საქმე №ას-1320-2018 19 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ნ-იანის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. ნ-იანის სარჩელის გამო, მ. ნ-იანის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-იანის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
2018 წლის 5 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ნ-იანმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ჩარიცხვის ქვითარი. რაც შეეხება დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, მხარეს ის არ წარმოუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გააგრძელოს საპროცესო ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ნ-იანს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 5 ნოემბრის #1... საგადახდო დავალებით გ. ნ-იანის მიერ გადახდილი 150 ლარი.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მოითხოვა სხდომის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის თითქმის მიღწეულია შეთანხმება საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს.
გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განცხადება და ჩანიშნოს სხდომა, მით უფრო რომ, სასამართლო მოხელესთან საუბრისას მოწინააღმედეგე მხარე მ. ნ-იანმა უარყო მხარეთა შორის მორიგებაზე საუბარი (იხ.შეტყობინების აქტი).
პალატა დამატებით მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტიზე, რომლის დისპოზიციიდან გამომდინარე, თუკი მხარეთა შორის სამომავლოდ მოხდება მორიგება, ისინი არ დაკარგავენ უფლებას ამ მორიგების პირობების შესაბამისად დავის დასრულებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-იანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ნ. ნ-იანის შუამდგომლობა სხდომის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. კასატორ ნვარდ ნერსესიანს (პ/#0...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ნ-იანის მიერ 2018 წლის 5 ნოემბრის #1... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე