საქმე №ას-1026-2018 21 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჟ.ჭ–ძე, ნ.გ–ძე, ნ.ჭ–ძე, მ.კ. (კანონიერი წარმომადგენელი ნ.ჭ–ძე) (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ძე, ც.ა. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, ლ.მ–ძის და ც.ა–ას სარჩელი ჟ.ჭ–ძის, ნ.გ–ძის, ნ.ჭ–ძის და მ.კ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 150 ას ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელ, ნ.ლ–ძეს 2018 წლის 7 აგვისტოს ჩაბარდა.
2018 წლის 14 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს მომართეს კასატორებმა და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 30 დღით, რადგან დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინება კასატორების წარმომადგენელ, ნ.ლ–ძეს სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარდა, 2018 წლის 2 ნოემბერს.
2018 წლის 7 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს მომართეს კასატორებმა და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 30 დღით, რადგან დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ.ჭ–ძის, ნ.გ–ძის, ნ.ჭ–ძის და მ.კ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქმეში არსებული ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 2 ნოემბერს, ეცნობა კასატორების წარმომადგენელ, ნ.ლ–ძეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
2018 წლის 7 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუადგომლა სახელმწიფო ბაჟის საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება, რადგან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება ვერ მოახერხეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, ვინაიდან მათ უკვე ორჯერ გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ მხარის შუამდგომლობა სასამართლოში საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს ემსახურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.ჭ–ძის, ნ.გ–ძის, ნ.ჭ–ძის, მ.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი