29 ნოემბერი, 2018 წელი,
№ას-1554-2018 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ.ბ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.კ. ,ჯ.ჰ.’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სუბროგაციის პრინციპით
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს "ს.კ.ჰ–ის" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე) სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ის მოითხოვდა კ.ბ–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ 7349.91 ლარის გადახდის დაკისრებას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება), კ.ბ–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, თავის მეუღლეს ჩაჰბარდა, რომელმაც დროულად ვერ მიაწოდა ინფორმაცია აპელანტს, შესაბამისად მან ვერ მოახერხა ხარვეზის შევსება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის (25 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს 2018 წლის 23 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს არ შეუვსია ხარვეზი და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ამავე წლის 23 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 24 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 26 ოქტომბერს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.ბ–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა