საქმე №ას-428-428-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ.ხ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''ს.ბ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ბანკი) და ლ.ხ–ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მსესხებელი, მოვალე, კასატორი) შორის, 2012 წლის 23 აგვისტოს, გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 10 წლით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.5%-დან 48%-მდე განისაზღვრა. იმავე წლის 12 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა ხელშეკრულებაში, თუმცა, საკრედიტო ლიმიტის ოდენობა არ შეცვლილა (ტ.1,ს.ფ. 14-30).
2. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 12 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......., კორპუსი 5, ბინა 67, ფართი 115.95 კვ.მ., ს/კ: ...... (ტ.1,ს.ფ. 39-48).
3. მხარეთა შორის 2012 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში: პირველი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით - 2017 წლის 24 აგვისტომდე, წლიური 13.5% სარგებლის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1,ს.ფ. 31-34).
4. მხარეთა შორის, 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 60 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 13.5% სარგებლის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1,ს.ფ. 35-38).
5. წინამდებარე განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტებში დასახელებული ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და ლაშა გახარიას (შემდეგში: თავდები) შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იკისრა პასუხისმგებლობა 100 000 ლარის ფარგლებში, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 130 000 ლარის ფარგლებში (ტ.1,ს.ფ. 49-53; 59-64).
6. დადგენილია, რომ 2015 წლის 7 სექტემბრიდან მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები მსესხებელმა დაარღვია და, ბანკის გაფრთხილებლის მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეს არ შეუსრულებია.
7. ბანკის მიერ გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით დადგენილია, რომ პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 29 235,58 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა 25 095,93 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 941,15 ლარი ხოლო პირგასამტეხლო 2 198,5 ლარია. მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 69 540,69 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა 59 980,53 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 5 323,25 ლარი და პირგასამტეხლო - 4 236,91 ლარია (ტ.1,ს.ფ. 74).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1 ბანკმა, 2016 წლის პირველ მარტს, სარჩელი აღძრა მსესხებლისა და თავდების წინააღმდეგ, მოითხოვა პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 29 235,58 ლარის დაკისრება, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - სოლიდარულად 69 540,69 ლარის დაკისრება.
8.2 მოსარჩელემ, აგრეთვე, დავალიანების დაფარვის მიზნით მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი, მოპასუხისა და თავდების სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა მოითხოვა.
9. მოპასუხის პოზიცია
9.1 მოპასუხეებმა წარდგენილი წერილობით შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, და განმარტეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. ამასთან, დამატებით მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს გაზრდა ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის შეტანამდე დაყოვნებულმა პერიოდმა გამოიწვია, რის გამოც უფრო გაიზარდა დავალიანების ოდენობა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეებს პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ 29 235,58 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 25 095,93 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 941,15 ლარი ხოლო პირგასამტეხლო 2 198,5 ლარია; მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ 69 540,69 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხა 59 980,53 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 5 323,25 ლარი და პირგასამტეხლო - 4 236,91 ლარია. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მსესხებლის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით.
10.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო და იპოთეკური ხელშეკრულებები, ასევე ბანკსა და თავდებს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება და აღნიშნულის საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
10.3 სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ მსესხებელმა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ორივე შემთხვევაში დაარღვია 2015 წლის 7 სექტემბრიდან. შესაბამისად, ბანკს წარმოეშვა უფლებამოსილება, ვადაზე ადრე შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულებები და კრედიტის სახით გაცემულ თანხასთან ერთად მოითხოვოს საპროცენტო სარგებლის გადახდა, ხოლო აღნიშნული თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მოითხოვოს მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების საგნის რეალიზაცია.
10.4 სასამართლოს შეფასებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდევინება.
10.5 ვალდებულება დაირღვა 2015 წლის 7 სექტემბრიდან და დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. ბანკის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 1 მარტს. დავალიანება პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 25 095.93 ლარს, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 59 980.53 ლარს შეადგენს.
10.6 სასამართლომ საქმეში არსებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) საფუძველზე განმარტა, რომ ბანკი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო უფლებამოსილია ვალდებულების შესრულება, მსესხებელთან ერთად, სოლიდარულად მოსთხოვოს თავდებ პირს.
11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი მთლიანი თანხის - 6435,41 ლარი 5 791.5 ლარით შემცირება მოითხოვა.
11.2 აპელანტების მტკიცებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უდავოა, რომ მხარეს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ვეღარ შეძლო ვალდებულების შესრულება, აღნიშნული კი უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. პირველი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო - 219.85 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 423.69 ლარის გადახდა.
12.2 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2018 წლის 14 თებერვალს ბანკის წარმომადგენელმა სასამართლოში სააპელაციო საჩივრის ცნობის თაობაზე დაზუსტებული სააპელაციო შესაგებელი წარადგინა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 208-ე მუხლის მესამე ნაწილის „თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ“ თანახმად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2 კასატორის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო მოსარჩელის მხრიდან მისი სააპელაციო საჩივრის ცნობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ გაზრდიდა სააპელაციო მოთხოვნას, ამასთან, აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებდა სასამართლოს, თავადვე ემსჯელა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს მიღმა დამატებით შეემცირებინა პირგასამტეხლო.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1 მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
20. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია:
20.1 ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება;
20.2 პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
21. წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების გარდა, დამატებით სასამართლოს ინიციატივით პირგასამტეხლოს შეუმცირებლობის საკითხს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.
23. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.
24. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსესხებლისა და სოლიდარული თავდებისათვის მოხდა ბანკის სასარგებლოდ დავალიანების დაკისრება, საიდანაც პირგასამტეხლო ე.წ პირველი და მეორე საკრედიტო ხელშეკრულებებიდან ჯამში 6435,41 ლარს შეადგენდა (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1 ქვეპუნტი). მსესხებელმა და თავდებმა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება, ამასთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის ფარგლებში მიუთითეს კონკრეტული თანხა, კერძოდ 5 791.5 ლარი, რა ოდენობითაც სურდათ პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ.1, ს.ფ. 203). იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო შესაგებლით, ბანკმა ცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა (იხ. დაზუსტებული სააპელაციო შესაგებელი - ტ.1,ს.ფ.242), სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 10-ჯერ შეამცირა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ბანკის მიერ სააპელაციო საჩივრის ცნობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით კიდევ გაზრდიდა მოთხოვნას, არ არის დასაბუთებული და ვერ იქნება მიჩნეული ვარგის არგუმენტად განსახილველ შემთხვევაში. ბანკის მიერ სააპელაციო საჩივრის ცნობა დასახელებულ ნაწილში, ჰიპოთეტურად ჯერ კიდევ არ ნიშნავს, აპელანტის მიერ მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში გაზრდილი მოთხოვნის ცნობასაც მოპასუხის მიერ. ამასთან, კასატორის მეორე პრეტენზია, სასამართლოს მიერ კანონით მისთვის მინიჭებული უფლების, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გამოუყენებლობას ეხება, რომელიც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსაბუთებელია.
25. სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს, სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მოხდეს მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირება, რომელიც მხარეს ვალდებულების დარღვევისათვის დაეკისრა. დადგენილია, რომ მსესხებელმა 2015 წლის 7 სექტემბრიდან დაარღვია ვალდებულება, ხოლო ბანკმა სარჩელი 6 თვის ვადაში, 2016 წლის 1 მარტს წარადგინა. აღნიშნულ დროში დაგროვილი პირგასამტეხლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობითაც - 6 435,41 ლარი, მსესხებლის მიერ დაგროვილი დავალიანების ოდენობასთან მიმართებით, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.ხ–ას (პ/ნ .....), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2018 წლის 26 აპრილი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე