარჩელემ მიიღო 17 000 აშშ დოლარი. ბეს გადახდის შესახებ ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. 2012 წლის 10 მაისამდე მოპასუხეს უნდა გადაეხადა დარჩენილი თანხა - 111 000 აშშ დოლარი, რომელიც შეთანხმებული დროისათვის არ გადაუხდია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა:
3.1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხის 70 000 აშშ დოლარისა და უძრავი ქონების ნასყიდობის მიზნით მის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხის 17 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაკისრება;
3.2. თბილისში, დ-ის ქ. კორპ. 9, ბინა №2--ის იპოთეკით დატვირთვისას მ. ქ-საგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხის 100 000 აშშ დოლარის გადახდის მოსარჩელისათვის დაკისრება;
3.3. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხის 70 000 აშშ დოლარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობით მიყენებული ზიანის, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე (2013 წლის 13 იანვრიდან 2015 წლის 13 ოქტომბრამდე) თანხის 5%-ის, სულ 112 000 აშშ დოლარის გადახდის მოსარჩელისათვის დაკისრება;
3.4. მხარეთა შორის 2012 წლის 13 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც 2011 წლის 17 მარტს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული 80 000 აშშ დოლარი ჩაითვალა უძრავი ქონების ღირებულების ნაწილში;
3.5. დაბა ურეკში მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული 80 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოსარჩელისათვის დაკისრება, რომელიც სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებისას მოპასუხეს თავის დროზე გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის და იგი არ უნდა ჩათვლილიყო ნასყიდობის ხელშეკრულებაში.
4. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1. მხარეთა შორის 2011 წლის 17 მარტს ნოტარიუს თ. ბ-სთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც სესხის თანხად მითითებულია 80 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში, საკადასტრო კოდით №2-... აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მიზანი იყო ქ. თბილისში, დ-ის ქუჩაზე მდებარე, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ბინით უზრუნველყოფილი სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადატანა უფრო ძვირადღირებულ ქონებაზე;
4.2. ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაუქმდა 2012 წლის 13 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იპოთეკის გაუქმების ხელშეკრულებით, რომლის რეგისტრაცია განხორციელდა 10:35 საათზე;
4.3. უძრავი ქონების ღირებულების გადახდის შესახებ ხელწერილი, რომლის შინაარსიც დაამოწმა ნოტარიუსმა თ. ბ-მ, სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრში გატარდა დილის 12:12 საათზე. აღნიშნული ხელწერილის შედგენისას მოპასუხეს არ მიუღია ხელწერილში დაფიქსირებული თანხა 70 000 აშშ დოლარი. ხელწერილში მითითებულია, რომ თითქოს მოპასუხემ უკვე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს მიჰყიდა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება 150 000 აშშ დოლარად, საიდანაც 80 000 აშშ დოლარი ჩაითვალა დილის 10:35 საათზე გაუქმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულ სესხის თანხაში, ხოლო 70 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ მოპასუხეს თითქოს გადაუხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე. თუმცა, სარეგისტრაციო ბარათით დასტურდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილ იქნა მოგვიანებით 15:48 საათზე.
5. მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით მოპასუხემ) შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ხელწერილზე, რომელთა მიხედვით დასტურდება, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ შეგებებული სარჩელით მოპასუხისაგან 70 000 აშშ დოლარი მიიღო სრულად და მის წინაშე პრეტენზია არ გააჩნია.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 2-.., ფლობა და სარგებლობა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა, ასევე შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის - მოსარჩელისათვის 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებისა და 70 000 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად; შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2012 წლის 18 აპრილს დადებული ბეს შესახებ ხელშეკრულება; დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით №2-..., გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა; მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სასარჩელო მოთხოვნა 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის მოსარჩელისათვის (შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის) დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადახდა.
9. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. 2011 წლის 17 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით მოპასუხეს ასესხა 80 000 აშშ დოლარი;
9.2. 2012 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე ქონებაზე. ხელშეკრულებაში დაფიქსირდა, რომ ნასყიდობის საგანი გაიყიდა 150 000 აშშ დოლარად, შესაბამისი კურსით ლარებში. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ფასის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი გადახდილად ჩაითვალა თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 70 000 აშშ დოლარი გადახდილი იქნებოდა მოსარჩელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე;
9.3. 2012 წლის 13 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გაუქმდა 2011 წლის 17 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
10. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. 2012 წლის 13 იანვარს, 12:29 საათზე ნოტარიუსმა თ. ბ-მ მოპასუხის ხელწერილზე ხელმოწერის ნამდვილობა დაადასტურა. ეს მოქმედება განხორციელდა იმავე დღეს საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე (ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე განაცხადი წარდგენილი იქნა 15:48 საათზე). ნოტარიუსის თანდასწრებით ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადაცემა არ მომხდარა. ხელწერილში დაფიქსირებულია შემდეგი: „ს. გ-ემ 13 იანვარს 2012 წელს გავაფორმე ნასყიდობის ხელშეკრულება მ. რ–თან, რომელსაც მივყიდე ჩემს სახელზე რიცხული ქონება, რომელიც მდებარეობს ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში - 150 000 აშშ ნასყიდობის ფასში 80 000 აშშ ჩაითვალა თანახმად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა დამოწმებული 17/03 2011წ. ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ, რეესტრით №110254858, ხოლო დარჩენილი 70 000 აშშ დოლარი მ. რ–მა გადამიხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე (13 იანვარი 2012 წელი) ხელმოწერისთანავე. თანხა მივიღე სრულად. მ. რ–ის წინაშე პრეტენზია არ გამაჩნია“;
10.2. 2012 წლის 13 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი, ოზურგეთში, დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია;
10.3. 2012 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ბეს ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე 2012 წლის 10 მაისამდე 128 000 აშშ დოლარად გამოისყიდიდა ოზურგეთში, დაბა ურეკში მდებარე უძრავ ქონებას (რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის 13 იანვრამდე მის საკუთრებას წარმოადგენდა და, რომელიც 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოსარჩელეს). მოპასუხემ მოსარჩელის მინდობილ პირს ბეს სახით გადასცა 17 000 აშშ დოლარი, თუმცა დარჩენილი თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაუხდია და არც ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულა;
10.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ოზურგეთის რაიონში, დაბა ურეკში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №2-...), 968 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა: განაშენიანების ფართი - 226 კვ.მ., სასარგებლო ფართი - 422,31 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 236,4 კვ.მ., 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში არის რეგისტრირებული. ამასთან, ამ ქონებაზე რეგისტრირებულია 2012 წლის 18 აპრილის ბეს გადახდის ხელშეკრულება, სადაც ბეს მიმღებს წარმოადგენს მოსარჩელე, ხოლო ბეს გამცემს - მოპასუხე.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის (მოსარჩელის) მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის 70 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მყიდველს. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები, ნათელია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი. ამასთან, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას ადასტუროს ის, რაც არ მომხდარა. მან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა. შესაბამისად, ქმედების განმახორციელებელმა მხარემ უნდა ადასტუროს მის მიერ ქმედების განხორციელება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, კანონი არ ითვალისწინებს წერილობითი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას ნასყიდობის თანხის გადაცემის შესახებ, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა ფულადი ვალდებულების შესრულება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის 70 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის ფაქტის დასადასტურებლად გამყიდველმა (მოპასუხემ) მიუთითა შემდეგ მტკიცებულებებზე:
12.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა (მ. კ-ე (შ.), დ. შ., მ. კ–ი) ჩვენებებზე;
12.2. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის, მ. კ-ის, ნოტარიუს თ. ბ-ისა და დ. შ-ს ჩვენებებზე;
12.3. 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ ნასყიდობის ფასის ნაწილი 70 000 აშშ დოლარი გადახდილი იქნება მოსარჩელის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე;
12.4. იმ გარემოებაზე, რომ ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ დამოწმებული 2012 წლის 13 იანვრის ხელწერილი შედგენილი იქნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, რაც ადასტურებდა ხელწერილში დაფიქსირებული ფაქტის უსწორობას.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მყიდველმა შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით თანხის - 70 000 აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად მიუთითა გამყიდველის ხელწერილზე, რომელზე ხელმოწერაც დამოწმებულია 2012 წლის 13 იანვარს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ და, სადაც მოპასუხის მიერ დაფიქსირებულია, რომ 70 000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადაუხადა, თანხა მიიღო სრულად და მოსარჩელის წინაშე პრეტენზია არ გააჩნია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელწერილი და ნასყიდობის ხელშეკრულება შეიცავდა ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერებს, კერძოდ, ხელწერილში დაფიქსირებული იყო, რომ ნასყიდობის თანხა სრულად გადახდილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე, მაშინ როდესაც ნასყიდობის ხელშეკრულება ხელწერილის დამოწმების დროისათვის დადებული არ ყოფილა და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია განხორციელდა ხელწერილის დამოწმებიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი დათქმები თანხის გადახდასთან დაკავშირებით მყიდველის მტკიცების სტანდარტს მაღლა წევდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა დაედასტურებინა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი. ამ მიმართებით მოსარჩელე დამატებით უთითებდა, რომ თანხის გადაცემა მოხდა სანოტარო ბიუროში, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად როდის გადასცა თანხა, სად მდებარეობდა ეს ოთახი, როგორ იყო შესაძლებელი იქ შესვლა, ნოტარიუსის სამუშაო ოთახის გავლით თუ მის გარეშე მისაღები ოთახიდან, ესწრებოდა თუ არა თანხის გადაცემას სხვა პირი, თანხის გადაცემამდე სად ჰქონდა იგი შენახული, მოსარჩელემ არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები დააფიქსირა. ერთ შემთხვევაში აღნიშნა, რომ პატარა ოთახში თანხის გადასაცემად ნოტარიუსმა შეუშვა, ხოლო მეორე შემთხვევაში უპასუხა, რომ მისთვის უცნობი იყო ნოტარიუსმა გაიგო თუ არა პატარა ოთახში თანხის გადასაცემად რომ შევიდნენ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მყიდველის ამგვარმა არათანმიმდევრულმა და ურთიერთგამომრიცხავმა პასუხებმა თანხის - 70 000 აშშ დოლარის გადაცემის კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატას ვერ შეუქმნა იმის რწმენა, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის თანხა ნამდვილად გადახდილი იყო.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნულ მსჯელობას ამყარებდა აგრეთვე მოპასუხის მიერ წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:
15.1. სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუს თ. ბ-ის ჩვენება, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „ხელწერილის დამოწმებისას ჩემი თანდასწრებით არ მომხდარა მ. რ–ის მიერ ს. გ-ისათვის 70 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი და დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული ოდენობის თანხა ჩემს სანოტარო ბიუროში ს. გ-ეს არ მიუღია“;
15.2. გამოძიებაში, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ. შ-სა და მ. კ-ის (შ-ს) ჩვენებები, რომლის თანახმად, 2012 წლის 13 იანვარს სანოტარო ბიუროში თანხის გადაცემას არ დასწრებიან. სანოტარო ბიუროდან გამოსვლისას, ასევე საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მოპასუხე მოსარჩელეს სთხოვდა თანხის გადაცემას, რომელმაც უარი განუცხადა თანხის მიცემაზე და ავტომანქანიდან გადავიდა;
15.3. სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელის ჩვენება (ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ თანხის გადაცემა მოხდა სანოტარო ორგანოში ხელწერილის გაფორმებამდე. მოპასუხეზე თანხის გადაცემას ესწრებოდა მ. შ. (კ-ე), რომელიც თან ახლდა), რომელიც განსხვავდება სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებისაგან (2016 წლის 15 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თანხის გადაცემა მოხდა 2012 წლის 13 იანვარს ნოტარიუს თ. ბ-ის სანოტარო ბიუროში მოპასუხის ხელწერილის დამოწმების შემდეგ, რასაც ესწრებოდნენ მ. კ–ი და მ. შ. (კ-ე) (17:05:30წთ). ნოტარიუსის ოფისში არის ორი ოთახი, ერთი დიდი და მეორე პატარა. ნოტარიუსი ზის დიდ ოთახში, სადაც ხალხს იღებენ. ნოტარიუსმა უთხრა, რომ პატარა ოთახში შესულიყვნენ. თანხის გადაცემა მოხდა სანოტარო ბიუროში პატარა ოთახში, სადაც დგას მაგიდა, ორი სკამი და კომპიუტერი. თანხის გადაცემას ნოტარიუსი არ დასწრებია. პატარა ოთახში შესასვლელად უნდა გაიარო დიდი ოთახი. ნოტარიუსმა დაინახა თუ არა პატარა ოთახში რომ შევიდნენ, არ იცის. 70 000 აშშ დოლარი მისცა მისმა ძმამ, რაც გადმოიტანა თურქეთიდან, სადაც იმყოფებოდა ორჯერ, თუმცა საქმეში საზღვრის გადაკვეთის მტკიცებულება არ აქვს (17:05:21-17:05:30)). ამასთან, მ. კ-ის (შ-ს) ჩვენებებით, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლო სხდომაზე ეს ფაქტი უარყოფილია.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეთა შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სანოტარო ხელწერილი თანხის გადახდაზე შეიცავდნენ ურთიერთგამომრიცხავ ჩანაწერებს, ხოლო მყიდველმა ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად სასამართლოსათვის წარედგინა თანხის გადახდის უტყუარი მტკიცებულებები, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილი - 70 000 აშშ დოლარი გადახდილი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის გადაცემის თაობაზე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
17. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, წინამდებარე გადაწყვეტილების 10.2. და 10.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ, მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა დასკვნას მოპასუხის მფლობელობიდან ქონების გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის (მოსარჩელისთვის) მისი ჩაბარების თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო განცხადებაში დაფიქსირებული ფორმულირებით.
18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-500 მუხლი გამორიცხავდა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა არა მხოლოდ 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, არამედ 2012 წლის 18 აპრილის ბეს ხელშეკრულებიდანაც, სადაც თავად მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულება ქონების ნასყიდობისა და მისი საფასურის გადახდის შესახებ. მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სწორედ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იქნა დაყენებული. შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა 2012 წლის 18 აპრილის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, მისი მითითება, რომ მას ჰქონდა ამ ხელშეკრულების საგნის დაკავების უფლება, უსაფუძვლო იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლზე, რომელიც არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელს ანიჭებს უფლებას უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თუმცა ეს მოთხოვნები ნორმის მიხედვით შეიძლება ყოფილიყო ნივთზე გაწეული, მათ შორის, მისი გაუმჯობესების ხარჯები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა.
19. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ბეს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 421-ე-423-ე მუხლებზე, 405-ე მუხლის პირველ ნაწილსა და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ, ვინაიდან ბეს გამცემს (მოპასუხეს) 2012 წლის 18 აპრილის ბეს გადახდის ხელშეკრულებით ნაკისრი, მოსარჩელისთვის 2012 წლის 10 მაისამდე უძრავი ქონების შეძენის მიზნით 128 000 აშშ დოლარის გადაცემის ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, ბეს მიმღების (მოსარჩელის) მოთხოვნა ბეს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
21. მოსარჩელემ/პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელეს დაეკისრა 70 000 აშშ დოლარის გადახდა.
22. პირველმა კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
22.1. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის ბეს გადახდის შესახებ ხელშეკრულება დადებულია 2012 წლის 18 აპრილს ანუ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. 2012 წლის 13 იანვარს მოპასუხეს მიღებული რომ არ ჰქონოდა 70 000 აშშ დოლარი, სამი თვის შემდეგ ის არ დადებდა ბეს ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ 2012 წლის 13 იანვრის შემდეგ მხარეებს შორის დაიდო ახალი გარიგება და, შესაბამისად, თუ მანამდე არსებული გარიგებებიდან მათ შორის იყო რაიმე პრეტენზია, ეს აისახებოდა ახალ გარიგებაში, რასაც ადგილი არ ჰქონია;
22.2. გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, რომ ნოტარიუსის თანდასწრებით 70 000 აშშ დოლარის გადაცემა არ მომხდარა, ვინაიდან ამ გარემოებას სადავოდ არცერთი მხარე არ ხდიდა;
22.3. არასწორია ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენების მტკიცებულების სახით გამოყენება იმ დასაბუთებით, რომ ნოტარიუსი არ დაკითხულა სასამართლოში და მხოლოდ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ გაიზიაროს მასში ასახული რომელიმე ფაქტობრივი გარემოება. ასეთი სახის მტკიცებულების გაზიარება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო ორგანოში მიცემული ჩვენება უნდა დადასტურდეს მხოლოდ სასამართლოში. ამასთან, თუნდაც აღნიშნული ჩვენება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებად, იგი მაინც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სადავო თანხა სანოტარო ბიუროში მოპასუხეს არ მიუღია, რადგან ნოტარიუსი აღნიშნულ ჩვენებაში ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ მას არ დაუნახავს თანხის გადაცემის მომენტი;
22.4. არასარწმუნო იყო დ. შ-სა და მ. კ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც ისაუბრეს არაერთ ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე, ამასთან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ისინი მეუღლეები არიან და, ამავე დროს, დაინტერესებული პირები, რათა მოსარჩელეს დაეკისროს თანხის გადახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ საგამოძიებო ორგანოში ჩვენება მისცეს მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში დ. შ-ს დედის - მ. კ–ის წინააღმდეგ;
22.5. მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტება სასამართლოში, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს არ გადასცა თანხა, არ არის საკმარისი მტკიცებულება ასეთი სახის დავებში, მით უმეტეს, როდესაც არსებობს წერილობითი მტკიცებულება მოპასუხის მიერ თანხის მიღებაზე;
22.6. სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხის მიერ 2012 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ დოკუმენტს, სადაც ის ცალსახად ადასტურებს 70 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს: „თანხა მივიღე სრულად, მ. რ–ის წინაშე პრეტენზია არ გამაჩნია“. ასეთი ჩანაწერის არსებობის პირობებში, ასევე საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 18 აპრილს ბეს შესახებ ხელშეკრულების დადების ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელისთვის მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტით დაკისრების თაობაზე, არასწორი იყო. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია ასევე იმას, რომ მოპასუხე წარმოადგენდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს 70 000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში და მტკიცების ტვირთის ასეთ ვითარებაში შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის გადაკისრება ასევე არასწორი იყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით;
22.7. სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, თუ რა მიზნით მოაწერა მოპასუხემ ხელი ხელწერილს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე და რას ისახავდა მიზნად ამ ხელწერილის ნოტარიულად დადასტურება, თუკი 70 000 აშშ დოლარი არ იქნებოდა გადაცემული მოპასუხეზე. მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციამდე ჰქონდა იურიდიული გარანტია, რომ მოპასუხემ მიიღო 70 000 აშშ დოლარი და ეს გარანტია იყო სწორედ რამდენიმე საათით ადრე გაფორმებული ხელწერილი, შესაბამისად, მან აღარ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ასახულიყო მოპასუხის მიერ თანხის მიღების ფაქტი. ხელწერილი შედგენილი იყო და თანხაც გადაცემული იყო რამდენიმე საათით ადრე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში გაფორმებამდე, თუმცა, როგორც ხელწერილში, ასევე ხელშეკრულებაში ერთი და იმავე შინაარსის ჩანაწერი მოსარჩელემ მიიჩნია საკმარისად და გააფორმა კიდეც ხელშეკრულება. ამრიგად, სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიკვლია ხელწერილში და ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი „ხელმოწერისთანავე“, ვინაიდან ეს უდავოდ იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხეს თანხა მიღებული ჰქონდა, როდესაც ხელს აწერდა ხელშეკრულებას;
22.8. არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოსარჩელემ მისცა არადამაჯერებელი და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება 70 000 აშშ დოლარის გადაცემაზე. სააპელაციო პალატამ კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა აღნიშნული. მოსარჩელე პროცესის მსვლელობისას უთითებდა, რომ მან თანხა 70 000 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეს მანამ, სანამ გარიგებას დადებდა საჯარო რეესტრში;
22.9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი რეგისტრაციიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გახადა სადავოდ მოპასუხემ თანხის მისთვის გადაცემის ფაქტი.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. მოპასუხემ/მეორე კასატორმა შეიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
25. მეორე კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
25.1. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება წაეყენოს მხოლოდ უკანონო მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხის მიერ სადავო ქონების უკანონო ფლობის ფაქტი სასამართლოს არ დაუდგენია. სააპელაციო სასამართლომ ვინდიკაციურ მოთხოვნაზე მსჯელობისას არსებითად არ მიიჩნია მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 70 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის თაობაზე და არ მისცა მას სათანადო სამართლებრივი შეფასება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე და მე-500 მუხლების თანახმად, აღნიშნული გარემოება მოპასუხეს ანიჭებს ნასყიდობის საგნის ფლობის უფლებას და გამორიცხავს უკანონო მფლობელობის ფაქტს;
25.2. მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გამოტანისას, სააპელაციო პალატამ არასწორად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მიიჩნია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებად მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 18 აპრილის ბეს გადახდის შესახებ ხელშეკრულების არსებობა. მოსარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე ბეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე არ ყოფილა დაყენებული. არ არსებობს სამართლებრივი კავშირი აღნიშნულ ხელშეკრულებასა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნას შორის, რადგან ხელშეკრულებაში არსად არის მითითებული, რომ ეს ხელშეკრულება ანიჭებდა მოპასუხეს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ქონების ფლობის უფლებას ან/და, რომ მის მიერ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარჩელეს ენიჭებოდა მისი მფლობელობიდან ამ ქონების გამოთხოვის უფლება.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
27. 2017 წლის 21 აპრილს მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა პრეტენზიების ზეპირი მოსმენისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
31. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის განხილვისას, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
32. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტი, რომ 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად მოსარჩელეს ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილი - 70 000 აშშ დოლარი მოპასუხისათვის არ გადაუხდია, დადგენილია მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით გამოკვლევა-შეფასების შედეგად.
33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
34. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. აღნიშნული ნორმით შეიძლება დადგენილი იყოს ასევე ზოგადი სტანდარტისაგან განსხვავებული მტკიცების წესი.
36. წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდის ფაქტი, რომლის მტკიცებაც, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, სწორედ მყიდველს ეკისრება.
37. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ეს ნორმა, ერთის მხრივ, იძლევა დამატებით ინფორმაციას ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისას მტკიცების ტვირთის მოვალისათვის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, განსაზღვრავს კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ფულადი ვალდებულების შესრულება.
38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
39. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია სწორედ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რომლის თანახმად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას იმიტომ წარმოადგენს მოვალისათვის, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე, რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება (იხ. სუსგ №ას-570-541-2015, 2015 წლის 11 ნოემბერი; სუსგ №ას-1541-1547-2011; 2012 წლის 19 აპრილი).
40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა დასაშვებობის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, გარემოებანი, რომლებზედაც მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შეიძლება დამტკიცდეს თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების მტკიცებისას იცვლება კონკრეტული წესით, რადგან მტკიცებულების არჩევის შესაძლებლობას ამ შემთხვევაში თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) ითვალისწინებს. ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცებისას, ამ წესის თანახმად, სხვადასხვა მტკიცებულებებს შორის უპირატესობა კრედიტორის მიერ გაცემულ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას - დოკუმენტს ენიჭება.
41. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ (მოვალემ) სადავო თანხის გადაცემის დასადასტურებლად ასეთ წერილობით დოკუმენტზე - 2012 წლის 13 იანვარს ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ დამოწმებულ გამყიდველის (კრედიტორის) ხელწერილზე მიუთითა, რომლითაც გამყიდველი ადასტურებს, რომ სადავო თანხა - 70 000 აშშ დოლარი მყიდველმა გადაუხადა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.1. პუნქტი).
42. მაშასადამე, მყიდველმა (მოვალემ) სადავო თანხის გადაცემის დასამტკიცებლად სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით განსაზღვრული განკუთვნადი მტკიცებულება წარმოადგინა, რითაც დაძლია თავისი თავდაპირველი მტკიცების ტვირთი. სხვა საკითხია, მატერიალურად და შინაარსობრივად რამდენად ვარგისია ეს მტკიცებულება.
43. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული ხელწერილის შეფასებისას დაადგინა, რომ იგი შედგენილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე და მიიჩნია, რომ არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი დათქმები ხელწერილსა და ხელშეკრულებაში თანხის გადახდასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული მყიდველის მტკიცების სტანდარტს მაღლა სწევდა და მას უკვე უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა დაედასტურებინა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი.
44. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მსჯელობას მყიდველთან მიმართებაში „მტკიცების სტანდარტის მაღლა აწევისა“ და „უტყუარად, სარწმუნოდ და ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ მტკიცების ვალდებულების წარმოშობის შესახებ, რადგან მტკიცების ამგვარ სტანდარტს სამოქალაქო სამართალი არ იცნობს. სისხლის სამართალში პირის ბრალეულობის დასადგენად არსებობს „ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა“ უნდა ადასტურებდეს სადავო ფაქტს (იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3.13, მუხლი 13, მუხლი 82). სამოქალაქო სამართალში კი მოქმედებს სადავო ფაქტის მაღალი ალბათობით დადასტურების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო სამართალში სადავო ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებენ კონკრეტულ ფაქტს (იხ. სუსგ №ას-872-830-2013, 2014 წლის 17 ოქტომბერი). ამრიგად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ რომელიმე მტკიცებულება მატერიალურად ან შინაარსობრივად ვარგისი არ არის, მაშინ მისი შემოწმების საგანია, წარმოადგინა თუ არა მყიდველმა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლივად მაღალი ალბათობით ადასტურებს მის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტს.
45. საკასაციო სასამართლო უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას წარმოდგენილი ხელწერილის შინაარსობრივ ვარგისიანობასთან დაკავშირებით (მისი მატერიალური ვარგისიანობა სადავოდ არ გამხდარა).
46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მითითებას ხელწერილსა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი დათქმების არსებობის შესახებ ვერ გაიზიარებს. ხელწერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხა გადაუხადა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.1. პუნქტი), ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, სადავო თანხა გადახდილი იქნებოდა მოსარჩელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.2. პუნქტი). ამრიგად, ორივე წერილობითი დოკუმენტის თანახმად, სადავო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, თავად წერილობით დოკუმენტებს შორის ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ხედავს. ერთადერთი წინააღმდეგობრივი გარემოება ის არის, რომ საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერა (და რეგისტრაცია) ხელწერილის შედგენიდან დაახლოებით სამი საათის შემდეგ განხორციელდა, ანუ ნასყიდობის თანხის მიღების შესახებ ხელწერილის შედგენა წინ უსწრებდა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც თავისთავად მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის მიღების ფაქტს ვერ აქარწყლებს, რადგან ხელწერილი შედგენილია სწორედ ამის შესახებ.
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს, რომ თანხის გადაცემა უნდა მომხდარიყო „ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე“, არსებით გარემოებად შეაფასებდა, რომ არ არსებობდეს მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილი თანხის გადაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ, ხელწერილის სახით, დამოუკიდებელ წერილობით დოკუმენტად გასცა ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საბუთი. გამომდინარე იქედან, რომ, ზოგადად, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ერთადერთი მიზანია ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება, ხელწერილში არსებული ჩანაწერი მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღების თაობაზე წარმოადგენს სწორედ ამ ხელწერილში მითითებულ არსებით გარემოებას.
48. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მოცემული ხელწერილის შეფასებისას იკვლევს, ნამდვილად დასტურდება თუ არა ამ დოკუმენტით მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღების ფაქტი ანუ დასტურდება თუ არა ის არსებითი გარემოება, რისთვისაც იყო აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი. ხელწერილის თანახმად, მოპასუხე (კრედიტორი) ადასტურებს: „თანხა მივიღე სრულად. მ. რ–ის წინაშე პრეტენზია არ გამაჩნია“. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სადავო არ არის მოპასუხის მიერ ხელწერილზე ხელმოწერის ნამდვილობა, რითიც მან დაადასტურა თანხის მიღების თაობაზე მის მიერ გამოსავლენი ნების შესაბამისობა ხელწერილის შინაარსთან. არ არის დადგენილი ასევე იძულების ან მოტყუების ფაქტი, ან ხელწერილის ბათილობის სხვა საფუძველი. ასეთ პირობებში ხელწერილის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი შინაარსიდან ცალსახად და ნათლად ირკვევა მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღების ფაქტი და, თუ ეს თანხა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფასურს არ წარმოადგენდა, მაშინ მიმღებმა უნდა მიუთითოს, ჰქონდა თუ არა მისი მიღების სხვა სამართლებრივი საფუძველი.
49. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ხელწერილით დადასტურებული თანხის გადაცემის ფაქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს სამი საათის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. პირიქით, ის გარემოება, რომ ხელწერილის გაფორმებიდან სამი საათის შემდეგ მოპასუხემ ნებაყოფლობით დადო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ანუ ნებაყოფლობით შეასრულა თავისი, როგორც გამყიდველის, ვალდებულება ნასყიდობის საგნის მყიდველის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ამყარებს ხელწერილით დადასტურებულ ფაქტს მის მიერ თანხის სრულად მიღების შესახებ. სხვაგვარად გაურკვეველი ხდება მოპასუხის მოტივაცია ქონების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემისას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმავე დღეს, 2012 წლის 13 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გაუქმდა 2011 წლის 17 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 80 000 აშშ დოლარი. 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 150 000 აშშ დოლარად და ნასყიდობის საგნის ფასის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი ჩაითვალა გადახდილად თანახმად მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოპასუხეს დარჩენილი 70 000 აშშ დოლარის ფარგლებში არ გააჩნდა რაიმე შესასრულებელი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე. შესაბამისად, მოპასუხის წინდაუხედაობა და მყიდველის მიმართ გადამეტებული ნდობა წარმოადგენს სწორედ მის რისკს, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლოს მიერ ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.
50. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ, 2012 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ბეს შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე (გამყიდველი) 2012 წლის 10 მაისამდე 128 000 აშშ დოლარად გამოისყიდიდა სადავო უძრავ ქონებას, რისთვისაც მოპასუხემ მოსარჩელის მინდობილ პირს ბეს სახით გადასცა 17 000 აშშ დოლარი. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვეში ბეს სახით 17 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი იმავე უძრავი ქონების გამოსასყიდად განამტკიცებს ხელწერილით დადასტურებულ გარემოებას გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად მიღების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, თუ მოპასუხეს გააჩნდა პრეტენზია 70 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, აღნიშნული, სულ მცირე, ასახული უნდა ყოფილიყო მათ შორის დადებული ბეს შესახებ ხელშეკრულების პირობებში.
51. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებზე, რომელზე დაყრდნობითაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის მიუღებლობის თაობაზე.
52. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 22.5. პუნქტი) და მოცემული გადაწყვეტილების 37-ე-მე-40 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებები ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის დასადგენად, როდესაც საქმეში არსებობს გამყიდველის მიერ გაცემული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი და დასტურდება სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებაში ნებაყოფლობით გადაცემის გარემოება, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა დასაშვებობის წესს, თუმცა საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიისა და ასევე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოწმეთა ჩვენებების შეფასების ნაწილშიც შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
53. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ, სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების ზოგად წესზე. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის, როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი). ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 2016 წლის 19 აპრილი).
54. სააპელაციო სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუს თ. ბ-ის ჩვენებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 15.1. პუნქტი), თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნული მტკიცებულების შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ დოკუმენტი არ შეიცავს დამაჯერებელ, უტყუარ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ. ნოტარიუსის ახსნა-განმარტებით ცალსახად არ დასტურდება 70 000 აშშ დოლარის მიუღებლობის ფაქტი. აღნიშნული მტკიცებულებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა მხოლოდ იმის შესახებ, რომ ნოტარიუსის თანდასწრებით ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადაცემა არ მომხდარა.
55. სააპელაციო სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო ასევე გამოძიებასა და პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ. შ-სა და მისი მეუღლის, მ. კ-ის (შ-ს) ჩვენებებს, რომელთა თანახმად, 2012 წლის 13 იანვარს სანოტარო ბიუროში თანხის გადაცემას არ დასწრებიან. სანოტარო ბიუროდან გამოსვლისას, ასევე საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მოპასუხე სთხოვდა მოსარჩელეს თანხის გადაცემას, რომელმაც უარი განუცხადა თანხის მიცემაზე და ავტომანქანიდან გადავიდა. საკასაციო სასამართლოს ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ 2014 წლის 10 დეკემბერს სარჩელი აღძრა მ. კ–ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 70), ხოლო დ. შ-ს და მ. კ--ეს (შ-ს), რომლებიც წარმოადგენენ მ. კ–ს შვილსა და რძალს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 205), გამოძიებაში ჩვენებები მიცემული აქვთ მოსარჩელის მიერ მათი ოჯახის წევრის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2015 წლის 13 თებერვალს (იხ. ტ. 1. ს. ფ. 209) და 2015 წლის 4 მარტს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 213), ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოშიც სხდომაზე დაიკითხნენ ასევე აღნიშნული სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2015 წლის 26 ნოემბერს (იხ. ტ. 3. ს. ფ. 218-250). ამასთან, საქმეში არსებული, გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული მ. კ–ის 2013 წლის 13 მაისის დაკითხვის ოქმში მ. კ–ი ადასტურებს, რომ მოპასუხემ ნამდვილად აიღო 70 000 აშშ დოლარი მოსარჩელისაგან სანოტარო ბიუროში, რაც ნოტარიუსმა დაამოწმა (იხ. ტ. 1. ს.ფ. 206). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემული ჩვენება მიცემულია მოსარჩელის მიერ მ. კ–ის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრამდე.
56. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დ. შ-სა და მისი მეუღლის, მ. კ-ის (შ-ს) ჩვენებები უნდა შეეფასებინა იურიდიული დამაჯერებლობისა და სუბიექტური კრიტერიუმის გათვალისწინებით. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, მოცემულ პირთა განმარტება მოსარჩელესთან მათი დამოკიდებულების გამო არ შეიძლება შეფასდეს მიუკერძოებლად, ხოლო მათი ჩვენებები - უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებებად.
57. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მიცემულ წინააღმდეგობრივ ახსნა-განმარტებებს, რომლებზედაც უთითებს სააპელაციო სასამართლო, საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს თავის განმარტებაში მოპასუხისათვის სადავო თანხის გადაუხდელობის ფაქტი არ უღიარებია, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩაეთვალა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებისთვის, ხოლო მისი წინააღმდეგობრივი ახსნა-განმარტებები თანხის გადაცემის კონკრეტულ გარემოებებთან და ვითარებასთან დაკავშირებით ვერ აბათილებს მოპასუხის წერილობით ხელწერილს თანხის გადაცემის თაობაზე. მოსარჩელემ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებით - თანხის გადაცემის თაობაზე მოპასუხის ხელწერილით, ასევე ამ უკანასკნელის მიერ მყიდველისთვის სადავო ქონების ნებაყოფლობით საკუთრებაში გადაცემისა და შემდგომ ბეს ხელშეკრულების დადების ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით დაძლია მისი მტკიცების ტვირთი ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
58. ამრიგად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო გარემოების დადგენისას დაარღვია მტკიცებულებათა დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მატერიალური ნორმით განსაზღვრული დასაშვები მტკიცებულების - ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის უგულებელყოფით პრიორიტეტი მიანიჭა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, აღნიშნული ჩვენებებიც შეაფასა 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მტკიცებულებათა შეფასების წესის დარღვევით, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი განკუთვნადობის, სარწმუნოობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. შედეგად, არასწორი ფაქტობრივი გარემოების დადგენით მივიდა საქმის არასწორ გადაწყვეტამდე.
59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
61. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები და საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
62. გამომდინარე იქედან, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 70 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის თაობაზე, პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირველი კასატორისთვის 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით მეორე კასატორის შეგებებული სარჩელი მოსარჩელისათვის სადავო თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
63. რაც შეეხება შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ ვინდიკაციურ მოთხოვნაზე მსჯელობისას არსებითად არ მიიჩნია მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 70 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის თაობაზე და სამოქალაქო კოდექსის 369-ე და მე-500 მუხლების შესაბამისად არ მისცა მას სათანადო სამართლებრივი შეფასება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 70 000 აშშ დოლარის გადაუხდელობის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე არ დადასტურდა, უსაფუძვლოა მოპასუხის პრეტენზია, რომ მას მყიდველის მიერ ფასის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას უძრავი ქონების მყიდველის მფლობელობაში გადაცემაზე. შესაბამისად, მეორე კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა: ა) მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე წარმოადგენს ნივთის მფლობელს; გ) მოპასუხეს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება.
64. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
66. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
67. განსახილველ შემთხვევაში პირველი კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 4000 ლარი, ხოლო 2000 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გადავადებულია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს (მეორე კასატორს) პირველი კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4000 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - გადავადებული 2000 ლარის გადახდა.
68. ამასთან, ვინაიდან მეორე კასატორის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, რომლითაც მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელით მოპასუხეს) მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ. რ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტები, რომლითაც მ. რ–ს ს. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. გ-ის შეგებებული სარჩელი მ. რ–ისთვის 2012 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის საფასურის ნაწილის - 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. ს. გ-ეს მ. რ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4000 ლარის გადახდა;
8. ს. გ-ეს (პ/ნ: 26001003926) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მ. რ–ისთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის გადახდა;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე