საქმე #ა-5018-შ-124-2018 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს. ს-ანის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ტ. ს-კის მიმართ, შვედეთის სოდერთორნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
შვედეთის სოდერთორნის რაიონულის სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენით მეუღლეთა საერთო განცხადების საფუძველზე ს. ს-იანსა და ტ. ს-კს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს. ს-იანმა და მოითხოვა ზემოხსენებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:
ა) ს. ს-იანი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) განაჩენი მიღებულია მხარეთა ერთობლივი განაცხადების საფუძველზე;
გ) მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოში.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს ... მოპასუხის ... ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.
წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ტ. ს-კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, თუმცა, საქმის მასალებით არ ირკვევა მისი საკონტაქტო რეკვიზიტები, გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, შესულია თუ არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, მაშინ, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის სავალდებულოა, რომ იგი შესული იყოს კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ს. ს-იანს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ს-იანის უარი ეთქვას შვედეთის სოდერთორნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის განაჩენის (გადაწყვეტილების) საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს ს. ს-იანს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე