№ა-5070-შ-131-2017 30 ოქტომბერი, 2018 წელი, ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – 1. მ.ა.
2. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ბ.“
განხილვის საგანი – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილებში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:
1.1. მ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. შპს „კ.ბ–ის“ მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა:
1.2.1. სესხის სახით 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ანაზღაურება;
1.2.2. დაკისრებულ ზემოაღნიშნულ თანხაზე - 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ოდენობით პროცენტის გადახდა, სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, დაწყებული 2015 წლის 2 აპრილიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
1.3. შპს „კ.ბ–ის“ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 38 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამა, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის თანხა 2%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2.2. პუნქტში დარიცხული თანხიდან, გადაწყვეტილების გამოტანის დღის - 2016 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, ასევე, 2016 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებას შორის დროის მონაკვეთში.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მ.ა–მა და სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლომ. მ.ა–მა მოითხოვა თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობები წარმოებაში იქნა მიღებული.
4. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ა–მა და მიუთითა, რომ უარს ამბობს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე და სურს საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ა–ის შუამდგომლობაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთასორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
7. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
8. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
9. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება შუამდგომლობაზე უარის თქმის უფლებაზეც.
10. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შუამდგომლობის ავტორმა მ.ა–მა წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა შეუამდგომლობაზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
11. რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს შუამდგომლობას, აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქმეზე დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:
12.1. მ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
12.2. შპს „კ.ბ–ის“ მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა:
12.2.1. სესხის სახით 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ანაზღაურება;
12.2.3. დაკისრებულ ზემოაღნიშნულ თანხაზე - 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ოდენობით პროცენტის გადახდა, სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, დაწყებული 2015 წლის 2 აპრილიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
12.3. მოპასუხეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 38 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის თანხის 2%-ის გადახდა, წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1.2. პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანის დღის - 2016 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, აგრეთვე, 2016 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებას შორის დროის მონაკვეთში.
13. შუამდგომლობებზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, მოპასუხე მხარე, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
15. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
16. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ა–ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ა–ის შუამდგომლობაზე სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე იმ ნაწილში, რომლითაც:
1.1. შპს „კ.ბ–ის“ მ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა:
1.2. სესხის სახით 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ანაზღაურება;
1.3. დაკისრებულ ზემოაღნიშნულ თანხაზე - 1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის ოდენობით პროცენტის გადახდა, სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, დაწყებული 2015 წლის 2 აპრილიდან ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
3. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს „კ.ბ–ის“ სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 38 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამა, აგრეთვე, სახელმწიფო ბაჟის თანხა 2%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 2.2.1. პუნქტში დარიცხული თანხიდან (1 935 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი სომხური დრამის), გადაწყვეტილების გამოტანის დღის - 2016 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, ასევე, 2016 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებას შორის დროის მონაკვეთში.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე