№ას-279-279-2018 30 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ხ.ყ.(გ–ძე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.ყ–ამ (გ–ძემ), (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქალაქ ...... მდებარე უძრავი ქონების (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #....), (შემდეგში უძრავი ქონება) გამოთხოვის მოთხოვნით.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, რასაც საფუძვლად გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევა დაედო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 369-ე, 2591 და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტი, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2017 წლის 13 ოქტომბრიდან და 2017 წლის 27 ნოემბერს ამოიწურა. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა 2017 წლის 13 ნოემბერს უარი განაცხადა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეგზავნა ორჯერ და არ ჩაჰბარდა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2017 წლის 30 ნოემბერს დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოში განუმარტეს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით უნდა მიემართა 20-30 დღემდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათვლა დაიწყებოდა ოცდამეათე დღეს. მისმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 28-ე დღეს - 2017 წლის 10 ნოემბერს, მაგრამ მისთვის არ უცნობებიათ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად იყო თუ არა. თურმე, სასამართლო მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებას კურიერის მეშვეობით ცდილობდა, რაზეც შედგენილია აქტები, რომ სახლში არავინ დახვდა და მისთვის შეტყობინებაც არ დაუტოვებიათ. არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება მისი წარმომადგენლისთვისაც. რაც შეეხება სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს, 17:35 სთ-ზე შედგენილ აქტს, თითქოსდა, მისმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე განაცხადა უარი, არ შეესაბამება სიმართლეს, აქტის შედგენას არ დასწრებია სასამართლოს არც ერთი შესაბამისი მოხელე და სასამართლო კანცელარიაშიც არ დარეგისტრირებულა. თუ ეს აქტი კანონიერადაა შედგენილი, მაშინ რატომ დაევალა კურიერს დამატებით მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება 22 ნოემბერს. მისი მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2017 წლის 24 ნოემბერს და არა 13 ნოემბერს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის მსჯელობას სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია: „ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით“. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაუბარებლობის მართლზომიერება სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები პირია და გადაწყვეტილების ასლის მისთვის ჩაბარება სასამართლოს მოვალეობაა და მასზე არ ვრცელდება სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი. მითითებული ნორმის მეორე ნაწილისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქ/პუნქტის მიხედვით, სასამართლოს მოპასუხისთვის უნდა გაეგზავნა და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, ამიტომ უნდა გაირკვეს, თუ როდის ჩაჰბარდა გადაწყვეტილება აპელანტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ მოპასუხეს მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი, მაგრამ ვერ ჩააბარა, ვინაიდან, მხარე მისამართზე არ იმყოფებდა. ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის 72.1 და 73.1 მუხლების მიხედვით, გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მისთვის გზავნილის მეორედ ჩაბარებაც უშედეგო აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მეორედ გაგზავნილი გზავნილი კურიერმა მოპასუხის მისამართზე 2017 წლის 22 ნოემბერს მიიტანა, შესაბამისად, სწორედ ეს თარიღი უნდა მივიჩნიოთ მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღად. ამ მომენტიდან კი, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა გასული არაა, ვინაიდან საჩივარი შეტანილია 2007 წლის 30 ნოემბერს, ანუ გასაჩივრების 14-დღიან ვადაში.
9. რაც შეეხება სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 13 ნოემბრის აქტს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს აქტი ვერ ჩაითვლება მოპასუხისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დოკუმენტად, ვინაიდან, უდავოა, რომ თავად გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ მიიჩნია ეს აქტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარების საკმარის მტკიცებულებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ასლს უშუალოდ მხარეს ამ აქტის შედგენის შემდეგ მეორედ აღარ გაუგზავნიდა მის მიერ მითითებულ მისამართზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილების ჩაბარებაზე უარი ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეს აღარ სურს გადაწყვეტილების გასაჩივრება ან შეგნებულად აჭიანურებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. მოცემულ შემთხვევაში, ეს ვარაუდი არ არსებობს, ვინაიდან, დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ განეკუთნებოდა იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი თავად სასამართლომ უნდა გაუგზავნოს, მაინც გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 28-ე დღეს - 2017 წლის 10 ნოემბერს და დაწერა განცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, 2017 წლის 24 ნოემბერს კი, სასამართლოში ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი (იხ. ხელწერლი ს.ფ 115), შესაბამისად, აუხსნელია, თუ რატომ უნდა განეცხადებინა მას უარი ჩაბარებაზე, მაშინ, როდესაც თავად გამოცხადდა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.
10. საკასაციო სასამართლო აფასებს კონკრეტული პირის ფაქტობრივი სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რადგან საკითხი უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელ ნაწილს - მხარის მიერ კანონით დადგენილი გასაჩივრების უფლების გამოყენებას. ასეთ ვითარებაში, საპროცესო ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ შეიზღუდოს პირის გასაჩივრების უფლება, დაუშვებელია, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმებ შეზღუდვებს, თუმცა ამით არ უნდა შეიბოჭოს მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და დაცულია პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ქმედითად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება, დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ, როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრული კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ქმედითად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
12. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი