საქმე №ას-1346-2018 15 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.შ., ლ.შ., პ.შ., ა.ლ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ს–ძის სარჩელი მ.შ–ის, ლ.შ–ის, პ.შ–ის და ა.ლ–ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ 25 (ოცდახუთი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ კერძო საჩივრის ავტორ, ლ.შ–ს 2018 წლის 22 ოქტომბერს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა მ.შ–ის, ლ.შ–ის, პ.შ–ის და ა.ლ–ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით მ.შ–ს, ლ.შ–ს, პ.შ–ს და ა.ლ–ძეს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 25 ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 22 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოპასუხეთა ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 2591-ე , 397-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.შ–ის, ლ.შ–ის, პ.შ–ის და ა.ლ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი