საქმე №ას-1801-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ც-ისა და მისი წარმომადგენლის _ მ. ა-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საქმეზე – ზ. ც-ის სარჩელის გამო, შპს „კ. ჰ.“ და ი. კ-იძის მიმართ, საავტორო უფლების დარღვევის აღკვეთის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ ქ.თბილისში, ბ. ქ#...-ში მდებარე შენობის გარეფასადის მოსარჩელის მიერ შექმნილი დიზაინის შესაბამისად აღდგენა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოცემული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩვარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრა მოსარჩელემ. საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2018 წლის 26 ნოემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ კასატორის წარმომადგენელი უარს აცხადებდა დავის გაგრძელებასა და საკასაციო საჩივრის განხილვაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ზ.ც-ს მ.ა-ისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბასად სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე) უარის თქმის უფლება არ მიუნიჭებია, საქმეში მხარის მიერ მითითებულ მობილურზე სასამართლო დაუკავშირდა კასატორს, რომელმაც დაადასტურა, რომ ეთანხმებოდა განცხადებას და აღარ სურდა საკასაციო საჩივრის განხილვა (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
საკასაციო სასამართლომ განიხილა კასატორის განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ც-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ც-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ზ. ც-ის საკასაციო საჩივარზე შპს „კ. ჰ.“ და ი. კ-იძის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე