Facebook Twitter

საქმე № ას-1301-2018 26 ოქტომბერი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.დ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ნ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ი.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ა.დ–ისათვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) თანხის დაკისრებას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 13 300 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე და 374-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად მიეცა გონივრული ვადა, ამასთან, მისი შუამდგომლობები ხარვეზის შესავსები ვადის გაგრძელების თაობაზე არაერთხელ დაკმაყოფილდა, თუმცა აპელანტს საბოლოოდ ხარვეზი არ გამოუსწორებია. პალატამ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება წარმოადგენდა არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახებოდა, არამედ პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობა იყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელებას, საქმის განხილვის გაჭიანურების მიზნით მოითხოვდა;

4.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს შეეზღუდა სასამართლოსათვის მიმართვის ხელმისაწვდომობის უფლება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხე გარკვეული დროით არ იმყოფება საქართველოში და სწორედ ამიტომ მოითხოვდა ამ უკანასკნელის წარმომადგენელი ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის აპელირება, რომ იგი საქმის განხილვის დროის გაჭიანურებას არ ცდილობდა და ხარვეზის აღმოუფხვრელობა მისი საზღვარგარეთ ყოფნით იყო განპირობებილი, დაუსაბუთებელია.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 14 ივნისის განჩინება, რომლითაც აპელანტს უკანასკნელად მიეცა შესაძლებლობა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გამოესწორებინა ხარვეზი, აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 20 ივნისს ჩაჰბარდა (იხ. ს.ფ. 313), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 21 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 25 ივნისს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი კვლავ არ შეუვსია.

11. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

13. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, ამ უკანასკნელს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

14. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.დ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი