საქმე № ას-1238-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი,
ი.ა– თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს "დ.კ." (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, ი.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს „დ.კ–თვის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, საწარმო ან კომპანია) სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 18 129 ლარისა (სახელფასო დავალიანება და კომპენსაცია) და პირგასამტეხლოს 1309.87 ლარის, ასევე, ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის 18 129 ლარის 0.07 %-ის ანაზღაურება დაეკისრა, 2016 წლის 13 აგვისტოდან, ყოველდღიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე, 374-ე, 70-ე-78-ე, 59-ე და 63-ე მუხლებით.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2018 წლის 30 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 10 - დღიანი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის, 795.82 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის. 2018 წლის 31 მაისის განჩინებით აპელანტს 3 დღით უკანასკნელად გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა, თუმცა, მან ხარვეზი კვლავ არ გამოასწორა, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხის დირექტორსა და საწარმოს ფულადი სახსრების განკარგვაზე უფლებამოსილ პირებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით აკრძალული აქვთ კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების განკარგვა, მათ შორის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადახდა, შესაბამისად, აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა;
4.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე აპელანტისათვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადა, მანამ სანამ ძალაშია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, მოცემული დავის ფარგლებში გამოყენებულმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ (რომლითაც კომპანიას აეკრძალა ფულადი სახსრების განკარგვა) განაპირობა, დაუსაბუთებელია.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 31 მაისის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 27 ივნისს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 208), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 3 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 28 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 2 ივლისს დასრულდა (ვინაიდან 30 ივნისი და პირველი ივლისი დასვენების დღეები იყო), თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, ვინაიდან მხარის (კომპანიის) მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკმარის ფაქტობრივ საფუძველს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ის წარმოადგენს შპს-ს და, შესაბამისად, ექცევა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედების ქვეშ (იხ. კანონის მეორე მუხლის მეორე ნაწილი „ა“ ქვეპუნქტი). კანონის მიხედვით, გადახდისუუნაროა პირი, რომელსაც არა აქვს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა; თუ კერძო საჩივრის ავტორი თავს გადახდისუუნაროდ მიიჩნევდა, მაშინ მას უნდა ემოქმედა კანონის ფარგლებში და სასამართლოსათვის მიმართვით უნდა დაეწყო გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (კანონის მეექვსე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით მოვალე თავისუფლდება სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან). აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა მისცემდა სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას (შდრ. სუსგ №ას-30-30-2016, 23.02.2016).
12. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
13. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "დ.კ–ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი