Facebook Twitter

საქმე №ას-304-287-2017 2 მაისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს "ს." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ფ–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან განმცხადებელი) სარჩელი შპს „ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, 389 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სარჩელი, 30 660 აშშ დოლარისა და 57 585 ევროს დაკისრების ნაწილში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელის, 2017 წლის 18 იანვრის, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საწარმოს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ .....; ქ. თბილისი, ....., ს/კ ..... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლომ ძველი ამონაწერის საფუძველზე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიება და საწარმოს ისეთ ქონებებს დაადო აკრძალვა, რომლებიც ისედაც დაყადაღებული და რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში. საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ქონებები ისედაც არ გამოდგებოდა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, რადგან მათ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ადევს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ საწარმო უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მოსარჩელის ერთადერთი ინტერესი „საწარმოს ტერორი და თანხების გამოძალვაა“. ამასთან, აღნიშნული ქონებები მესამე პირებს უნდა გადაეცეთ, რომლებთანაც წინარე ხელშეკრულებებია გაფორმებული, თუმცა, ვინაიდან საწარმო მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული ქონებების გადაფორმება ვერ მოხერხდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. საპელაციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 191.1-ე მუხლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ინსტიტუტის მიზანია სარჩელის დაცვა, რომელიც აღძრულია კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა განმცხადებლის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ მოპასუხემ კუთვნილი ქონება განკარგოს, რაც მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულებას ეჭვქვეშ დააყენებს.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება არ იარსებებს, გადაწყვეტილება აღუსრულებელ გადაწყვეტილებად იქცევა. სასამართლოს ვალია არა მხოლოდ სწორად და ობიექტურად გადაწყვიტოს დავა მხარეთა შორის, არამედ - დაიცვას სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, რაც იმას მიუთითებს, რომ განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად შეესაბამება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი).

10. სსსკ-ის 191.1-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

11. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის აკრძალული ქმედებების მიუხედავად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო დაბრკოლების შესახებ, საჩივრის ავტორის მითითება დაუსაბუთებელია და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს–ს" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე