საქმე №ა-4207-შ-107-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის # FM -12-13tO-13C განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის # FM -12-13tO-13C განჩინებით გაუქმდა ი.ც–სა (შემდეგში: მოპასუხე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და მ.ბ–ს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 17 სექტემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის # FM -12-13tO-13C განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 30 აპრილიდან.
4. აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს განჩინების მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო მხარეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის # FM -12-13tO-13C განჩინებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს მხარეებმა და მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების გაუქმება მოითხოვეს. მოპასუხე, რომელიც განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორია, ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების გაუქმებას, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო პოზიცია მას არ დაუფიქსირებია, პირიქით, თავად ითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
7. აშშ-ის, ნიუ-ჯერსის უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ერთობლივი განცხადებით მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას ითხოვდნენ.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ც–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ნიუ ჯერსის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის # FM -12-13tO-13C განჩინება, რომლის საფუძველზე გაუქმდა მ.ბ–სა და ი.ც–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე