Facebook Twitter

საქმე №ა-5386-შ-132-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ე.გ-პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, მერილენდის შტატის, მონტგომერის ოლქის, საოლქო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება N 63919

დავის საგანი – სახელის ცვლილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის, მერილენდის შტატის, მონტგომერის ოლქის, საოლქო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის N 63919 გადაწყვეტილებით ე.გ–ას განცხადება, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა.

2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სახელი ე.გ–ა შეიცვალა სახელით ე.გ–ა-პ.

3. 2018 წლის 21 ნოემბერს ე.გ–ა-პ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აშშ-ის, მერილენდის შტატის, მონტგომერის ოლქის, საოლქო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის N 63919 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, სახელის ცვლილების თაობაზე.

4. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და დაასკვნა, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესითაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება პირის სახელის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, სახელი ე.გ–ა შეიცვალა სახელით ე.გ–ა-პ.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.გ–ა-პ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს აშშ-ის, მერილენდის შტატის, მონტგომერის ოლქის, საოლქო სასამართლოს 2007 წლის 24 სექტემბრის N 63919 გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ე.გ–ას შეეცვალა სახელი და იწოდება, როგორც ე.გ–ა-პ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე