საქმე №ა-4148-შ-105-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ნ.შ-ვ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.რ–შ. (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენი
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენით გაუქმდა, 2003 წლის 28 აგვისტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის მომსახურე პირის წინაშე (რეგისტრაციის ნომერი 0019384) ნ.შ-ვ–ძესა (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და რ.რ.შ–ს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის შესრულებული ქორწინება.
2. გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენში მოსარჩელედ მითითებული იყო რ.შ., თუმცა ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით უსწორობა გასწორდა და მოსარჩელედ მიეთითა რ.რ.შ.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 13 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2007 წლის 7 აგვისტოდან.
5. გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს განაჩენის მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის განაცხადის საფუძველზე, რასაც მოპასუხეც დაეთანხმა.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენს და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს განქორწინების თაობაზე განაცხადით მოსარჩელემ მიმართა და მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების გაუქმება მოითხოვა. მოპასუხე, რომელიც განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორია, ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების გაუქმებას, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო პოზიცია მას არ დაუფიქსირებია, პირიქით, თავად ითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.შ-ვ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, კირხჰაიმ უნტერ ტეკის საოჯახო სასამართლოს 2007 წლის 7 აგვისტოს # 2 F 551-06 განაჩენი, რომლითაც გაუქმდა, 2003 წლის 28 აგვისტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის მომსახურე პირის წინაშე (რეგისტრაციის ნომერი 0019384) ნ.შ-ვ–ძესა და რ.რ.შ–ს შორის შესრულებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე