Facebook Twitter

საქმე №ას-304-287-2017 13 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ს." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ფ–სა (შემდეგში მოხსენიებული როგორც: შუამავალი, შემსრულებელი, მოსარჩელე ან აპელანტი) და შპს „ს–ს“ (შემდეგში მოხსენიებული როგორც: შემკვეთი, მოპასუხე, საწარმო ან კასატორი) შორის, 2005 წლის 1 დეკემბერს, გაფორმდა საშუამავლო ხელშეკრულებად წოდებული გარიგება (შემდეგში - საშუამავლო ხელშეკრულება, იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-18), რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება საშუამავლო მომსახურება გაეწია მოპასუხისათვის [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 744-ე მუხლი]. შუამავლის (შემსრულებლის) ვალდებულებას წარმოადგენდა: ა) მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება (საშუამავლო საქმიანობა), რათა მათ დაეთმოთ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შემკვეთის სასარგებლოდ შესაბამისი საზღაურის ფასად; ბ) სხვა მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული უფლებები სამშენებლო ტერიტორიაზე; გ) მშენებლობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა; დ) სამშენებლო ტერიტორიის მესაკუთრეებისთვის ან/და მასზე რაიმე იურიდიული უფლების მქონე პირებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

2. საშუამავლო ხელშეკრულების 3.2. ქვეპუნქტით, შუამავალს (შემსრულებელს) უფლება ჰქონდა, დროულად და სრულად მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება, მოეხდინა იმ ფართობის რეალიზაცია ან/და მესამე პირებისათვის გაცემა, რომელიც მას, როგორც შუამავალს, ხელშეკრულების მე-5 მუხლის საფუძველზე ერგებოდა. მითითებული მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა მიეღო სამშენებლო ტერიტორიაზე აშენებული მთლიანი ფართის 3 %, საცხოვრებელი, კომერციული და ავტოსადგომების პროპორციულად, მისი გაყიდვის, გასხვისების ან/და გაჩუქების უფლებით.

3. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა 2007 წლის 14 დეკემბერს გასცა N03/1497 ბრძანება და მოპასუხეს ნებართვა მისცა, ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ, ამხანაგობა „ა.ღ–ის“ (შემდეგში - ამხანაგობა) კუთვნილი მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ეწარმოებინა. ამავე ბრძანების თანახმად, ასაშენებელი კომპლექსის მოცულობა იყო 122655.00 კვ.მ., საიდანაც საცხოვრებელი ოთახების ფართი 11337.00 კვ. მ-ს, ოფისების ფართი 3328 კვ.მ-ს, სავაჭრო კომერციული ფართი 2561.40 კვ.მ-ს და ავტოსადგომების ფართი 4041.70 კვ.მ-ს შეადგენდა, რაც მთლიანობაში 21268.81 კვ.მ იყო (ტ. 1, ს.ფ 18). შუამავალს 708.94 კვ.მ ფართი უნდა მიეღო.

4. შემკვეთმა დადგენილ ვადაში ვერ შეძლო მშენებლობის დასრულება, რის გამოც, ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2011 წლის 13 მაისის N1784 ბრძანებით, მას გაუგრძელდა მშენებლობის ნებართვის ვადა (ტ. 1, ს.ფ 19). მითითებული ვადის დარღვევამ, შემსრულებლის განმარტებით, მას ზიანი მიაყენა.

5. შუამავალს (შემსრულებელს) მიაჩნია, რომ 2008 წლის 16 მაისისა და 16 ივნისის, ასევე, 2009 წლის 25 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით, მან ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის სანაცვლოდაც, შემკვეთის თანხმობით, შუამავალმა გაასხვისა ამხანაგობის საკუთრებად რიცხული ფართის ის ნაწილი, რაც, საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულების მე-5 პუნქტით, მას ერგებოდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი). ზემოხსენებულ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებში, შუამავლთან, როგორც გამყიდველთან ერთად, შემკვეთიც არის ხელშეკრულების მხარე, რომელიც ამავე გარიგების შესრულებაზე არის გარანტი და კისრულობს ვალდებულებას, დაასრულოს მშენებლობა ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში და პირობებში (იხ. 2008 წლის 16 მაისის და 16 ივნისის ხელშეკრულებები ტ. 1, ს.ფ 20-32, ს.ფ.167-174).

6. სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით, შუამავალს, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, ც. ტ–ის სასარგებლოდ, დაეკისრა 17 500 ევრო (ტ. 1, ს.ფ 33-35). ეს ის თანხაა, რომელიც შემკვეთის, როგორც გარანტორის, თანხმობით იყო გადახდილი უძრავი ქონების შესაძენად და, აქედან 7500 ევრო, უშუალოდ შემკვეთის ანგარიშზე ჩაირიცხა. შუამავლის მოსაზრებით, მითითებული განჩინება, უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მასთან შემკვეთმა უსაფუძვლოდ შეწყვიტა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება.

7. შუამავალმა 2013 წლის 26 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს შემკვეთის წინააღმდეგ და, ზიანის სახით, მოპასუხისათვის 389 400 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 183-ე, 394-ე, მე-400 მუხლებზე.

9. შუამავალმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით შუამავლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობის ეტაპზე, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნულ განჩინებაზე, შემკვეთის საკასაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, განუხილველად დარჩა.

11. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შუამავლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2005 წლის 1 დეკემბრის გარიგებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა, ერთი მხრივ, იყო სსკ-ის 744-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებული გარიგება, შუამავლობის გაწევის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე გარიგებით, მხარეებმა იკისრეს სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ურთიერთვალდებულებანი.

13. სასამართლომ დაადგინა, რომ შუამავალს არ უწარმოებია მოლაპარაკებები მის სასარგებლოდ, საკუთრების უფლების დათმობის შესახებ, შემკვეთის ინტერესის სფეროში შემავალი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებთან. შუამავალს, ასევე არ შეუსრულებია გარიგების მეორე პირობა, შემკვეთის მშენებლობის ზედამხედველობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასამრჯელოს მიღების უფლება, შუამავალს წარმოექმნებოდა მხოლოდ კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ.

14. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შუამავალმა (შემსრულებელმა) ვერ შეძლო და არ იყო უფლებამოსილი, შემკვეთისაგან მოეთხოვა უძრავი ქონება ან თანხა.

15. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

16. შუამავლის მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხეს არ უწარმოებია მშენებლობა. ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებიდან იკვეთება, რომ შემკვეთმა აიღო ვალდებულება, საკუთარი სახსრებით მოემზადებინა დოკუმენტაცია და გაეწია სამშენებლო სამუშაოები.

17. შუამავლის განმარტებით, უშუალოდ მის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, 2006 წლის 10 იანვარს, შემკვეთთან ერთად, შპს "ვ–მ" და შპს "ს–მა" დააფუძნეს ამხანაგობა. ამ ორმა საწარმომ ამხანაგობაში შეიტანა სანზონის დასახლებაში, მშენებარე სავაჭრო ცენტრის მიმდებარე 5 816 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი ....), ხოლო შემკვეთის შენატანს წარმოადგენდა საკუთარი სახსრებით საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება, საჭირო ნებართვების მიღება და შენობა-ნაგებობის აშენება.

18. შუამავალი აღნიშნავდა, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, გაფორმებული: 1. შუამავალს, შემკვეთსა და ც.ტ–ს შორის; 2. შუამავალს, შემკვეთსა და ნ.ჩ–ას შორის; 3. შუამავალს, შემკვეთსა და მ.ჟ–ას შორის. ამ ხელშეკრულებებით დასტურდება შუამავლის მიერ ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება. თუკი შუამავალი არ შეასრულებდა შემკვეთის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ეს უკანასკნელი არ დაუდგებოდა მას გარანტად, მესამე პირებთან გარიგებებში.

19. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით, შუამავლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: საშუამავლო ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა შემკვეთის მიერ, თბილისში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ხელშეკრულების 3.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა შუამავლის ვალდებულება, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ, შუამავალს გადასცემოდა საკუთრების უფლება შემკვეთის მიერ აშენებული მთლიანი ფართის 3%-ზე, საცხოვრებელი, კომერციული და ავტოსადგომების პროპორციულად (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები).

21. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 პუნქტში მითითებული ამხანაგობის შექმნის მიზანი იყო კომერციული/საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების აშენება. ამხანაგობაში შენატანიც განისაზღვრა და მის თავმჯდომარედ აირჩიეს შემკვეთი.

22. ამხანაგობის 2013 წლის 15 მაისის კრების #01-2013 ოქმის თანახმად, შემკვეთი, როგორც ხელშეკრულების დამრღვევი, გაირიცხა ამხანაგობიდან, გარიცხული წევრის ნაცვლად, ამხანაგობაში შევიდა შპს „ჯ.ჰ.პ.“ და მთლიანად მას გადაეცა გარიცხული წევრის წილი (იხ. კრების ოქმები, ტ. 1, ს.ფ. 175-184).

23. ერთი მხრივ, შუამავალს (გამყიდველს), მეორე მხრივ, შემკვეთს (გარანტს) და მესამე მხრივ, ნ.ჩ–ას (მყიდველს) შორის, 2008 წლის 16 მაისს, დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა - საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (51,1 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი ....).

24. შუამავალს (გამყიდველს), შემკვეთს (გარანტს) და ც.ტ–ს (მყიდველს) შორის, 2008 წლის 16 ივნისს, დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა იკისრა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (104,7 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი .....).

25. შუამავალს (გამყიდველს), შემკვეთს (გარანტს) და მ.ჟ–ას (მყიდველს) შორის, 2009 წლის 25 ნოემბერს, დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, გამყიდველმა და მყიდველმა იკისრეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება, ხოლო გარანტმა - საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინა (104,3 კვ.მ) მდებარე ქ. თბილისი, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი .....). სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს არ აწერს შემკვეთის წარმომადგენელი, ხელშეკრულების ბოლო გვერდზე მხოლოდ მისი ბეჭედი იყო მოთავსებული.

26. სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამავალს არ წარუდგენია მტკიცებულებები, საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამასთან, ვინაიდან, შუამავლის სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა.

27. სასამართლომ მიიჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვდა: სხვადასხვა პირთან ურთიერთობას, მოლაპარაკებების წარმოებას, შეხვედრების ორგანიზებას, რაც გარკვეული მატერიალური მტკიცებულებების შექმნასთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკითხი ეხებოდა უძრავ ქონებას. შუამავალს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, ან მოწმის ჩვენება, ან კანონით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოქმედებები განახორციელა.

28. სასამართლომ არ გაიზიარა შუამავლის მტკიცება, რომ ამხანაგობა დაფუძნდა მის მიერ უშუალოდ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ვინაიდან არც ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო საქმეში წარმოდგენილი.

29. სასამართლომ აღნიშნა, რომ, არც წინამდებარე გადაწყვეტილების 23-25 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებით დასტურდებოდა შუამავლის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულება. სასამართლომ არ გაიზიარა შუამავლის პოზიცია, რომ თუკი იგი არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს, მაშინ შემკვეთი მას გარანტად არ დაუდგებოდა.

30. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 102-ე და 104-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, შესაძლოა წარმოადგინოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მტკიცებულება. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების დროსაც არის შესაძლებელი ორივე სახის მტკიცებულებაზე მითითება, თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებას არ უნდა ემყარებოდეს. სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე არაპირდაპირი ვარაუდისა თუ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, შესაძლებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული, მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად და მისი კიდევ უფრო სარწმუნოობის განსამტკიცებლად, ან პირიქით, მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შესატანად. არაპირდაპირი მტკიცებულება, მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც სახეზეა პირდაპირ მტკიცებულებათა არასაკმარისობა და, გარკვეულწილად, არაპირდაპირი მტკიცებულებით ხდება ამ ხარვეზის შევსება.

31. მოცემულ საქმეში, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მითითებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, სასამართლოს მოსაზრებით, არ იძლეოდა შუამავლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას.

32. სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე, 629-ე და 744-ე მუხლებით და განმარტა, რომ გასამრჯელოს/საზღაურის გადახდა დამოკიდებულია შუამავლობის შედეგად ხელშეკრულების დადებაზე ან გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე. თუ ეს გარემოებები სახეზე არ არის, მაშინ არც თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშობა. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შუამავლის მიერ არც საშუამავლო და არც საზედამხედველო ვალდებულებების შესრულება, შესაბამისად, არ არსებობოდა საზღაურის ანაზღაურების ვალდებულებაც.

33. შუამავალმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

34. საკასაციო განაცხადი შემდეგ საფუძვლებს მოიცავდა:

34.1. სააპელაციო სასამართლომ, 2014 წლის 28 მარტის განჩინებით, საქალაქო სასამართლოს განუსაზღვრა საქმის განხილვის გაგრძელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების და არა მოსამზადებელი ეტაპიდან. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო ვალდებული იყო, შეესრულებინა ზემდგომი სასამართლოს მითითებები იმ გარემოებების გამოსაკვლევად, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და სამართლებრივად შეფასებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ისე გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია სარჩელში მითითებული ფაქტები, ამართლებდნენ თუ არა, კანონის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მსჯელობის ეტაპიდან უნდა განეხილა თუ არა საქალაქო სასამართლოს სარჩელი. კასატორის განმარტებით, მისი სააპელაციო საჩივრის პირველი ნაწილი სწორედ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის დაუსწრებლად განხილვის უარის თქმაზე იყო აგებული;

34.2. სასამართლომ არამართლზომიერად შეაფასა საქმეში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულებებით დადასტურებულია, რომ შუამავალი პირნათლად ასრულებდა საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შემკვეთი საცხოვრებელი ფართების კონკრეტულ ვადებში დასრულების გარანტად არ დაუდგებოდა. სასამართლოს შეფასება, რომ ეს მტკიცებულებები არაპირდაპირია, უსაფუძვლოა. კასატორის განმარტებით, სამივე წინარე ხელშეკრულებით შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, განსაზღვრულ დროში აეშენებინა შუამავლის მიერ გასხვისებული საცხოვრებელი ბინები. აღნიშნული გარიგებებით შემკვეთმა ხაზგასმით დაადასტურა, რომ მასსა და შუამავალს შორის ჯანსაღი ურთიერთობა იყო, შემკვეთი გარანტად დაუდგა შუამავალს;

34.3. შემკვეთის მიერ საშუამავლო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მისი ამხანაგობიდან გარიცხვის გამო, რასთანაც კასატორს რაიმე კავშირი არ გააჩნია;

34.4. შუამავლის მიერ საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია;

34.5. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს, შუამავალს არ წარუდგენია საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორს მიაჩნია, რომ საშუამავლო ხელშეკრულება არ ავალდებულებდა მას, გზადაგზა ეგროვებინა მტკიცებულებები შესრულებული სამუშაოს დასადასტურებლად;

34.6. მოწინააღმდეგის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემთხვევაში უნდა შეესრულებინა შემკვეთს შუამავლის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მშენებლობის დაუსრულებლობა გამოწვეული იყო შემკვეთის უმოქმედებით, რის გამოც, იგი ამხანაგობიდან გარიცხეს კიდეც.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შუამავლის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო იმავე ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. საკასაციო სასამართლომ 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა დანიშნა ზეპირი მოსმენით და მოიწვია მხარეები.

36. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა შემდეგნაირად წარმოაჩინეს საკუთარი არგუმენტები:

36.1. საკასაციო საჩივრის ავტორი დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და დამატებით განმარტა, რომ არასწორად შეაფასა სასამართლომ ფაქტები, კასატორმა სრულფასოვნად შეასრულა საშუამავლო ხელშეკრულების 3.1. ქვეპუნქტი. თუ მოწინააღმდეგე თვლიდა, რომ შუამავალს არ შეუსრულებია საკუთარი ვალდებულება, მაშინ შემკვეთს ჰქონდა უფლება, შეეწყვიტა კასატორთან ხელშეკრულება 6.3 ქვეპუნქტით, რაც არ გაუკეთებია. კასატორს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ხელშეკრულება არის შუამავლობაც, ნარდობის ურთიერთობაც და მოიცავს შრომითი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ ელემენტებსაც, თუმცა, ყველაზე მეტად ნარდობაა გამოხატული.

36.2. მოწინააღმდეგე მხარი (საწარმომ) მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელს, მოითხოვა საკასაციო საჩივრის უარყოფა, ასევე, განმარტა, რომ მართალია, შემკვეთმა შუამავალთან არ შეწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კასატორმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. დღეის მდგომარეობით, საწარმო პრაქტიკულად გაკოტრებულია.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა, სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.

38. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს მიუთითა დამატებით გამოეკვლია და ემსჯელა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათზე (შუამავლობა თუ ერთობლივი საქმიანობა), ხოლო ამის შემდეგ შეეფასებინა, თუ რა ურთიერთვალდებულებები შესრულდა და როგორი მოცულობით.

39. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემკვეთს შუამავალის სასარგებლოდ 30 660 აშშ დოლარისა და 57 585 ევროს გადახდა დაეკისრა.

40. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შუამავლის მიერ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა ნაწილობრივ.

41. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 4.1-ე, 102-ე, 103.1-ე, 105-ე მუხლებით და დაადგინა, იმის გათვალისწინებით, რომ შუამავლის სასარჩელო მოთხოვნა ემყარებოდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრებოდაა. სასამართლომ დაასკვნა, რომ 2008 წლის 16 მაისის და 16 ივნისის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ შუამავალმა გაასხვისა ამხანაგობის საკუთრებად რიცხული ფართის ის ნაწილი, რომლის გასხვისების უფლებაც მას გააჩნდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებით, კერძოდ კი, მე-5 პუნქტით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი).

42. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შუამავლის მიერ შუამავლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, ამასთან 2008 წლის წლის 16 მაისისა და 16 ივნისის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით, შემკვეთმა გარანტის ფუნქციის თავის თავზე აღებით, აღიარა ვალდებულება შუამავლის მიმართ, ერთი მხრივ, 30 660 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო, მეორე მხრივ, 57 585 ევროს ოდენობით.

43. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შუამავალი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ ადასტურებს დანარჩენ ნაწილში ვალდებულების შესრულების ფაქტს. სასამართლომ განმარტა, რომ 2009 წლის 25 ნოემბერს, შუამავალს, შემკვეთსა და მ.ჟ–ას შორის დადებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილავდა, რადგან მას ხელს არ აწერდა შემკვეთის წარმომადგენელი, ხოლო ხელშეკრულების ბოლო გვერდზე საწარმოს ბეჭედის არსებობა არ გულისხმობდა მის ნებას ხელშეკრულების დადებაზე.

44. სასამართლომ დაასკვნა, რომ წინამდებარე დავით განსაზღვრული მხარეთა ურთიერთვალდებულებები არ განეკუთვნებოდა სსკ-ის 930-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივ საქმიანობას, რადგან საშუამავლო ხელშეკრულებით არ იკვეთებოდა მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად ემოქმედათ გარკვეული მიზნების მისაღწევად.

45. საშუამავლო ხელშეკრულების მე-3 და მე-5 პუნქტები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, რაც მოწესრიგებულია სსკ-ის 709-ე მუხლით.

46. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 394.1-ე, 414-ე, 316.1-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შემკვეთს შუამავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 660 აშშ დოლარი და 57 585 ევროს გადახდა, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ 2008 წლის 16 მაისისა და 16 ივნისის ხელშეკრულებებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 23-24-ე პუნქტები) გარანტის ფუნქციის თავის თავზე აღებით, აღიარა ვალდებულება შუამავლის მიმართ.

47. შემკვეთმა საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, შუამავლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

48. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის გადანაწილება, თუმცა, გადაწყვეტილებაში ფორმალურად მიუთითა, რომ სწორედ მოსარჩელეს ეკუთვნის მტკიცების ტვირთი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გარანტიის ნება საწარმოს არ გამოუხატავს.

49. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და აღნიშნა, რომ დავის არსი და საფუძველი საშუამავლო ხელშეკრულება იყო, რომლის ვალდებულების შესრულება მხარემ ვერ დაასაბუთა.

50. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ შუამავალმა წინარე ხელშეკრულება, როგორც უკანონო, გააუქმა და თანხის დაბრუნების ვალდებულება აიღო.

51. სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ შეაფასა სსკ-ის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ურთიერთობად, რაც მას საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან ჰქონდა დავალებული და მიიჩნია, რომ მოსარჩელე სსკ-ის 709-ე მუხლით გათვალისწინებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, ამ უკანასკნელის მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ფორმალურად დაასაბუთა იგი, რადგან საქმის მასალებში არ მოიძებნება მტკიცებულება, გარემოება ან იმის დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება, რომ შუამავალი საწარმოს სახელით მოქმედებდა ან მინიჭებული ჰქონდა წარმომადგენლობა, რაც უმთავრესია დავალებითი წარმომადგენლობისთვის. სასამართლომ არ შეაფას, რომ მოსარჩელეს მომსახურება უნდა გაეწია, რაც მოიცავს როგორც შუამავლობას, ასევე - ნარდობას.

52. შემკვეთის (კასატორის) მტკიცებით, სასამართლომ არ უნდა დაუშვას უსაფუძვლო გამდიდრება, მაშინ როდესაც ვალდებულება არ შესრულდა და ვერც შესრულებოდა, მით უმეტეს, როცა ე.წ. წინარე ხელშეკრულებები (იხ. 23-25-ე პუნქტები) უკანონოდ დაიდო, ისინი გაუქმებულია.

53. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ამხანაგობის „ა.ღ–ის“ დაფუძნება, როდესაც საქმეში ასეთი მტკიცებულება არ მოიპოვება, ასევე ის გარემოება, რომ შუამავალმა ვალდებულება თითქოს ნაწილობრივ შეასრულა, მით უმეტეს ეს არ მტკიცდება წინარე ხელშეკრულებებით. სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საშუამავლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასამრჯელო უნდა ყოფილიყო სამშენებლო საქმიანობის ადექვატური.

54. შემკვეთის განმარტებით, წინარე ხელშეკრულებები საშუამავლო ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, რადგან საშუამავლო ხელშეკრულებით იმ ფუნქციის განხორციელება, რაც ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით იკისრა შუამავალმა, ამ უკანასკნელს არ ევალებოდა და გარანტიაც არ გულისხმობს რაიმეს აღიარებას.

55. კასატორს მიაჩნია, რომ რადგან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის შემკვეთის პასუხისმგებლობის თაობაზე, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც არ არსებობს.

56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 13 მარტის განჩინებით შემკვეთის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

57. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

58. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

59. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი იურიდიული შედეგის მიღწევა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისაგან მოითხოვა ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის - 389 400 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მტკიცებით, მას საშუამავლო ხელშეკრულებიდან (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი). მოსარჩელე უთითებს მასსა და მოპასუხეს შორის შუამავლობის სამართლებრივ ურთიერთობაზე (სსკ-ის 744-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სწორედ სადავო შეთანხმების შინაარსზე, რომელიც განსხვავებულად განმარტეს პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-12, 44-ე, 45-ე პუნქტები).

60. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უპირველესად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები აქვს მოსარჩელეს, რათა ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.

61. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

62. საკასაციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს შუამავლობის, დავალების, ნარდობისა და ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივ ბუნებას, რაც შესაძლებელს გახდის მართებულად დაკვალიფიცირდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას.

62.1. სსკ-ის 744-ე მუხლის თამახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივი მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მეორე წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია. საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016 წ.). საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე; ძირითადი ხელშეკრულება, რომლის დადების მიზნითაც თანხმდებიან მხარეები შუამავლობაზე; ეს ხელშეკრულება სწორედ შუამავლობის შედეგად უნდა იყოს დადებული (იხ. სუსგ # ას-522-495-2014, 05.06.2015წ.). იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ შუამავლის ვალდებულებებზე, რაც წინამდებარე გადაწყვეტილების 62.1 ქვეპუნქტში განმარტებული საშუამავლო ხელშეკრულების, კანონით დადგენილ, ფარგლებს სცილდება (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი), იგი საშუამავლო ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის 744-ე მუხლზე დაფუძნება უსაფუძვლოა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ შუამავლობის დროს, შუამავალს ეკუთვნის გასამრჯელო, რომელიც შესაძლებელია მხარეებმა შეათანხმონ, ან თუ მისი ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად მიიჩნევა ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. განსახილველ შემთხვევაში, მხარეების შეთანხმება ე.წ. შუამავლის (მოსარჩელის) ანაზღაურებაზე, განისაზღვრა ე.წ. ნატურით, მოსარჩელეს მის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ გაწეული მომსახურებისათვის უნდა მიეღო უკვე აშენებული მთლიანი ფართობის 3 % (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). დასახელებული სახელშეკრულებო პირობა კი გამორიცხავს სსკ-ის 744-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული შუამავლობის წინაპირობას.

62.2. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 07.03.2016 წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემკვეთის სახელითა და ხარჯზე არ მოქმედებდა, ამიტომ დავალების ხელშეკრულებისათვის არსებითი დამახასიათებელი ნიშანი ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებულ გარიგებას არ გააჩნია, შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება დავალებად არ მიიჩნევა.

62.3. სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამხანაგობის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს მონაცემებს საერთო მიზნისა და იმ მოქმედებების შესახებ, რომლებსაც ამხანაგობის წევრები კისრულობენ ამხანაგობის საერთო მიზნის მისაღწევად (შდრ. სსკ-ის 930-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 02.08.2016 წ.). ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული, ერთობლივ საქმიანობად (ამხანაგობა) მის მისაჩნევად არ არის საკმარისი არსებული სახელშეკრულებო პირობები, რადგან ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 930-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს წერილობით დადებული ხელშეკრულების სავალდებულო პირობებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულებაში მხარეთათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შეფასების თვალსაზრისითაც, არ ვლინდება ამხანაგობისათვის დამახასიათებელი არსებითი პირობა - მხარეებმა ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი სხვა ურთიერთობისაგან განსხვავებით, როდესაც მხარეთა უფლება-მოვალეობები ორმხრივად მავალდებულებელია (სინალაგმატურია), ერთობლივი საქმიანობის მონაწილე ორი ან რამდენიმე პირი საერთო მიზნებისათვის იღვწის და თითოეული მათგანის როლი და ფუნქცია ამხანაგობაში შესაძლოა სხვადასხვა შესატანის შეტანას - განსხვავებული მოცულობის სამუშაოს (მომსახურებას) მოიცავდეს (შდრ. სსკ-ის 930-ე მუხლის კომენტარი, 27-ე ველი, www.gccc.ge, ბოლო დამუშავება: 02.08.2016 წ.)

62.4. უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 15 იანვარს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებასაც შეადარა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სამართალურთიერთობა (იხ. საკასაციო სასამართლოს 15.01.16 წ. სხდომის ოქმი ტ. 3, ს/ფ 121-131).

62.5. სსკ-ის 629.1-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე (შემსრულებელი) კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ გადაწყვეტილების პირველ, მეორე, 62.1-62.4 ქვეპუნქტებში განვითარებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ყველაზე მეტად ნარდობის ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ბუნება აქვს და მოიცავს მომსახურების გაწევას შემკვეთის მითითებების ფარგლებში, სადაც ანაზღაურება შეთანხმდა შემსრულებლისათვის სამშენებლო ფართის 3 %-ის გადაცემის სახით. ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაშიც მენარდეს (შემსრულებელს) შემკვეთის მითითებების საფუძველზე ეკისრება გარკვეული მომსახურების (სამუშაოს გაწევა, ნაკეთობის დამზადება) გაწევა, რისთვისაც მიიღებს გასამრჯელოს, კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებების, ანუ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მხარეები მე-5 მუხლით შეთანხმდნენ ანაზღაურებაზე.

63. სარჩელის საფუძვლიანობის შეფასების შემდეგი საფეხური მოსარჩელის (შემსრულებლის) მიერ ვალდებულების შესრულების, ხოლო შემკვეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტების დადგენაა (სსკ-ის 317.1-ე, 361.2-ე, 394.1-ე მუხლი). შემსრულებელი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად წინარე ხელშეკრულებებს უთითებს (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-18 პუნქტი; წინარე ხელშეკრულებებში გამყიდველად მითითებულია მოსარჩელე, გარანტად - მოპასუხე და მყიდველად - მესამე პირი) და განმარტავს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, თუმცა, შემკვეთმა არ შეასრულა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამშენებლო ტერიტორიაზე „აშენებული“ ფართის 3 % მოსარჩელისათვის (შემსრულებლისათვს, მომსახურების გამწევისათვის) არ გადაუცია (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი). უფრო მეტიც, დადგენილია და საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის სხდომაზე მხარეთა განმარტებებითაც არაა სადავო, რომ შენობა არ აშენებულა. მოპასუხე (შემკვეთი) არ ეთანხმება მოსარჩელის (შემსრულებლის)მტკიცებას, ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოება საკუთრებაში არსებული ქონების შემკვეთის სასარგებლოდ დათმობის მიზნით, მშენებლობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა) სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ შემსრულებლის მიერ ნაწარმოები მოლაპარაკებების შედეგად მესამე პირებმა საწარმოს (შემკვეთს) უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცეს; იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მშენებლობა არ უწარმოებია, შესაბამისად, შემსრულებელი ზედამხედველობასაც ვერ გაუწევდა მას, ამასთან, არც მესამე პირთან - ც.ტ–თან გაფორმებული მორიგების მონაწილე ყოფილა საწარმო (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

64. წინამდებარე გადაწყვეტილების 63-ე პუნქტში მითითებული შემკვეთი საწარმოს პრეტენზიების საპირისპიროდ, შემსრულებელმა განმარტა, რომ მას „საშუამავლო ხელშეკრულება“ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვებას არ ავალდებულებდა. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა ურთიერთობა ნდობაზე იყო დაფუძნებული. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმ გარემოებასაც დააფუძნა, რომ მასთან საწარმომ ხელშეკრულება არ შეწყვიტა, რაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებად უნდა შეფასდეს.

65. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესს მოიხმობს და აღნიშნავს, რომ ყველა ფაქტობრივი გარემოება (გარდა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა - სსსკ-ის 106-ე მუხლი) მტკიცებას საჭიროებს, მტკიცებულებათა სახეები კი სსსკ-ის მე-15-მე-20 თავებშია ჩამოთვლილი. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის მართებულობის მტკიცება ძირითადად საკუთარ ახსნა-განმარტებას დააფუძნა (ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი სამი წინარე ხელშეკრულებიდან ერთს საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა არ აქვს, დანარჩენი ორით კი შემსრულებლის მიერ „საშუამავლო“ ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებების შესრულების ფაქტი არ დასტურდება; დადგენილია, რომ მოსარჩელემ გაასხვისა „ა. ღ–ის“ საკუთრებაში რიცხული ფართის ის ნაწილი, რომელიც მას მოპასუხესტან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების მე-5 პუნქტით ერგებოდა - იხ. სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოება- ტ.1, ს.ფ.4-5 და წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 და მე-5 პუნქტები) რაც თავისთავად ცხადია, შინაგან რწმენასაც ვერ განუმტკიცებს სასამართლოს, რომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნიოს. მოსარჩელის პრეტენზიას უნდა ადასტურებდეს მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრუივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების დამატებითი შეფასების მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს განსახილველი საქმე. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-13, 25-29 პუნქტები) და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის ნაწილობრივ დასაბუთებულად მიჩნევასთან დაკავშირებით (იხ. ამ გადაწყვეტილების 40-42 პუნქტები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ ყოფილა საშუამავლო სახელშეკრულებო ურთიერთობა, რადგან სსკ-ის 744-ე მუხლის თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ დასტურდება, რომ შუამავლობის საგანი იყო ის, რასაც სარჩელი ეყრდნობა, თუმცა, შუამავლობის შემთხვევაშიც, წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. დადგენილია, რომ მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემსრულებელმა (მოსარჩელემ) ვერ შეასრულა. სსკ-ის 629.1-ე მუხლის წინაპირობებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და ასეთად ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირებთან გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე შემსრულებელმა სხვისი (მოპასუხის) ქონების განკარგვის ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი, რაზედაც მას არც სამშენებლო კომპანიის (მოპასუხის) თანხმობა ჰქონია, არც ამ უკანასკნელისაგან მიუღია საკუთრებად ქონება (იხ. მოპასუხის შესაგებელი სარჩელის მე-4 ფაქტობრივი გარემოების პასუხად - ტ.1, ს.ფ. 112). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლო არგუმენტად არც ის გამოდგება, რომ მესამე პირთან გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 7500 ევრო მოპასუხის ანგარიშზე ჩაირიცხა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი), რადგან, ჯერ ერთი, სასამართლოს საოქმო განჩინების საფუძველზე მხარეთა შუამდგომლობით დამტკიცდა მორიგება, ხოლო მეორე - იმ დავაში მესამე პირის - ც.ტ–ის სასარგებლოდ მოპასუხედ დასახელებულ შემსრულებელს (ს. ფ–ას) დაეკისრა ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც, ცხადია, ამ უკანასკნელის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ განხორციელებულ ქმედებაზე არ მიუთითებს და აღნიშნულს არ ადასტურებს.

67. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

68. ზემოხსენეული მოტივაციით, საწარმოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

69. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს საქმის განხილვის განმავლობაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა სამჯერ (2 000 ლარი; 4 000 ლარი და 6 000 ლარი) გადაუვადდა და საწარმომ საკასაციო საჩივრისათვის 8 000 ლარი (ფიზიკური პირისათვის არაუმეტეს 6 000 ლარი) გადაიხადა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 18 000 (თვრამეტი ატასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

70. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 1991-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს "ს–ს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ს.ფ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. ს.ფ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის გადახდა;

5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს "ს–ს" (ს/ნ .....) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. თბილისი, ..... ს/კ .....; ქ. თბილისი, ......, ს/კ ......, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს "ს–ს" (ს/ნ ......) კუთვნილ 100 %-იან წილს შპს "დ–ში" (ს/ნ .....) და შპს "ს–ს" წილს ამხანაგობა "ს. ა–ში";

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე