საქმე №ას-445-445-2018 13 ივლისი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი.მ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ''ს.ბ.'' (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრდიტორი, ბანკი) და ი.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მსესხებელი, მოვალე, კასატორი) შორის, 2008 წლის 29 ივლისს, დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ №614369 ხელშეკრულება (შემდეში: პირველი ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც მსესხებელზე 36 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით გაიცა სესხი -6 100 ლარი. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5%ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის (ტ.1,ს.ფ.14-16).
2. აღნიშნული ხელშეკრულება უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით, თავდებს წარმოადგენს გ.ბ.
3. (შემდეგში: თავდები, მოპასუხე), რომლის პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე განისაზღვრა 12 200 ლარით (ტ.1,ს.ფ.17-18).
4. ბანკსა და მსესხებელს შორის 2008 წლის 8 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ №632099 ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც მსესხებელზე, 24 თვის ვადით, წლიური 48%-ის დარიცხვით გაიცა 1 710 ლარი (ტ.1,ს.ფ.19-21).
5. ბანკის მიერ 2014 წლის 10 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით, მსესხებლის დავალიანება №614369 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამავე თარიღისათვის შეადგენდა ჯამში 37 261.35 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა 4 942.40 ლარი, პროცენტი - 5 196.69 ლარი ხოლო შემცირებული პირგასამტეხლო 5 000 ლარი იყო (ტ.1,ს.ფ.30).
6. იმავე ცნობის მიხედვით, მსესხებლის დავალიანება №632099 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა ჯამში 16 847.74 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხა 1 396.19 ლარი, პროცენტი - 2 501.67 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 12 949.88 ლარი იყო (ტ.1,ს.ფ.30).
7. ბანკის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 14 აგვისტოს მოხდა მსესხებლის სესხის რესტრუქტურიზაცია და ცვლილება შევიდა №614369 და №632099 ხელშეკრულებებში. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 36 თვე.
8. აღნიშნული ცვლილების შესაბამისად №614369 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 20 აგვისტოს, უკანასკნელი გადახდა - 2015 წლის 18 ივლისს, ხოლო №632099 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 5 სექტემბერს, უკანასკნელი კი - 2015 წლის 5 აგვისტოს.
9. სარჩელის საფუძვლები
9.1 .ბანკმა 2015 წლის 22 აპრილს სარჩელი აღძრა მსესხებლისა და თავდების წინააღმდეგ, მოითხოვა მათთვის სოლიდარულად, №614369 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 4 942.40 ლარის, პროცენტის - 5 196.69 ლარის, და შემცირებული პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის, ხოლო №632099 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხოლოდ მსესხებლისათვის, სესხის ძირითადი თანხის - 1 396.19 ლარის, პროცენტის - 1 501.67 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 3 000 ლარის დაკისრება.
9.2 . მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემეობებზე მიუთითა.
10. მოპასუხის შესაგებელი
9.1 მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 639.09 ლარის, ხოლო უშუალოდ მსესხებელს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 4 197.86 ლარის სრულად გადახდა.
10.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 128-ე, 129-ე, 341-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე მუხლებით და დაადგინა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლის მიხედვითაც, ბანკის ძირითად ვალდებულებას სესხის გაცემა სასყიდლიანი ფორმით, ხოლო მსესხებლის ვალდებულებას, შეთანხმებული თანხის გადახდა წარმოადგენს, სარგებელთან ერთად.
10.3 საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 6-7 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ ბანკის გადაწყვეტილებით სესხის რესტრუქტურიზაციის გამო შედგა შეთანხმება ახალი გრაფიკის თაობაზე, რომლის მიხედვითაც გადახდის ბოლო ვადა პირველი ხელშეკრულების მიხედვით 2015 წლის ივლისი და მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იმავე წლის აგვისტო იყო, შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ვალდებულების დარღვევის გამო სარჩელის წარდგენა 2015 წელსვე არ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენად (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც უნდა შემცირებულიყო 0.5%-დან 0.01%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლები).
12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
12.2 აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ხანდაზმულობის ვადის საკითხი, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო არა 2012 წლის ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი), არამედ 2008 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები).
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
13.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13.2 სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო პრეტენზიის პასუხად განმარტა, რომ მხარეები თავად დათანხმდნენ 2008 წელს დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის ფაქტს და ხელმოწერითაც დაადასტურეს (ტ.1, ს.ფ. 24-29). ასეთი ნების გამოვლენის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ და არც გარიგების არსებით პირობებს შეცილებიან, შესაბამისად, ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულება სარჩელის წარდგენის დროისათვის ვადამოსული და შესასრულებელი იყო.
13.3 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით 2012 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებები ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ორმხრივად მავალდებულებელია, რითაც კრედიტის ამღებს ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელდა, შესაბამისად, ხელახალი შეთანხმებული გრაფიკებით წარმოშობილი ვალდებულებები, რომელიც ახალი ხელშეკრულების არსებითი პირობებია, უნდა შესრულებულიყო აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვის ხანდაზმულობის ვადაც ამავე ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული წესით აითვლება.
13.4 სააპელაციო სასამართლომ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე მიუთითა პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები აღარ არსებობდა.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
14.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
14.2 საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებ, სააპელაციო საჩივრის იდენტურია. კასატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე, სასარჩელო მოთხოვნას 2008 წლის ხელშეკრულებებზე აფუძნებდა, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლოს კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულობის თაობაზე მოპასუხეთა შესაგებლის პირობებში არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 მსესხებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
15.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით თავდების საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მსესხებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის მოხდა 2008 წელს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების (ე.წ. პირველი და მეორე ხელშეკრულებები) ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზაცია, ცვლილება შევიდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის შესახებ (№614369) და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებში (№632099), შედგა ახალი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 20 აგვისტოს, ხოლო უკანასკნელი 2015 წლის 18 ივლისს, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2012 წლის 5 სექტემბერს, ხოლო მეორე გადახდა 2015 წლის 5 აგვისტოს; ამდენად, მხარეთა შორის 2008 წელს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სესხის რესტრუქტურიზაციის შედეგად მოხდა ახალი შეთანხმების დადება ახალი გრაფიკით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებით, რაც დადასტურებულია მხარეთა მიერ სათანადო ნების გამოხატვით (იხ. სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები - „1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით ; 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთაც მიჩნეულია კანონის მიერ“).
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა ურთიერთობის მიზნებისათვის, სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა 2008 წელს დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, წინამდებარე დავის ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნა, 2012-2015 წლებში, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება არსებით პირობებზე. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს, რომ 2015 წელს წარდგენილ სარჩელზე ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული (იხ. სსკ-ის 129 -ე მუხლის მე-2 ნაწილი - „ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია“).
23. საკასაციო სასამართლო, არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ№ას-934-899-2016, 14.02.17) - იხ. სუსგ #ას-68-68-2018, 03.04.2018წ. ამდენად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხე ვერ მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მისი ასეთი შესაგებელი ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა ის დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში აითვლება იმ ვალდებულების შეუსრულებლობის მომენტიდან, რომელიც, თუმცა მხარეთა შეთანხმებით გამომდინარეობს 2008 წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებიდან, მაგრამ ითვალისწინებდა მხარეთა მიერვე ახალ შეთანხმებას (სესხის რეკონსტრუქციის თაობაზე ბანკის გადაწყვეტილება, რომელსაც კასატორი სათანადო წესით დაეთანხმა და არც გაუხდია სადავოდ მისი მატერიალურ-სამართლებრივი მხარე) 2012-15 წლებში პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. კასტორს დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 741,8 ლარის 30%-ის 222,54 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.მ–ს (პ/ნ ....) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 741,8 ლარის 30%-ის 222,54 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე