Facebook Twitter

საქმე №ას-2-2-2017 14 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –თ.გ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის (შემდეგში: მეიჯარე, მერია, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2012 წლის 17 დეკემბრის აუქციონის №23-ე ლოტზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 24-27, ხელშეკრულება №E-23-6295; შემდეგში: პირველი ხელშეკრულება) და №37-ე ლოტზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 28-31, ხელშეკრულება №E-37-5714; შემდეგში: მეორე ხელშეკრულება) გამარჯვებულად გამოცხადდა თ.გ. (შემდეგში: მოპასუხე ან მოიჯარე), რომელსაც პირველი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ..... მიმდებარედ 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მეორე ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ..... მიმდებარედ 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

2. სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართული ელექტრონული აუქციონის პირობების შესაბამისად, სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 1050 ლარით. უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარის) ვადა - 5 წელი; აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე” ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადახდაში. საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო 6 (ექვსი) თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე. ორივე ხელშეკრულება ერთი და იმავე პირობებით გაფორმდა.

3. მოპასუხემ სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ორივე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს სახით წინასწარ 500-500 ლარი გადაიხადა.

4. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილება გათანაბრებულია ხელშეკრულებებთან, რომლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს სარგებლობის პირობები (იხ. სარგებლობის პირობები, ტ. 1, ს/ფ 25-27, 29-31).

4.1. აღნიშნული სარგებლობის პირობების 8.4. ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ მიიჩნევა ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი;

4.2. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების დარღვევის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეკისრება 10.1 – 10.3 პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო; 10.1. პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

4.3. ხელშეკრულების სარგებლობის პირობების 10.3. პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, ქონების მიმღებ პირს ეკისრება პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარის ოდენობით;

4.4. სარგებლობის პირობების 13.3. პუნქტის თანახმად მესაკუთრის მიერ ელექტრონულად (მათ შორის ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვ.) ქონების მიმღები პირის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება, მოთხოვნა და სხვა კორესპონდენცია ძალაშია ადრესატის შესაბამის მისამართზე (მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე) შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.

5. მოპასუხეს იჯარით გადაცემული არც ერთი მიწის ნაკვეთით არ უსარგებლია. მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა არ გადაუხდია (იხ. ტ. 1, ს/ფ 37).

6. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2013 წლის 19 სექტემბერს მოპასუხეს გაეგზავნა ელექტრონული შეტყობინებები და ეთხოვა, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო 2012 წლის 17 დეკემბრის ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დავალიანებისა და მისი გადახდის პირობების დარღვევის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა (იხ. ტ. 1, ს/ფ 32-33).

7. მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 იანვრის ბრძანებებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე საააგენტოს 2012 წლის 17 დეკემბრის ორივე გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში დასახელებული, ორივე მიწის ნაკვეთის მოიჯარისათვის ელექტრონული აუქციონის წესით გადაცემის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს/ფ 34-35).

8. მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის 10 იანვარს (იხ. ტ. 1, ს/ფ 34-35).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1 მოსარჩელემ 2015 წლის 21 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის მერიის სასარგებლოდ შემდეგი თანხების დაკისრება მოითხოვა:

9.1.1. 2012 წლის 17 დეკემბრის თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა 1 156.44 –1 156.44 ლარი;

9.1.2. 2012 წლის 17 დეკემბრის თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 715-715 ლარი;

9.1.3. თითოეული ხელშეკრულებისათვის 2015 წლის 17 აპრილიდან დარიცხული საიჯარო ქირის (1156.44 ლარის) 0.1 %, რაც შეადგენს 1.05 ლარს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი საიჯარო ქირის გადახდამდე;

9.1.4. თითოეული ხელშეკრულებისათვის ერთჯერადი პირგასამტეხლო 100-100 ლარი.

9.2 მოსარჩელემ წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317.1-ე, 361-ე, 417-ე, 418.2-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხე საიჯარო ქირას დადგენილ ვადაში არ იხდიდა, რის გამოც ის ვალდებულია გადაიხადოს როგორც საიჯარო ქირა, ასევე, ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილ საიჯარო ქირასა და პირგასამტეხლოს ოდენობას არ ეთანხმება. მოსარჩელეს 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად უნდა გამოეცხადებინა 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ, ვინაიდან მოპასუხეს იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთით არ უსარგებლია და არც საიჯარო ქირის თანხა გადაუხდია. მოპასუხეს ერთი წლის განმავლობაში მოსარჩელის მხრიდან წერილობითი გაფრთხილება თანხის გადახდის თაობაზე არ მიუღია. გარდა ამისა, მოპასუხისათვის არ იყო ცნობილი 6 თვეში ერთხელ საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. მოპასუხე არის მარტოხელა დედა, ზრდის არასრულწლოვან შვილს, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მოპასუხე მიუთითებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე და ითხოვს მის შემცირებას გონივრულ ოდენობამდე.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს (მოიჯარეს) შემდეგი თანხების გადახდა დაეკისრა:

11.1.1. პირველი და მეორე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა 287.5- 287.5 ლარი;

11.1.2. პირველი და მეორე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 2013 წლის 30 სექტემბრიდან 1 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე;

11.1.3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 531-ე, 581-ე, მე-8, 417-418-ე, 420-423-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებულ საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იყო განსაზღვრული ბეს სახით გადახდილი თანხის ბედი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხისათვის დასაკისრებელ საიჯარო ქირის ოდენობას ბეს სახით წინასწარ გადახდილი 500 ლარი უნდა გამოკლებოდა.

11.3 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, რის გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2015 წლის 17 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 715.05 ლარის და 2015 წლის 17 აპრილიდან საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე, საიჯარო ქირის 1050 ლარის 0.1% (რაც შეადგენს 1.05 ლარს) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების შესახებ და ასევე, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ერთჯერადად, ჯამში 200 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლომ. გადაწყვეტილებისა და სარგებლობის პირობების 10.1. პუნქტის შესაბამისად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს როგორც 2015 წლის 17 აპრილამდე დარიცხულ პირგასამტეხლოს - 715.05 ლარს, ასევე, საიჯარო ქირის საბოლოო გადახდამდე გათვალისწინებულ 0,1%-ს. რის გამოც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1 (ერთი) ლარი 2013 წლის 30 სექტემბრიდან (საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდიდან) გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტის დროდ მიჩნეულია 2013 წლის 30 სექტემბერი და არა 2015 წლის 17 აპრილი.

12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. მოსარჩელემ (მეიჯარემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვა:

12.1.1 აპელანტის განმარტებით მოპასუხესთან საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის 10 იანვარს და არა - 2013 წლის სექტემბრის თვეში. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 იანვრის #01-4/5 და #01/4-6 ბრძანებები, რომელთა თანახმადაც, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 17 დეკემბრის # E-23-6259 და # E-37-5714 გადაწყვეტილებები. 2013 წლის 19 სექტემბრის ელექტრონული შეტყობინებებით მოიჯარეს (მოპასუხეს) ეცნობა, რომ მას მართებდა საიჯარო ქირისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის განუხორციელებლობის შემთხვევაში გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც გულისხმობს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მოშლა, როგორც სამართლებრივი შედეგი დადგებოდა აღნიშნული ვადაგადაცილების შეუსრულებლობის შემდეგ და არა - აღნიშნული შეტყობინების გაგზავნისთანავე. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ქონების მართვის სააგენტოს #01-4/5 და #01/4-6 ბრძანებები, რომელთა თანახმადაც, მოპასუხესთან საიჯარო ურთიერთობები შეწყდა 2014 წლის 10 იანვარს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს არ უნდა შეემცირებინა საიჯარო ქირა, რადგანაც მხარესთან საიჯარო ურთიერთობები 2014 წლის 10 იანვრამდე არსებობდა;

12.1.2 აპელანტი მიიჩნევს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მეიჯარის 2012 წლის 17 დეკემბრის #E-23-6259 და #E-37-5714 გადაწყვეტილებების 8.5. პუნქტის თანახმად ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის შემთვევაში, სარგებლობის უფლების მიმღებ პირს არ უბრუნდება შემოტანილი თანხა და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები. მოიჯარე კეთილსინდისიერად არ ასრულებდადაკისრებულ ვალდებულებას, რის საფუძველზეც მას დაეკისრა თანხის გადახდა, როგორც საიჯარო ქირის, ასევე, პირგასამტეხლოს ნაწილში; მოიჯარის მიერ ბეს სახით გადახდილ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც კავშირი არ აქვს მიმდინარე დავალიანებასთან, აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს არა დავალიანების, არამედ ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ბეს სახით გადახდილი თანხა წარმოადგენს ხელშემკვრელი მხარისათვის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ მექანიზმს და მას კავშირი არ აქვს დაკისრებულ საიჯარო ქირასა და პირგასამტეხლოსთან;

12.1.3 აპელანტი უთითებს, რომ ვინაიდან მოიჯარეს #E-23-6259 გადაწყვეტილება მარეგისტრირებელ ორგანოში საერთოდ არ დაურეგისტრირებია, ხოლო #E-37-5714 გადაწყვეტილება დაარეგისტრირა 20 დღიანი ვადის დარღვევით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით ეკისრება 200 ლარის გადახდა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მერიის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

13.1.1. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მოპასუხის მიმართ გამოტანილი იქნა ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

13.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

13.1.3. მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

13.1.4. მოიჯარეს (მოპასუხეს) მეიჯარის სასარგებლოდ, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა: საიჯარო ქირა 1156.44 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 357.5 ლარი, მზარდი პირგასამტეხლო 2015 წლის 17 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 1156.44 ლარის 0.05%, ერთჯერადი პირგასამტეხლო 10 ლარი;

13.1.5. მერიის სარჩელი, თითოეული ხელშეკრულების მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლოს 357.5-357.5 ლარის, მზარდი პირგასამტეხლოს 2015 წლის 17 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის გადახდამდე 1156.44 ლარის 0.05%-ის და ერთჯერადი პირგასამტეხლოს 90-90 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

13.2. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ)372-ე, 387-ე, 229.1-ე, 230-ე, 70-78-ე მუხლებით და დაადგინა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2016 წლის 20 ოქტომბერს 14:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, მოიჯარე), რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მხარემ სასამართლოს არ აცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მხარემ - აპელანტმა კი, მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა 2014 წლის 10 იანვარს შეწყდა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 იანვრის ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა გადაწყვეტილებები მოიჯარისათვის ელექტრონული აუქციონის წესით, უძრავი ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე და დაადგინა, რომ, ვინაიდან, მოიჯარეს არ გადაუხდია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირა 1156.44-1156.44 ლარს შეადგენდა.

13.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 715 ლარი, 2015 წლის 17 აპრილიდან დარიცხული საიჯარო ქირის (1156.44 ლარის) 0.1%, ასევე, ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 ლარი, ძირითად დავალიანებასთან მიმართებაში პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა.

13.5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტის მოთხოვნა, თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ცალ-ცალკე დარიცხული პირგასამტეხლოს - 357.5 ლარის, მზარდი პირგასამტეხლოს 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 1156.44 ლარის 0.05%-ის და ერთჯერადი პირგასამტეხლოს 90 ლარის დაკისრების ნაწილში, იურიდიულად გაუმართლებელია, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიოყო ნაწილობრივ და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირა - 1156.44 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო -357.5 ლარი, მზარდი პირგასამტეხლო - 2015 წლის 17 აპრილიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირი გადახდამდე 1 156.44 ლარის 0.05 %, ერთჯერადი პირგასამტეხლო - 10 ლარი.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრამეიჯარემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

14.2. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლო სამართლებრივად ვერ ასაბუთებს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

14.3. კასატორმა სსსკ-ის 384-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებს ან/და საუარესოდ შეაბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, თუ მეორე მხარეს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული გადაწყვეტილება. აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ძირითადი საიჯარო ქირისა და ერთჯერადი პირგასამტეხლოს ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ემსჯელა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ საკუთარი სურვილით, მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში მიიღო გადაწყვეტილება მზარდი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე საიჯარო ქირის 0,05 %-მდე ნაცვლად 1 ლარისა. სააპელაციო სასამართლომ მზარდი პირგასამტეხლოს ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის საუარესოდ შეაბრუნა, რაც საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევაა.

14.4. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით თითოეულ ხელშეკრულებაზე (ჯამში 200 ლარი) შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამოტივაციო ნაწილში ვერ დაასაბუთა მისი შემცირების მართლზომიერება.

14.5. კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე სასამართლოს ნებისმიერ შემთხვევაში არ შეუძლია პირგასამტეხლოს შემცირება. ეს უნდა მოხდეს საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე და სასამართლომ უნდა მიუთითოს ასეთ გარემოებებზე და განმარტოს, თუ რატომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (მეოჯარის) საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება აქვს წარმოდგენილი.

17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მიზნით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ გამოტანის დაუშვებლობის მართლზომიერება, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.

18. იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

19. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა როგორც საიჯარო ქირის, ასევე პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 9.1.1-9.1.4 ქვეპუნქტები). მეიჯარის საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმ ნაწილს შეეხება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნილი და საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა, იმ პირობებში, როცა მოიჯარეს ეს არ მოუთხოვია (იხ. ამ გადაწყვეტილების 14.3-14.4 ქვეპუნქტები).

19.1. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დარიცხული პირგასამტეხლოს საიჯარო ქირის 0.1 %-ის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.05 ლარი) დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოიჯარეს, მეიჯარის სასარგებლოდ, პირველი და მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 30 სექტემბრიდან საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარის გადახდა დაეკისრა. ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს (მოიჯარეს) არ გაუსაჩივრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება ამ ნაწილში (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.1 და 2.2 პუნქტები) კანონიერ ძალაში შევიდა. იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ ნაწილში მოიჯარეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, იგულისხმება, რომ ის აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას დაეთანხმა. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში მოიჯარის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, ამ უკანასკნელის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო, ხოლო, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო (ერთი აპელაციის ფარგლებში აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა). ამ მიმართებით, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მის სასარგებლოდაა გამოტანილი, მის საზიანოდ არ შეიცვლება (შდრ. სუსგ # ას-1286-1224-2014, 19.02.15 წ.).

19.2. მოსარჩელემ (მეიჯარემ) სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების ფარგლები აპელანტის მოთხოვნითაა შემოსაზღვრული (სსსკ-ის 384-ე, 377-ე მუხლები) და მას არ შეუძლია მხარის საუარესოდ შეაბრუნოს გადაწყვეტილება, იმ პირობებში, როცა მოპასუხე აღნიშნულს არ ითხოვს.

19.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას ერთჯერადი პირგასამტეხლოს 100-100 ლარის მოპასუხისათვის (მოიჯარისათვის) დაკისრების ნაწილში და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი ეთქვა, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიზნიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო წარმოების ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით ისარგებლოს და პირგასამტეხლოს ოდენობა შეამციროს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს (მოიჯარეს) არც სააპელაციო საჩივარი წარუდგენია და არც მის წინააღმდეგ მეიჯარის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განსახილველად დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, არასაპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215.3-ე მუხლი). ამასთან, მოიჯარისათვის ორი ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ერთჯერადი პირგასამტეხლოს 100-100 ლარის დაკისრება, არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

19.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას (შდრ. სუსგ # ას-654-620-2015, 17.12.2015 წ.).

20. ზემოხსენებული მოტივაციით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს (მოიჯარეს),თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს:

20.1. საიჯარო ქირა - 1156.44- 1156.44 ლარი;

20.2. დარიცხული პირგასამტეხლო 357.5-357.5 ლარი;

20.3. მზარდი პირგასამტეხლოს სახით 1 (ერთი) ლარი 2013 წლის 30 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე;

20.4. ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარი.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილედეს;

4. თ.გ–ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს:

4.1. 2012 წლის 17 დეკემბრის №E-23-6259 ხელშეკრულებიდან (№23 ლოტზე ჩატარებული აუქციონი) გამომდინარე საიჯარო ქირა - 1156.44 (ერთი ათას ას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი;

4.1.1. დარიცხული პირგასამტეხლო 357.5 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

4.1.2. მზარდი პირგასამტეხლოს სახით 1 (ერთი) ლარი 2013 წლის 30 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე;

4.1.3. ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარი;

4.2. 2012 წლის 17 დეკემბრის №E-37-5714 ხელშეკრულებიდან (№37 ლოტზე ჩატარებული აუქციონი) გამომდინარე საიჯარო ქირა 1156.44 (ერთი ათას ას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარი;

4.2.1. დარიცხული პირგასამტეხლო 357.5 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

4.2.2. მზარდი პირგასამტეხლოს სახით 1 (ერთი) ლარი 2013 წლის 30 სექტემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის სრულ გადახდამდე;

4.2.3. ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 (ასი) ლარი;

5. არ დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი 4.1.1. და 4.2.1. ქვეპუნქტებში მითითებული თითოეული ხელშეკრულების მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლის 357.5-357.5 (სამას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ნაწილში.

6. თ.გ–ს (პ/ნ ....) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 650.14 ლარის გადახდა;

7. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე