№ას-917-2018 27 სექტემბერი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ო.ფ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ლ.ძ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ო.ფ–სმა“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) 2017 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ძ–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება - ტ. 2, ს.ფ. 2-4).
5. 2017 წლის 7 მარტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლში შევიდა ცვლილება და ნორმის ახალი რედაქცია შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს“.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ზემოაღნიშნულ ცვლილებაზე დაყრდნობით, 2018 წლის 10 მაისს მიიღო განჩინება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გასაჩივრებული განჩინება), რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:
7.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2017 წლის ნოემბერში და სასამართლოს მიერ მიღებული იქნა წარმოებაში, ხოლო ამ საკითხზე განმეორებით მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მითიმეტეს იმ მოტვით, რომ მოგვიანებით განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სასამართლოს მიერ წარმოებაში (განსახილველად) მიღებული სააპელაციო საჩივრის მოგვიანებით დაუშვებლად ცნობის კანონიერების საკითხი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად: “სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.” იმავე პრინციპს განამტკიცებს სსსკ-ის გარდამავალი დებულებების 435-ე მუხლიც.
10. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 1124,42 ლარის დაკისრებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად და ჩაატარა საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს (საქმის განასახილველად მიღებისას), ანუ 2018 წლის 27 ნოემბერს, სავსებით სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი წესით; ამასთან, მისი შემდგომი მოქმედება, კანონში მოგვიანებით შესული ცვლილების საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვება, უკანონოა. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ დავაზე, რომელიც წარმოებაში მიღების ეტაპზე დასაშვები იყო, არ შეიძლება, განუხილველად იქნეს დატოვებული იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, კანონში შესული ცვლილებების გამო, ამ ღირებულების ქონებრივი დავა დაუშვებელი გახდა. სსსკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში. ამ მუხლით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედებისა თუ გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
11. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო მოქმედების სისწორის გარკვევის მიზნით, იხელმძღვანელოს იმ ნორმით, რომელიც ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების განხორციელებისას მოქმედებდა.
12. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ, ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 365-ე მუხლში 2018 წლის 7 მარტს შესულ ცვლილებაზე, რომლითაც ქონებრივსამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა განისაზღვრა იმ შემთხვევებისთვის, როცა დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მითითებული ნორმით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა კრიტერიუმი და განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული ცვლილების შეტანამდე სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განსახილველად მიეღო სააპელაციო საჩივარი ქონებრივ სამართლებრივ დავაში, რადგანაც დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1 000 ლარს. სააპელაციო საჩივარი, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველად იქნა მიღებული 2017 წლის 27 ნოემბერს, ანუ იმ პერიოდში, როცა კანონის ახალი ნორმა ჯერ ამოქმედებული არ იყო. მას შემდეგ, რაც ცვლილება შევიდა აღნიშნულ ნორმაში, საქმის განხილვის ეტაპზე სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატებოდა. ამ მოქმედებით სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად განმეორებით შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა, რაც დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ის საპროცესო მოქმედება, რომელიც შესრულდა ძველი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩაითვლება მართლზომიერად (შესრულებულად) და ამ მოქმედების განმეორებით შესრულება ახალი კანონით დადგენილი წესით დაუშვებელია. ხოლო ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ამ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველად იქნა მიღებული 2017 წლის 27 ნოემბერს, ანუ იმ პერიოდში, როცა კანონის ახალი ნორმა ჯერ ამოქმედებული არ იყო, შესაბამისად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი განმეორებით შეემოწმებინა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება) და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის მომზადების ეტაპზე დაშვებული შესაძლო ხარვეზის გამოსწორების საპროცესო წესს და ადგენს, რომ იმის მიხედვით, თუ რა საპროცესო წინაპირობა არ არის სახეზე, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს ან შეწყვეტს წარმოებას. განსახილველ შემთხვევაში, არც ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული შემთხვევა არ ვლინდება, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი თავის დროზე სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 365-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იქნა მიღებული წარმოებაში.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი.
15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალნათელი მაგალითია.
16. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებას, როგორც კანონსაწინააღმდეგოს, საკასაციო სასამართლო აუქმებს და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ო.ფ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ე.გასიტაშვილი