Facebook Twitter

საქმე №ას-1250-1170-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ჰ.'' (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მერიასა (შემდეგში:მოსარჩელე, შემსყიდველი, მერია, აპელანტი, ან კასატორი) და შპს „ჰ–ოს“ (შემდეგში:მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) შორის, 2015 წლის პირველ ივნისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1.1.1./30/340 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება). შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთება (იხ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტი). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 1 699 998,81 ლარით (იხ. ხელშეკრულების 2.4 პუნქტი), ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით (იხ. ხელშეკრულების 3.1 პუნქტი; ტ.1,ს.ფ. 20-27).

2. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ მიმწოდებელს ეტაპობრივად, წერილობით ეცნობებოდა შესაკეთებელი ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოს დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები.

3. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის შესაბამისად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

4. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის 2015 წლის 4 ივნისის №07-18/151551326 წერილის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა .... ქუჩაზე გზის შეკეთების სამუშაოები - 2015 წლის 5 ივნისიდან 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით (ტ.1,ს.ფ. 177-178).

5. .... ქუჩაზე გზის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოები განხორციელდა წერილობითი დავალებით განსაზღვრული ვადის 59 დღიანი დარღვევით და დასრულდა 2015 წლის 13 აგვისტოს (ტ.1,ს.ფ. 179).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მერიამ 2016 წლის 14 სექტემბერს სარჩელი აღძრა კომპანიის წინააღმდეგ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 100 299.93 ლარის დაკისრება მოითხოვა.

6.2 შემსყიდველმა, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოების დაწყებისთანავე გამოვლინდა გზის შეკეთების ხელისშემშლელი გარემოება, კერძოდ: ..... ქუჩაზე გზის შეკეთებას აწარმოებდა შპს „პ–ი“, რომელთანაც მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნულ კომპანიას, დასახელებულ ქუჩაზე შეტანილი და დატკეპნილი ჰქონდა ინერტული მასალა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს გაიტანეს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდამდე სამუშაოების დაწყება ვერ მოხერხდა, ხოლო 2015 წლის 13-14 ივნისს ქ. თბილისში უხვი ნალექის მოსვლის გამო, მოპასუხის ტექნიკა და პერსონალი მთლიანად გადაერთო ვერეს ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, რამაც შეაფერხა .... ქუჩაზე, გზის საფარის მოწყობა.

7.2 მიმწოდებლის ტექნიკა და სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 17 ივნისს დაუბრუნდა სამშენებლო უბნებს, თუმცა, მოპასუხემ იმავე დღეს მიმართა მერიას და აცნობა, რომ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე ქვიშა-ხრეშოვანი ფენის მოხსნის შემდეგ შეინიშნებოდა გზის საფუძვლის გაწყლიანება და შეტბორვა, რის გამოც ტერიტორია დამატებით შესწავლასა და მშენებლობის ახალი საპროექტო გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მერიის სასარგებლოდ კომპანიას, პირგასამტეხლოს სახით, 5 014.99 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მე-3 პუნქტები).

8.3 საქალაქო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 9.5 პუნქტზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებისას, დავალებით განსაზღვრული სამუშაოს განსაზღვრული ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. წინამდებარე შემთხვევაში, ვადაგადაცილების პერიოდი შეადგენს 59 დღეს, ხოლო მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა დასახელებული პერიოდისათვის - 100 299,93 ლარს, რაც სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, წარმოადგენს პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობას და დარღვეული ვალდებულების პროპორციული არ არის.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (შემსყიდველმა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2 აპელანტის განმარტებით, პირგასამტეხლო მხარეების მიერ სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში იყო განსაზღვრული, რაც იმას გულისხმობს, რომ მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს, სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ვალდებულების დარღვევის შედეგი პირგასამტეხლოს დაკისრების სახით, შესაბამისად, არ არსებობდა სასამართლოს მიერ მისი შემცირების საფუძველი.

9.3 აპელანტის მითითებით, მიმწოდებელს სადავოდ გამხდარი სამუშაოების შესასრულებლად 10 - დღიანი ვადა ჰქონდა განსაზღვრული, რაც 59- დღიანი ვადის დარღვევით შეასრულა, რის გამოც სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, პირგასამტეხლოს გადახდის წინაპირობების არსებობა და პირგასამტეხლოს დაანგარიშებული ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, მოპასუხე მხარე, მიუხედავად, იმისა, რომ სადავოდ არ ხდიდა პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორეს, არ ეთანხმებოდა აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობებს, ვინაიდან ვადის დარღვევა ხელშეკრულების არაბრალეული დარღვევის გამო მოხდა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მიმწოდებელს სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.

10.3 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისს წარმოადგენს, რა დროსაც დასაშვებია სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, შემცირებას ექვემდებარება არა მაღალი პირგასამტეხლო, არამედ - „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო.

10.4 წინამდებარე შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, უმეტესწილად, დაუძლეველი ძალით იყო გამოწვეული, რაც მერიას (შემსყიდველს) მხედველობაში უნდა მიეღო, ასევე გასათვალისწინებელი იყო, სამუშაოთა შესრულების ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც მიმწოდებელმა 2015 წლის 17 ივნისის №82 წერილით აცნობა მერიას, რაც ერთიანობაში ქმნიდა დასაბუთებულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შესამცირებლად.

10.5 დამატებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევაში, მიმწოდებლის ბრალის სრულიად გამომრიცხველ გარემოებებზე ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი მხარის სააპელაციო საჩივარი, რის გამოც მხოლოდ ვალდებულების შესრულების გართულების კონტექსტში განიხილა პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მერიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

11.3 მოპასუხე მხარე უთითებდა, ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შეუძლებლობაზე, დაუძლეველი ძალის გამო, თუმცა, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამუშაოთა დასრულების 59-დღიანი ვადის დარღვევა სტიქიურმა უბედურებამ, ან რაიმე დაუძლეველმა გარემოებამ გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

11.4 კასატორმა დამატებით, წინამდებარე განჩინების 9.3 პუნქტში ასახულ, სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია;

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:

18.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;

18.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

19. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის საკითხს.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.

21. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

22. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისის მასშტაბით არსებული გზების კაპიტალური შეკეთება. სადავო საკითხი წარმოიშვა ქ. თბილისში, ... ქუჩაზე გზის კაპიტალურად შეკეთების სამუშაოებისათვის დადგენილი ვადის 59-დღიანი დარღვევის გამო. საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება დასახელებულ ქუჩაზე ვადის დარღვევით მოხდა, რასაც კონკრეტული ზიანი მხარისათვის არ მოუტანია. ამასთან, გასათვალისწინებელია, ის გარემოებები, რომელსაც ვალდებულების შესრულების გართულება (იხ. წინამდებარე განჩინების 10.4 ქვეპუნქტი) მოჰყვა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების დაუსაბუთებლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე