Facebook Twitter

№ას-1318-2018

4 ოქტომბერი, 2018 წელი. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნოტარიუსი ხ.ჯ., დ.გ., მ.კ., ვ.ჯ. და ი.მ.

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების, შპს-ის პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამკვიდროს 2/3 წილზე მეკმვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

განჩინების საგანი - სამქმისწარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 10 იანვარს ნ.კ–ეს წარმომადგენელმა სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით სავარაუდო მოპასუხეებისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა, კერძოდ:

- ვ.ჯ–ასა და მ.კ–თვის ქ. ქუთაისში, ..... მდებარე, შენობა №2-ის, ფართით 131,84 კვ.მ., განთავსებული 458 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 1/3-1/3 წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა (უძრავი ნივთის ს/კ: .....);

- ი.მ–თვის ქ. ქუთაისში, ..... მდებარე, შენობა №1-ის და შენობა №2-ის, ფართით 333.02 კვ.მ., განთავსებული 458 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, 1/3 წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა;

- ამავე უძრავი ქონების 2/3 წილიდან, რომელიც ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება აწ გარდაცვლილ ლ.კ–ეს სახელზე, ნ.კ–ეს მიმართ გაცემული 09.01.2018წ. №180017625 სანოტარო სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული 1/3 წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, დარჩენილ 1/3 წილზე ყადაღის დადება (უძრავი ნივთის ს/კ: №....);

- ვ.ჯ–ასთვის ქ. თბილისში, ..... მდებარე, 53,00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის 1/3 წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ამავე უძრავი ქონების 2/3 წილიდან, რომელიც ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება აწ გარდაცვლილ ლ.კ–ეს სახელზე, ნ.კ–ეს მიმართ გაცემული 09.01.2018წ. №180017625 სანოტარო სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული 1/3 წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, დარჩენილ 1/3 წილზე ყადაღის დადება (უძრავი ნივთის ს/კ: №.....); - დ.გ–ასა და შპს „ნ–თვის“, საწესდებო კაპიტალის 1/3 წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ამავე შპს-ის საწესდებო კაპიტალის 2/3 წილიდან, რომელიც ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება აწ გარდაცვლილ ლ.კ–ეს სახელზე, ნ.კ–ეს მიმართ გაცემული 09.01.2018წ. №180017625 სანოტარო სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული 1/3 წილის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, დარჩენილ 1/3 წილზე ყადაღის დადება. - დ.გ–ასთვის სსიპ „საქართველოს შსს მ.ს–ში“ აწ გარდაცვლილი ლ.კ–ეს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების - სანომრე ნიშანი ...., მარკა-მოდელი - „ლექსუს RX 400 H”, ფერი რუხი - 8/8, გამოშვების წელი - 2005, საიდენტიფიკაციო ნომერი ..... 1/3 წილის ნებისმიერი ფორმით გასხვისება და გირავნობით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა; ამავე ავტომანქანის 2/3 წილიდან, რომელიც ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება აწ გარდაცვლილ ლ.კ–რეს სახელზე, ნ.კ–ეს მიმართ გაცემული 09.01.2018წ. №180017625 სანოტარო სამკვიდრო მოწმობით განსაზღვრული 1/3 წილის მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ, დარჩენილ 1/3 წილზე ყადაღის დადება;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გ.კ–ს“, როგორც სხვა პირს, აეკრძალოს, შეასრულოს ლ.კ–თან დადებული 01.03.2017წ/ №784 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, აღნიშნულ შპს-ს აეკრძალოს ნოტარიუს ხ.ჯ–ის მიერ დ.გ–ას სახელზე გაცემული 28.12.2017წ. №171506488 სამკვიდრო მოწმობისა და მ.კ–ეს სახელზე გაცემული 04.01.2018წ. №180002442 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დ.გ–ას და მ.კ–ეს, აგრეთვე, მათ წარმომადგენელთა მიმართ გასცეს აწ გარდაცვლილ ლ.კ–ეს სახელზე რიცხული ძირითადი თანხის - 80 000 აშშ დოლარისა და მისი საპროცენტო განაკვეთის 1/3-1/3 წილის პროპორციული თანხა, აგრეთვე, დაევალოს, რომ არ შეასრულოს ამავე თანხასთან დაკავშირებით აღნიშნული პირების რაიმე მითითება საბანკო ოპერაციების შესრულების შესახებ;

2. ნ.კ–ეს შუამდგომლობა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა სრულად.

3. 2018 წლის 17 იანვარს მოსარჩელე ნ.კ–ეს წარმომადგენელმა აღძრა სარჩელი ნატარიუს ხ.ჯ–ის, დ.გ–ას, მ.კ–ეს, ვ.ჯ–ასა და ი.მ–ას მიმართ, სამკვიდრო მოწმობების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების, შპს-ის პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამკვიდროს 2/3 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რომელიც მიღებულია წარმოებაში.

4. 2018 წლის 30 იანვარს მ.კ–ემ საჩივრით მიმართა სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, ხოლო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა, რომ მოსარჩელეს დავალებოდა 50 000 ლარის დეპონირება სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განჩინებით, მ.კ–ეს საჩივარი 2018 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გარანტიის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე ნ.კ–ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველეყო მოპასუხე მ.კ–თვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე 25 000 ლარის შეტანის გზით. მასვე განემარტა, რომ, თუ 7 დღის ვადაში მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას არ უზრუნველყოფდა და მითითებულ ვადაში სასამართლოს არ წარუდგენდა აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტს, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით მ.კ–ეს, დ.გ–ასა და ი.მ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.კ–ეს წარმომადგენელმა და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლება.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით, განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

9. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე 2018 წლის 24 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა ნ.კ–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება;

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით ნ.კ–ეს წარმომადგენელ გ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფიდლა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინება.

11. აღნიშნულ განჩინებაზე 2018 წლის 26 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივარი წარადგინა ნ.კ–ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ-ის) 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც არ გასაჩივრდება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ საპროცესო კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

15. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

18. სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 420-ე, 399-ე, და 372-ე მუხლების მიხედვით, ეს წესი გამოიყენება საკასაციო წარმოების ეტაპზეც. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 26 ივლისის #0 საგადახდო დავალებით გ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 374.3-ე, 284-ე, 285-ე 401-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.კ–ეს კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.კ–ეს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი300773150) დაუბრუნდეს მის კერძო საჩივარზე გურამ გვენცაძის მიერ 2018 წლის 26 ივლისის #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე