Facebook Twitter

საქმე №ა-4155-შ-106-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჭ.

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის #2323/2017 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის #2323/2017 გადაწყვეტილებით გაუქმდა 2012 წლის 30 იანვარს, საქართველოში, ისანი-სამგორის რაიონში, ნ.ჭ–სა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და გ.ჩ–ს (შემდეგში: მოწინააღმდეგე მხარე) შორის რეგისტრირებული ქორწინება.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 13 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის #2323/2017 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 15 თებერვლიდან.

4. საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. შუამდგომლობის ავტორსა და მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო განხილვისას, სპეციალური მინდობილობის საფუძველზე, ადვოკატი წარმოადგენდა.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის #2323/2017 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საბერძნეთის სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მხარეებმა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების გაუქმება მოითხოვეს.

7. საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთობლივი განცხადებით მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას ითხოვდნენ.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, ქ. სალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის #2323/2017 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 30 იანვარს, საქართველოში, ისანი-სამგორის რაიონში, ნ.ჭ–სა და გ.ჩ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე