საქმე № ას-1171-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს "ე.ჯ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ჩ., ნ.ჩ. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - იჯარის თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ისა და ნ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ შპს „ე.ჯ–თვის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) საიჯარო ქირის 48 675 აშშ დოლარის, საიჯარო ქირის იჯარის ქონების მეიჯარეზე გადაცემამდე გადახდას, პირგასამტეხლოს სახით 20 000 დოლარის გადახდას და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა:
1.1. საიჯარო ქირის, 48 675 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. 2017 წლის 15 სექტემბრიდან ქონების მოსარჩელეებისათვის გადაცემამდე 2016 წლის 1 აპრილს გაფორმებული საიჯარო ქირით გათვალისწინებული ყოველთვიური საიჯარო გადასახადის ანაზღაურება, კერძოდ, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში 13 275 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენ თვეებში 16 225 აშშ დოლარი;
დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1.3. მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.4. მოსარჩელეების მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 47-ე, 48-ე, 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე და 368-ე მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 10 - დღიანი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინება მხარეს 2018 წლის 27 აპრილს ჩაჰბარდა. ამავე წლის 7 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება. სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსები ვადა გაუგრძელდა 10 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ამავე წლის 17 მაისს ჩაჰბარდა. 2018 წლის 28 მაისს აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო. 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსები ვადა გაუგრძელდა 7 დღით. აღნიშნული განჩინება მხარეს ამავე წლის 6 ივნისს ჩაჰბარდა. 2018 წლის 13 ივნისს აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსები ვადა გაუგრძელდა 3 დღით. აღნიშნული ხარვეზი 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა შევსებულიყო. აპელანტმა 2018 წლის 25 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და კიდევ ერთხელ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. მისი მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის სახსრები, აღნიშნული თხოვნა უნდა მიეღო მხედველობაში და ან უნდა გაეთავისუფლებინა მოპასუხე ბაჟის გადახდისაგან, ან უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული და, რომ მას ან უნდა გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ან ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ფიზიკური და არა იურიდიული პირებისათვის. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან აპელანტი წარმოადგენს იურიდიულ პირს. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს, სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ, რომ მას უნდა გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინება, სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე უარის თქმისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 21 ივნისს ჩაჰბარდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 29), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 3 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 22 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 25 ივნისს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
12. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, ამ უკანასკნელს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე.ჯ–ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი