Facebook Twitter

№ას-148-140-2017 18 იანვარი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

პირველი კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს „მ.ი.“

მეორე კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – შპს „მ.ი.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება

პირველი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

მეორე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით მითითებული ხარჯის სრულად ანაზღაურება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 30 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) შპს „მ.ი–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ #434 ხელშეკრულების საფუძველზე (შემდეგში - ხელშეკრულება), შესრულებული სამუშაოების ღირებულების, 263 972,84 ევროს ეკვივალენტი ლარისა და ამავე ხელშეკრულების 8.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 95 030, 22 ევროს ეკვივალენტი ლარის, დაკისრების მოთხოვნით.

2. 2015 წლის 14 დეკემბერს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც შეგებებული მოპასუხისათვის 105 241.22 ლარის დაკისრება მოითხოვა. შეგებებულმა მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის 6 აპრილს, იგი ჩაენაცვლა შპს "C.D.L.I., S.I." მოსარჩელესთან, 2010 წლის 19 ნოემბერს დადებულ "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" №434 ხელშეკრულებაში ჩანაცვლების შემდეგ, მან შეასრულა 263 972.84 ევროდ ღირებული სამუშაოები, რის შემდეგაც წარმოეშვა დამატებითი გადასახადის სახით, ამ თანხის 18 %-ის მოთხოვნის უფლება, რომლის გადახდის ვალდებულებაც, ხელშეკრულების მიხედვით ეკუთვნოდა შეგებებულ მოპასუხეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ არ გააფორმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, შემსყიდველმა არ გადაიხადა დღგ, რამაც შეადგინა 105 241.22 ლარი.

2.1. მოპასუხემ იმავდროულად მიუთითა, რომ დავის განხილვა არბიტრაჟის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა და საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმე განხილულ იქნა არსებითად.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 117 628 ევროს ეკვივალენტი ლარის, ხოლო შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ, 28 080 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 223 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

შეგებებულმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილებს გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის უარყოფა ითხოვა.

5.1. შეგებებულმა მოსარჩელემ/აპელანტმა იშუამდგომლა საქმისწარმოების შეწყვეტა თაობაზე, მისი მითითებით, 2010 წლის 19 ნოემბერს, მოსარჩელესა და კომპანია შპს "C.D.L.I., S.I." შორის არსებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-16 მუხლის დებულებით, ხელშეკრულების დამდები მხარეები შეთანხმდნენ მასზე, რომ ყველა ღონეს მიმართავდნენ, რათა პირდაპირი, არაოფიციალური მოლაპარაკებებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი, მათ შორის ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. თუ ასეთი მოლაპარაკებების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“სადავო საკითხებზე ვერ შეთანხმდებოდნენ, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს არბიტრაჟს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესების შესაბამისად. არბიტრაჟის ადგილია თბილისი, საქართველო, არბიტრაჟის ენა იქნება ინგლისური და ექვემდებარება ICC ინსტრუქციებს.

6. 2010 წლის 19 ნოემბრის N434 ხელშეკრულების მხარე, შპს "G.D.L.I., S.I." მხარეთა შეთანხმებით, 2012 წლის 6 აპრილს ჩაანაცვლა შეგებებულმა მოსარჩელემ (იხ. შეთანხმება ტ.1. ს.ფ. 47-48) .

7. მოსარჩელე/მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და განმარტა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) არსებობს პარიზში. ინტერნეტით ინგლისურ ენაზე მითითებული წესების აღქმა და გაგება მათთვის შეუძლებელია, ამიტომ შინაარსიც უცნობია. ხელშეკრულებაში დათქმა, რომ დავა გადაწყდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესებით, წარმოადგენს თუ არა შეთანხმებას არბიტრაჟზე, ვერ დასტურდება, რადგან ამ წესების შინაარსი მისთვის უცნობია.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შეგებებული მოსარჩელის შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა;

1.1.გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და 2010 წლის 19 ნოემბრის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ #434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება.

1.2. მხარეებს განემარტათ, რომ დავის გადასაწყვეტად შეუძლიათ, მიმართონ არბიტრაჟს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესების შესაბამისად.

1.3. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ….., დაზუსტებული ფართობით 34 315.00 კვ.მ (ს.კ .....), მოიხსნა მოპასუხის მიმართ დადგენილი აკრძალვა.

1.4. მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7000 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის -1000 ლარის გადახდა.

8.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს, უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პალატამ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტის თაობაზე, განასაზღვრულია არბიტრაჟის ადგილმდებარეობა, საარბიტრაჟო წარმოების ენა და არბიტრების დანიშვნის წესი, მოცემული დავა საქართველოს საერთო სასამართლოებს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა, იგი არბიტრაჟის გადასაწყვეტია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველია.

9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. პირველი კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნამდვილად იქნა მიჩნეული დათქმა - ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს არბიტრაჟს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესების შესაბამისად. არბიტრაჟის ადგილია თბილისი, საქართველო, არბიტრაჟის ენა იქნება ინგლისური და დაექვემდებარება ICC ინსტრუქციებს. პალატის მიერ სადავო განჩინება მიღებულ იქნა შუამდგომლობის ავტორის/შეგებებული მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესებიდან სტანდარტული საარბიტრაჟო დათქმის ქართულ თარგმანზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან, საბოლოოდ გადაწყდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, ამავე წესებით დანიშნული ერთი ან მეტი არბიტრის მიერ. წარმოდგენილი მტკიცებულების სარწმუნოობის დადგენა შეუძლებელია, არ გააჩნია, რაიმე სახის რეკვიზიტი, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული სამართლის წყაროს, სამართლებრივი ნორმის იდენტიფიცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი თარგმანი, მართალია, მტკიცებულებაა, თუმცა მისი შეფასებისას, მით უფრო მაშინ, როდესაც მტკიცებულება უკავშირდება სამართლის წყაროს, ანუ წარმოდგენილია სამართლებრივი ნორმიდან ამონარიდი, სასამართლოს მიერ უპირობოდ დაყრდნობა და გაზიარება არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის არცერთ სტანდარტს. სააპელაციო პალატის განჩინებით განმარტებულია, რომ დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა, თუმცა კონკრეტულად სად მდებარეობს არბიტრაჟი, ან რომელმა არბიტრაჟმა უნდა განიხილოს დავა განჩინებაში ამაზე არაფერია მითითებული. ამასთან, ხელშეკრულებაში წერია, რომ ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს, ანუ აღნიშნული პუნქტი იმპერატიულად არ მიუთითებს, რომ მხარეები ვალდებული არიან მიმართონ არბიტრაჟს, სიტყვა „შეუძლია“ ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და აძლევს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზას, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც მხარეს შეეძლება, მიმართოს არბიტრაჟს, სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, იგი ვერ გახდება სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, მხარეთა შეთანხმებით ცალსახად არ არის განსაზღვრული, რომ დავა ნებისმიერ შემთხვევაში არბიტრაჟის განსახილველია. პირველი კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მითითებული ჩანაწერი არ ნიშნავს შეთანხმებას არბიტრაჟზე და მათი მიზანი არ ყოფილა, რომ დავა არბიტრაჟს განეხილა.

10. მეორე კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ მოთხოვნას წარმოადგენდა იურიდიული ხარჯების, 8 816.44 ლარის, ანაზღაურება, მითითებული თანხა, დავის საგნის ღირებულების, დაახლოებით 0.8 პროცენტია, რაც ოთხზე მეტჯერ ნაკლებია, სსსკ-ის 53.1 მუხლით განსაზღვრულ მაქსიმალურ 4%-ზე და დაკისრებული თანხის 1%-საც კი არ შეადგენს. მათ იმთავითვე, შესაგებელში მიუთითეს დავის არბიტრაჟის განსჯადობის თაობაზე, მოსარჩელე არ დაეთანხმა შუამდგომლობას, მაშინ როცა განსჯადობა შეთანხმებული იყო სადავო ხელშეკრულებით. შესაბამისად, მოპასუხე იძულებული გახდა, ეწარმოებინა არსებითი დავა და წარედგინა შეგებებული სარჩელიც კი თავისი უფლებების დასაცავად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეამცირა მათ მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ფაქტობრივი ხარჯი 1000 ლარამდე. მისი მითითებით, ხელშეკრულებაში სიტყვა „შეუძლია“ ნიშნავს, რომ, თუ ერთი მხარე მიმართავს სასამართლოს, ხოლო მეორე მხარე ცხადად აცხადებს, რომ სურს, დავა განიხილოს არბიტრაჟმა, ამ შემთხვევაში საქმისწარმოება უნდა შეწყდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის სურვილია, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა, ვინაიდან საერთაშორისო სავაჭრო პალატა ყოველთვის ნიშნავს განსწავლულ, კვალიფიციურ არბიტრს და საქმე იხილება მცირე ვადებში.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივრები სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის კერძოს საჩივარს უნდა დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივაციით:

12. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეწყვიტა წარმოება იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაცემოდა.

13. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება, წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით, ხოლო, მე-6 ნაწილის მიხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმება მიიჩნევა წერილობითი ფორმით დადებულად იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

14. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად კი, სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15. კანონის დასახელებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმება უნდა შეიცავდეს მხარეთა ნებას კონკრეტული სამოქალაქო დავის, არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ. ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება, ესაა კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება, გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავა განხილულ იქნეს არბიტრაჟის მიერ, უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის.

16. მოცემულ შემთხვევაში, 2010 წლის 19 ნოემბერის ხელშეკრულებით, სადავო საკითხების გადაწყვეტის თაობაზე, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე, რომლის მიხედვით, მხარეებს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლიათ, მიმართონ არბიტრაჟს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესების შესაბამისად. არბიტრაჟის ადგილია თბილისი, საქართველო, არბიტრაჟის ენა იქნება ინგლისური და ექვემდებარება ICC ინსტრუქციებს (იხ. ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ. 30). საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის დამოუკიდებელი საარბიტრაჟო დაწესებულება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესები, რომლის მიხედვით პალატის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას მეწარმე სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერით. ამ მიზნით პალატის ფუნქციაა, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ქონებრივი დავის მოგვარების ხელშეწყობა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნით.

17. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებულ მხარეთა შეთანხმებას, დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე, აქვს იურიდიული ძალა, რომელიც ავალდებულებს შეთანხმების მხარეებს, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, განიხილოს სარჩელი იმ დავაზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ხოლო, თუ რომელიმე მხარე მაინც მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მაშინ სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს წარმოება. სასამართლოს ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლიდან (თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს) ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-9 მუხლიდან (სასამართლო, რომელშიც შეტანილია სარჩელი იმ დავის არსებით საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია, ვალდებულია მხარის განცხადების საფუძველზე, რომელიც შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს, შეწყვიტოს წარმოება და მიუთითოს მხარეებს არბიტრაჟზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟოს შეანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია).

18. პირველი კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას - სიტყვა „შეუძლია“ ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და აძლევს დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: შეთანხმება, რომ დავის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, უპირველეს ყოვლისა, მაქსიმალურად შეეცადონ მოლაპარაკების (შეთანხმების) გზით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ 30 დღის განმავლობაში, ხოლო ამ მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ნებისმიერ მხარეს ენიჭება უფლება, დავა განსახილველად გადასცეს არბიტრაჟს, ნიშნავს, რომ ეს საარბიტრაჟო დათქმა წარმოშობს უფლებას, რომელიც ნებას აძლევს ნებისმიერ მხარეს, აღძრას საარბიტრაჟო წარმოება მაგრამ, თუ რომელიმე მხარე გამოიყენებს ამ უფლებას, მაშინ ორივე მხარე ვალდებულია, მხარი დაუჭიროს დავის გადაცემას და დაემორჩილოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულების პირობა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას ქმნის, ჩვეულებრივ, მიზანშეწონილია, რომ მიღებული იქნეს ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სიტყვა „შეუძლია“ უნდა განიმარტოს ისე, რომ ასეთი არჩევანის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან, მიმართონ არბიტრაჟს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წესების შესაბამისად. არბიტრაჟის ადგილია თბილისი, საქართველო, არბიტრაჟის ენა იქნება ინგლისური და ექვემდებარება ICC ინსტრუქციებს.

19. სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს საქმისწარმოება იმ დავაზე შეტანილ სარჩელზე, რომელიც საარბიტრაჟო შეთანხმების საგანია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ დავაზე სწორად შეწყვიტა საქმისწარმოება.

20. მეორე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია შეგებებული მოსარჩელის ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია ძირითადად იმ გარემოებას დაეფუძნა, რომ, ვინაიდან, სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული გონივრული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, აღნიშნავს, რომ „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება “პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ” - იხ. სუსგ # ას-792-1114-07, 11.01.2008). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული სამოქალაქო უფლების დარღვევის აღსაკვეთად (იხ. „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ხარჯების ოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება რამდენიმე ინსტანციაში დავის მიმდინარეობის დროს და მისი ანაზღაურების ვალდებულება კი ეკისრება იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ამ ხარჯების არსებობა“ (იხ. სუსგ # 1771-1751-201, 09.02.2012წ.);

23. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ/შეგებებულმა მოსარჩელემ წარადგინა შუამდგომლობა თანდართული საადვოკატო მომსახურებისათვის 8 816.44 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 272-276). პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე განხილულ იქნა არსებითად, გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 117 628 ევროს ეკვივალენტი ლარის, შეგებებულ მოპასუხეს, შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ, 28 080 ევროს ეკვივალენტი ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 223 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმისწამოება, სააპელაციო პალატამ ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებელი ოდენობა გონივრულ ფარგლებში გაწეულ ხარჯებზე დააფუძნა და 1000 ლარით განსაზღვრა, რაც აისახა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტში.

24. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1-ე მუხლის მეორე წინადადებაზე მიუთითებს, რომლითაც დადგენილია: „იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით“. მოცემულ შემთხვევაში, არ არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება, შეგებებულ მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ, ადვოკატის მომსახურებისათვის გონივრული ხარჯის - 1000 ლარის გადახდა“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილულ იქნა არსებითად, მომზადდა შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენელმა აღძრა შეგებებული საჩელი, გასაჩივრდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინება, ამასთან, შეგებებული მოსარჩელის წარმომადგენლებმა, გარდა სააპელაციო საჩივრის მომზადებისა, მონაწილეობა მიღეს კლიენტის საუკეთესო ინტერესების წარმოსადგენად და დასაცავად პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს სხდომებში. საქმეში წარმოდგენილია იურიდიული ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (საგადახდო დავალებები), რომლებიც რეალური ხარჯია, რაც შეგებებულმა მოსარჩელემ გაიღო იურიდიული მომსახურებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გაწეული ხარჯი შეესაბამება იურიდიული მომსახურების მოცულობას და ამასთან, შეესატყვისება დავის საგნის ღირებულების გონივრულ ოდენობას - 4%. პალატა ითვალისწინებს, რომ განჩინების იმ ნაწილით, რომელიც არ გასაჩივრებულა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა, ამიტომ დამატებით უნდა გადაიხადოს (8816.44-1000) 7 816.44 ლარი.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება დავის არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტის თაობაზე, სააპელაციო პალატის განჩინება საქმის წარმოების

შეწყვეტის შესახებ კანონიერია, ამასთან, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „მ.ი–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 7 816.44 ლარის გადახდა შპს „მ.ი–ის“ სასარგებლოდ;

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი